in

როგორ აუმჯობესებს მებაღეობა მენტალურ ჯანმრთელობას?

M2
M2

დღეს მებაღეობაზე გესაუბრებით, ოღონდ ბუნებრივი თერაპიის ჭრილში განვიხილავთ. გონებაზე, სხეულსა და სულზე ჯადოსნური ეფექტი რომ აქვს, სწორედ ამაზე მოგიყვებით და გაგიზიარებთ 10 გზას, რომლითაც მებაღეობა ჩვენს კეთილდღეობაზე დადებითად აისახება:

რეგულარული ვარჯიში

მებაღეობას თან დიდი სიამოვნება ახლავს, რომელიც ბაღში აყვავებულ ხეებსა და ყვავილებში დაჯდომას, ჩიტების მოსმენასა და განტვირთვას უკავშირდება, მაგრამ სანამ აქამდე მიხვალთ, ნამდვილი ვარჯიში მოგიწევთ. იქნება ეს მიწის ტომრების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, დაბარვა, მორწყვა, დათესვა თუ სხვა. ბაღის საჭიროებების დაკმაყოფილებით ფიზიკურად უფრო გაძლიერდებით, ეს კალორიების დაწვაშიც გეხმარებათ და ვარჯიშის ჯანსაღ გზასაც გთავაზობთ. 

ჯანსაღი კვების რაციონი

ყვავილების გარდა, მებაღეები ხილს, ბოსტნეულსა და მწვანილებსაც თავად ზრდიან. შემდეგ ახალ რეცეპტებსაც ცდიან და ასე ვიტამინებითა თუ მინერალებით გაჯერებულ საკვებს იღებენ, ზედმეტი დანამატებისა და სასუქების გარეშე… 

მეტი D ვიტამინი

ბუნებრივია, ბაღში დროის გატარება უფრო მეტი მზის სხივის მიღებას, შესაბამისად, უფრო მეტ D ვიტამინს ნიშნავს, რომელიც აუცილებელია ძლიერი ძვლებისა და კბილებისთვის, ასევე, იმუნური სისტემის გასაუმჯობესებლად. შესაბამისად, D ვიტამინის ნაკლებობა დეპრესიასა და გადაღლილობას უკავშირდება. ამგვარად, შემდეგი სარგებელიც ასე ჟღერს:

გაუმჯობესებული განწყობა და მენტალური ჯანმრთელობა

კვლევების თანახმად, ბუნებასთან კავშირი, მათ შორის ბაღში მუშაობა, ისეთ დადებით ემოციებს უკავშირდება, როგორებიცაა ბედნიერება და სიმშვიდე. გარეთ დროის გატარება შფოთვისა და დეპრესიის დაბალ დონეებსაც გვთავაზობს.

შემცირებული სტრესი

მებაღეობის განმეორებითი მოქმედებები, მაგალითად, ბალახების მოცილება, ჩვენს გონებას ამშვიდებს. თუ ამას სენსორული პროცესიც ემატება, მედიტაციასაც კი ემსგავსება. ამგვარად, კვლევებიც მოწმობს, რომ მებაღეობა კორტიზოლის დონეს ამცირებს, შესაბამისად, სიმშვიდის შენარჩუნებაში გვეხმარება. 

უკეთესი საჭმლის მომნელებელი სისტემა

მიწასთან მუშაობით ბევრ კარგ ბაქტერიას ვუკავშირდებით. ეს სასარგებლო მიკრობები ნაწლავების გამართულ მუშაობას უწყობს ხელს, იმუნიტეტზეც დადებითაც აისახება და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზეც. მართალია, დანამატების გამო ნიადაგი ისეთივე მდიდარი არ არის, როგორც ადრე, მაგრამ დადებითი ზეგავლენის მოხდენა მაინც შეუძლია. ქვემოთ კი უფრო ზუსტად გეტყვით, რას მოვიაზრებთ ამაში:

ჯანმრთელობის გაუმჯობესებული მდგომარეობა

მებაღეობა მხოლოდ კი არ გაბედნიერებთ, გაჯანსაღებთ კიდეც, უფრო ზუსტად, აძლიერებს გულის მუშაობას, აბალანსებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლის ნაკადის მიწოდებას და ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადების რისკებს. თუმცა, ყველაფერი არც ამით მთავრდება:

ტვინის გაუმჯობესებული ფუნქციონირება

კვლევის თანახმად, მებაღეობა დემენციის რისკებს 36%-ით ამცირებს, ამ ამბავს კი იმ აქტივობებს მიაწერენ, რომლებიც მებაღის ტვინში მწიფდება, დაწყებული სწორი მცენარის არჩევით და დამთავრებული იმის დამახსოვრებით, თუ როდის უნდა მორწყონ… ეს გამუდმებით მოითხოვს მეხსიერებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების გამოყენებას, შესაბამისად, ტვინიც სულ ფორმაშია.

უკეთესი ძილი

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე ლოგიკურიცაა, თუმცა, აქ ძილის ხანგრძლივობა არ იგულისხმება, აქცენტი სწრაფად ჩაძინებასა და კარგად გამოძინებაზე კეთდება. ამას ემატება მზის სინათლეზე დიდხანს ყოფნა, რაც სხეულის ცირკადულ რიტმს არეგულირებს. 

უკეთესი სოციალური კავშირები

დაბოლოს, მებაღეობა საინტერესო საუბრების წამოსაწყებად იდეალური პროფესიაა. შეგიძლიათ, ჯგუფებშიც გაწევრიანდეთ, გააზიაროთ დაგროვილი ცოდნა და მეგობარს ესაუბროთ თქვენი ბაღის ამბების შესახებ ან სიახლეები მისგანაც მოისმინოთ… ასე ძველ მეგობრებთანაც გააღრმავებთ კავშირებს, ახლებსაც შეიძენთ, ცოდნასაც გაიზიარებთ და, რაც ყველაზე მთავარია, თქვენი ჰობითაც უფრო მეტად ისიამოვნებთ. 

შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე – გაიცანით ნინო მაისურაძე, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი STEM სკოლაში

როგორ შევინარჩუნოთ კარიერული სტაბილურობა ცვალებად გარემოში