ავეჯის მწარმოებელი შვედური კომპანია Ikea ვეგეტარიანული კვების პროდუქტების ბაზარზე შედის. ბრენდის წარმომადგენლების თქმით, მალე, მომხმარებელს წარუდგენენ პროდუქტს, რომელსაც „ხორცის გემო და ვიზუალი აქვს, მაგრამ ალტერნატიული მცენარეული პროტეინებისგანაა დამზადებული. CNN-ის ინფორმაციით, მისი დისტრიბუცია და გაყიდვა, მსოფლიოს მასშტაბით, ბევრ რესტორანში იგეგმება.
Ikea-ს წარმომადგენლების თქმით, პოტენციურ პარტნიორებს ამ დრომდე განიხილავენ და ჯერ ზუსტად არ გადაუწყვეტიათ, ვისთან ითანამშრომლებენ. თუმცა, დრო არც ისე ბევრია – ავეჯის მწარმოებელი კომპანია, ახალი პროდუქტის ბაზარზე წარდგენას, 2020 წლის თებერვალში გეგმავს.
CNN-ის ინფორმაციით, Ikea-ს უხორცო, მცენარეულ პროტეინებზე დამზადებული ბურთულები [გუფთა], დაახლოებით, ჩვეულებრივი ხორცის ბურთულების ფასი ეღირება.
შვედური ავეჯის მწარმოებელი კომპანია, პირველი ნამდვილად არ არის, ვინც უხორცო ხორცპროდუქტების წარმოებას იწყებს – გასულ კვირას, სიახლე მომხმარებლებს, Burger King-მაც შეატყობინა. ბრენდების თქმით, ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვნად იმატა ჯანსაღ და ვეგეტარიანულ საკვებზე მოთხოვნამ და ახალი პროდუქტების გამოშვება, სწორედ ამით ახსნეს.