in

Mechanical Rainbow -“სიყალბისგან დაცლილი უნდა იყო და ამას მსმენელი აუცილებლად იგრძნობს”

“ვმუშაობთ სიმღერაზე, რომელიც მთლიანად ქართული ტექსტით იქნება”


ქვემოთ მოთხრობილი ჯგუფის ისტორია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს რომ ცხოვრებაში ყველა უარყოფით მოვლენას, დადებითი პერსპექტივაც შეგვიძლია მოვუძებნოთ. რომ არა რომანტიული ურთიერთობების მოულოდნელი დასასრული, შესაძლებელია დღეისთვის ერთ-ერთი იმედის მომცემი ქართული ბენდის – Mechanical Rainbow-ს შესახებ დღეს არ გვესაუბრა, თუმცა ვინაიდან ისტორიამ ამ გზით არჩია წასვლა, ჩვენც ისღა დაგვრჩენია რამდენიმე კითხვის დახმარებით, მოკლედ მოგითხროთ მათი ამბავი:

მოგვიყევით ვისგან შედგება თქვენი ჯგუფი და როგორ შეიკრიბეთ ერთ პროექტში?

ჩვენი ბენდი შედგება ოთხი წევრისაგან: დავითი (გიტარა), დადუ (ვოკალი, გიტარა), ცოტნე  (ბასი), ნინი (კლავიში, ვოკალი). ეს ყველაფერი მე და ცოტნემ დავიწყეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერი კარგად დაიწყო – მე და ცოტნეს დაგვშორდნენ შეყვარებულები და თავს ნამდვილად ცუდად ვგრძნობდით. რას გააკეთებდნენ მსგავს სიტუაციაში 16 წლის მეტალიკას Fanboy და 18 წლის Scott Pilgrim vs. The World ენთუზიასტი, სპაიდერმენი და ბასისტი (ეს სამივე ცოტნეა)?! კი, ბენდი შევქმენით. დადუ მოგვიყვანა ერთმა ძველმა წევრმა და თვითონ წავიდა, ნინომ კი ექვსწლედი რომ დაამთავრა ოთხი წლის თავზედ გავიცანით.

 

ფოტო: ნუცა ლომსაძე

საიდან წამოვიდა ჯგუფის სახელი და რას აღნიშნავს ის?

ჯგუფის სახელი დამთრგუნავი დიღმის მასივის წვიმიან დღეს (ირონიულად, რა თქმა უნდა, თუმცა, სიმართლეა) მოაგონდა დადუს. სახლისკენ მიდიოდა, როცა ამწეკრანის ციცხვი ცისარტყელასავით იყო გადადებული ქუჩის ერთი ნაპირიდან მეორეზე. მექანიკური ცისარტყელას შთაგონება ეს იყო. ცისარტყელა ბუნებრივობას აღნიშნავს, ხოლო მისი მექანიკურობა, თანამედროვე, ემოციებისაგან და ადამიანურობისგან დაცლილ ხალხს.

 

როგორი მუსიკალური გამოცდილება გაქვთ? ერთად შეკრებამდე თუ ცდილობდით მუსიკის შექმნას ან სხვა პროქტებში თუ მონაწილეობდით?

შეიძლება ითქვას, რომ მუსიკალური გამოცდილება თითქმის არ გვქონია ამ ბენდამდე. არც მუსიკალურ სასწავლებელში გვივლია (ნინის თუ არ ჩავთვლით). ყველანი ე.წ. bedroom მუსიკოსები ვიყავით და არ გვქონია იმის სურვილი, რომ რამე ახალი და საინტერესო დაგვეწერა. ერთმანეთი მუსიკალურად და პიროვნულად ამ ბენდში გავიცანით და ამან ძალიან დაგვაახლოვა ერთმანეთთან.

ფოტო: დათო შალიკაშვილი

როგორია მუსიკის შექმნის პროცესი, რამდენად დანაწილებული გაქვთ როლები ამ შემთხვევაში? როგორ ხდება იდეებზე მუშაობა?

მუსიკის შექმნის პროცესი მართლაც საინტერესოა. ჩვენთვის ყველასთვის ძალიან სასიამოვნოა ერთად მუშაობა, რადგან უამრავი ახალი იდეა იბადება სიმღერის გარშემო, რაც ერთდროულად სახალისო და დამღლელია. ვიყენებთ გონების შტორმს, გაუფილტრავად ვამბობთ ჩვენს იდეებს სხვადასხვა პარტიაზე, სიმღერის არანჟირებაზე, სტილზე, ე.წ. „ვაიბზე“ (მე მაპატიეთ ამ სიტყვის გამოყენება), აქედან კი ვარჩევთ საუკეთესოს და ვცდილობთ, რომ სიმღერა გავხადოთ ჩვენთვის მაქსიმალურად შემხები, გულში ჩამწვდომი და ახლობელი, რადგან მსმენელს სწორედ შემსრულებლის ბუნებრივობა და შინაგანი განცდები აინტერესებს. ვცდილობთ მაქსიმალურად პროფესიონალური სამუშაო გარემო შევიქმნათ, ვიყიდეთ სტუდიური მონიტორები, ხმის ბარათები, ოთხის იზოლაცია და სხვა საჭირო ნივთები და მოვაწყვეთ სახლის სტუდია.  რამდენადაც შემოქმედებითი ადამიანები ვართ, იმდენადვე გვიყვარს წესრიგი. ნებისმიერი სახის ჯგუფისთვის აუცილებელია გარკვეული როლები, რაც ამარტივებს მუშაობას. ყველანი ვაცნობიერებთ ბენდში ჩვენს დანიშნულებას და ვმოქმედებთ შეთანხმებულად, რაც სამუშაო პროცესს უფრო ნაყოფიერს ხდის.

 

თქვენი ტექსტები ძირითადად ინგლისურ ენაზე. რა არის ამის ძირითადი მიზეზი? გიცდიათ ქართული ტექსტების შექმნა?

გულწრფელები რომ ვიყოთ ქართულად გემოვნებიანი და საინტერესო ტექსტის დაწერა საკმაოდ რთულია. შეიძლება ისე ჩაიძირო პათეტიკის მორევში, რომ ვერც კი მიხვდე, სანამ ერთ-ორ ირონიულ კომენტარს არ მოისმენ ახლობლისგან, რომელსაც დემოს გაუგზავნი აზრის მოსასმენად. მიუხედავად ამისა, ბოლოს გამოშვებულ სიმღერაში ერთი ნაწილი გვაქვს ქართულად, რაც ჩვენს მსმენელებს ძალიან მოეწონათ. ვაპირებთ, რომ მომავალში ხშირად ვწეროთ ქართულად. მაგალითად, ის სიმღერა, რომელზეც ახლა ვმუშაობთ და ძალიან მალე გამოვუშვებთ, მთლიანად ქართულ ენაზე იქნება. ვფიქრობთ, რომ საინტერესო ექსპერიმენტია და მსმენელს აუცილებლად მოეწონება.

ფოტო: მაქსიმე ბაქრაძე

ვინ არიან ის მუსიკოსები რომელთა გავლენასაც განიცდის თქვენი მუსიკა?

ჯგუფის ოთხივე წევრს განსხვავებული მუსიკალური წარსული გვაქვს. მე ძალიან მიყვარდა ექსტრემალური მეტალის მოსმენა, მაგრამ მოულოდნელად შემიყვარდა ნუ ჯაზი, ჯაზ-ფანკი, ფიუჟენი და პროგრესული მუსიკა, როგორიცაა Chick Corea, Snarky Puppy, Jacob Collier, Cory Henry, Vulfpeck და სხვები. ცოტნეს, ჩვენს ბასისტს, დაახლოებით მსგავსი გემოვნება აქვს, მასაც მოსწონს ფანკი, მაგალითად ჯგუფი Weather Report და საკუთრივ ჯაკო პასტორიუსი, ფლი და მარკუს მილერი. დადუ და ნინი კი უფრო ინდი, არტ როკ, ფსიქოდელიური მუსიკის მსმენელები არიან, როგორებიცაა Tame Impala, Crumb, Kikagaku Moyo, Post Animal და ა.შ. აქედან გამომდინარე ერთმანეთს ხშირად ვუზიარებთ ჩვენს საყვარელ სიმღერებსა და არტისტებს, ამ ყველაფერს კი ჩვენს მუსიკალურ ხედვაზე დიდი გავლენა აქვს.

 

რამდენად ცდილობთ რომ თქვენს მუსიკაში ქართული ელემენტები შეიტანოთ? ფიქრობთ თუ არა რომ მსგავსი მიმართულება უფრო გამოგარჩევთ ინდუსტრიაში არსებული სხვა ბენდებისგან?

ხშირად მომისმენია, რომ თანამედროვე მუსიკალურ ინდუსტრიაში ყველაზე მეტად ეთნო ელემენტები ფასობს და ხშირად გამოარჩევს ხოლმე არტისტს სხვებისაგან, თუმცა არ ვიცი ეს ჩვენს შემთხვევაში როგორ იმუშავებს. გვქონია ქართულ ბაზარზეც მსგავსი პრეცენდენტი, როგორიცაა ფოლკლორულ-ინსტრუმენტალური ანსამბლი დეციში, რომელიც ორიენტირებული იყო ქართული ელემენტების ახლებურად მსმენელისთვის მიტანაზე, მაგრამ სამწუხაროდ არც იმდენი პოპულარობა მოუპოვებიათ, როგორსაც იმსახურებდნენ (ჩემი აზრით). ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუკი ჯგუფს უნდა, რომ გამორჩეული იყოს ინდუსტრიაში არსებული ბენდებისგან, აუცილებელია იყოს ბოლომდე ნამდვილი და რეალური, ყველანაირი სიყალბისა და პათეტიკისგან დაცლილი, რაც მსმენელს უშუალობის შეგრძნებას დაუტოვებს და უფრო მოთხოვნადი გახდება.

ფოტო: ნუცა ლომსაძე

თქვენც როგორ სხვა ქართული ბენდები აქამდე აქვეყნებდით ცალკეულ კომპოზიციებს. გეგმაში გაქვთ თუ არა ალბომის ჩაწერა?

თანამედროვე სტრიმინგ პლატფორმებმა სრულიად შეცვალეს მუსიკალური ინდუსტრია. არც საქართველოში და არც მსოფლიოში ალბომი იმდენად პოპულარული და გაყიდვადი აღარაა. ჩვენ არ ვუჩივით სიმღერების ნაკლებობას, გვაქვს ორი ალბომის მასალა, მაგრამ ჯერ-ჯერობით მაინც თავს ვიკავებთ. ამას ორი მიზეზი აქვს, ერთი ის, რაც ზემოთ აღვნიშნე, ხოლო მეორე მიზეზი ისაა, რომ საქართველოში მუსიკალური კულტურა ჯერაც არაა იმ დონეზე განვითარებული, რომ (ძალიან უტრირებულად რომ ვთქვათ) მსმენელმა მუსიკაში ფული გადაიხადოს და დააფასოს ადგილობრივი არტისტის პროდუქტი და დახარჯული დრო.

ქართველ მუსიკოსებთან თუ გაქვთ კავშირი და რას ფიქრობთ კოლაბორაციულ ნამუშევრერებზე, ვისთან ერთად შექმნიდით კომპოზიციებს?

ქართველ მუსიკოსებთან აქტიური და ყოველდღიური ურთიერთობა არ გვაქვს, თუმცა დაგვიკრავს ერთ სცენაზე და არც კოლაბორაციაზე ვიტყოდით უარს. ჩემი აზრით, თანამედროვე ქართულ მუსიკას აკლია მსგავსი პროექტები, რაც მსმენელს ძალიან დააინტერესებდა და ბენდები ერთმანეთსაც გაუწევდნენ პოპულარიზაციას. მსგავსი რამ ჩვენ და ინტერვალს გვაქვს გაკეთებული, როცა ერთ-ერთ საერთო კონცერტზე ერთად შევასრულეთ ჩვენი ორი სიმღერა. რაც შეეხება კოლაბორაციას, გვაქვს ისეთი სიმღერები, რომელთა გიორგი ცაგარელთან და Kordz-თან ერთად გაკეთება ძალიან საინტერესო  იქნებოდა. ასევე ჩემი მუსიკალური გემოვნებიდან გამომდინარე, სიამოვნებით დავუკრავდით MokuMoku-სთან ერთად.

 

მოგეცათ თუ არა პანდემიამდე სადმე ცოცხლად შესრულების შესაძლებლობა? რა გეგმები გაქვთ ამ მხრივ მომავალში?

პანდემიამდე არაერთ ადგილას დავუკარით, მაგალითად Park Fest-ზე, დიღმის ტყე-პარკში, Bedford Falls და 4D Monster Lobster თან. ახლანდელმა სიტუაციამ კი, სამწუხაროდ, ხელი შეუშალა მსგავს ღონისძიებებს, რაზეც ყველა მუსიკოსს გული გვწყდება. მომავალში ვაპირებთ, რომ ნებისმიერი გზით მივაწოდოთ მსმენელს ჩვენი მუსიკა და ამაში ყველაზე დიდ როლს ალბათ სხვადასხვა ლაივ სესიები შეასრულებენ.


Tide-მა Super Bowl 55-ისთვის რეკლამა უკვე წარადგინა

GameStop-ის აქციების ფასი მოულოდნელად გაიზარდა