ცნობისმოყვარეობა გადამწყვეტია პროფესიულ წარმატებაში. ცნობისმოყვარე გონება ამჩნევს და ჭრის პრობლემებს, ასევე, არ ეშინია რაიმე ახლის ცდას. ის ახალ ინსაითებს ეძებს, თვალსაწიერის გასაფართოებლად. ცნობისმოყვარე ადამიანი არასოდეს ნებდება აპათიას და მუდმივად ისწრაფვის ზრდის, ინოვაციისა და გაუმჯობესებისკენ. ვინც ცდილობს წარმატებული კარიერის შექმნას, მან უნდა გაითავისოს, რამდენად მნიშვნელოვანია ცნობისმოყვარეობა.
ამასთან, ცნობისმოყვარეობა არ არის უბრალოდ საჭირო თვისება პროფესიული წინსვლისთვის – ის საკვანძოა სამსახურში მიზნის მისაღწევად და ღირებულების შესაქმნელად. ყველას გვსურს ვიგრძნოთ, რომ ჩვენი ნამუშევარი შინაარსიანია და გვაქვს კიდეც ხოლმე ამის შესაძლებლობა. თუმცა ყოველდღიურად უფრო მეტ სიღრმეში ჩასასვლელად საჭიროა დაკვირვება – საკუთარი თავის, ჩვენი საქმიანობისა და ადამიანების მიმართ, ვისთანაც ვმუშაობთ.
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უკეთ მიაღწიოს პროფესიულ მიზნებს: შეასრულოს სამუშაო, აქციოს პროფესია მძლავრ უნარად, დააკავშიროს სამუშაო სერვისთან და ინვესტიცია ჩადოს დადებით ურთიერთკავშირში. ამ მარტივ პრაქტიკაში ჩართვა ნებისმიერ საქმეს უფრო მნიშვნელოვანს ხდის. ამავდროულად, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაითავისოს ცნობისმოყვარეობა, რათა სრულყოფილად გამოიყენოს ეს პრაქტიკა.
შექმენით თქვენი სამუშაო
იმისათვის, რომ სამსახურს მეტი მნიშვნელობა მისცეთ, ერთ-ერთი შესანიშნავი გზაა მცირე ცვლილებების შეტანა თქვენს სამუშაო ყოველდღიურობაში. იდეა იმას გულისხმობს, რომ თქვენს საქმიანობაში მცირე ცვლილებებით, თქვენ შეგიძლიათ მოარგოთ იგი თქვენს უნიკალურ მისწრაფებებს, ხასიათსა და ინტერესებს ისე, რომ მაქსიმალურად გაზარდოთ მისი მნიშვნელობა თქვენთვისაც და სხვებისთვისაც.
ცნობისმოყვარეობა სამუშაო ღირებულების შექმნის აუცილებელი წინაპირობაა. ის იწყება თვითშეფასებით. დაუსვით საკუთარ თავს კითხვები: რა საქმეში ვარ ნამდვილად კარგი? რისი კეთება მიყვარს? რა მახარებს სამსახურში? ასეთმა თვითგააზრებამ შეიძლება შექმნას მყარი საფუძველი.
შემდეგ დაფიქრდით ამ საკითხებზე:
* ჩემი სამუშაოს რომელი დეტალი შემიძლია შევცვალო, რათა ჩემთვისაც და სხვებისთვისაც უფრო მნიშვნელოვანი გახდეს?
* შეიძლება თუ არა სხვანაირად ვაკეთო ის, რასაც ამჟამად ვსაქმიანობ?
* რამდენად კარგად ვახერხებთ პრობლემების გადაჭრას მომხმარებლებისთვის, ვისთვისაც ვმუშაობთ?
აამუშავეთ თქვენი გეგმა
სამუშაოს უფრო ღირებულ საქმედ გადაქცევის მეორე გზა არის ის, რომ ის კრაფტად აქციოთ. ისტორიის მანძილზე, ადამიანები ხშირად ითავსებდნენ საქმეს, თაობათა ცვლის მიუხედავად. იყო ისეთი პროფესიები, როგორიცაა მიწათმოქმედება, ხუროობა და სხვა მეურნეობა და ეს საქმეები ოჯახენში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. საკმაოდ ხშირად ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ემსახურებოდა ერთ ხელობას. სრულყოფისა და მუდმივი გაუმჯობესების ძიებამ შექმნა ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი მიღწევები – სიქსტის კაპელის ფრესკებით დაწყებული, მედიცინის მიღწევებითა და Mac-ის ელეგანტური სიმარტივით გაგრძელებული.
ღირებულების შექმნაში ასეთი ჩართულობა ბადებს მიზანს. ესაა შინაგანი მოტივაცია, რომ სრულვყოთ ჩვენი უნარები, საქმე და უკეთ ვემსახუროთ ადამიანებს.
შეეკითხეთ საკუთარ თავს:
* რომელია თქვენი სამუშაოს ის ნაწილი, რომელიც დახვეწას საჭიროებს?
* რა უნარები გჭირდებათ ამ სამუშაოს კარგად შესასრულებლად?
* რომელია ერთი ან ორი სფერო, რომელზეც ახლა შეგიძლიათ ფოკუსირდეთ კრაფტის შესაქმნელად და როგორ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ის დღითიდღე, სანამ ამ საქმეებს სხვებზე უკეთ და თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმის ფარგლებში არ გააკეთებთ?
დასაწყისისთვის, შეარჩიეთ თქვენი სამუშაოს ერთი სფერო, რომლის დახვეწაც გსურთ. გააკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ, რაც მნიშვნელოვანია თქვენი სამუშაოსთვის. შემდეგ დასახეთ რამდენიმე გზა, რომლითაც შეგიძლიათ გააუმჯობესოთ და დაიწყეთ მუშაობა მათ დასახვეწად. აწარმოეთ დღიური, შეინახეთ ძველი ნამუშევრები თანმიმდევრულად, რათა დროთა განმავლობაში დაინახოთ პროგრესი.
დააკავშირეთ თქვენი საქმე სერვისთან
ცხოვრებაში ძალიან ცოტა რამ გვეხმარება მიზნის მიღწევაში ისე, როგორც სხვების მსახურება. მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა, რომ სხვების მომსახურება უშუალო გავლენას ახდენს ბედნიერებასა და კმაყოფილებაზე. ეს სულაც არ ნიშნავს მოხალისეობრივ საქმეს. ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი, რომელსაც თქვენთვის მოაქვს შემოსავალი.
იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვისაც ვემსახურებით და ამ მომსახურეობის გზები, ჩაღრმავებას საჭიროებს. ვფიქრობთ, დაგაფიქრებთ ეს კითხვები:
* ვინ არიან ჩემი კლიენტები?
* რა სჭირდებათ მათ?
* რა არის მათი ძირითადი დაბრკოლებები, რომელთა გადალახვაშიც მე ვეხმარები ჩემი საქმიანობით და როგორ გავაკეთო ეს უკეთ?
* რომელ კოლეგებს სჭირდებათ ჩემი დახმარება ყველაზე მეტად?
* როგორ შემიძლია ეფექტურად გავცე, სანაცვლოს მიღების მოლოდინის გარეშე?
* რომელ ორ-სამ ადამიანს შემიძლია ვემსახურო დღეს საუკეთესოდ?
წყარო: HBR












