„მედიააკადემიის ექსკლუზიური პროექტი, პირველი „ონლაინ“ მასტერკლასი ქართულ მედიასივრცეში, 14 სექტემბრიდან იწყება“ – მედიითა და ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირები, სრულიად უფასოდ, მედიააკადემიის ვებგვერდსა და YouTube არხზე, „ონლაინ“ ლექციებით, შეძლებენ ჟურნალისტიკისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო ცოდნის მიღებას. მედიააკადემიაში ამბობენ, რომ „ონლაინ“ მასტერკლასით შეგიძლიათ ისწავლოთ ყველაფერი, რაც ზოგადად მედიას, მაღალი ხარისხის მედია პროდუქტის მომზადებას და პროფესიონალ ჟურნალისტს სჭირდება.
„პირველ „ონლაინ“ მასტერკლასში ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს საკუთარ, მრავალწლიან გამოცდილებას გაუზიარებენ წარმატებული და პროფესიონალი ავტორები: ჟურნალისტი – ეკა ბერიძე, დრამატურგი – ბასა ჯანიკაშვილი, ჟურნალისტი – თამთა სანიკიძე და ფოტორეპორტიორი – დავით მძინარიშვილი. მედიააკადემია – შენი გზამკვლევი მედიაში“ ეს არის ჩვენი აკადემიის სლოგანი და მთავარი გზავნილი მათთვის, ვისაც აინტერესებს ჟურნალისტიკა და სურს მაღალი ხარისხის მედია პროდუქტის მომზადება“.
მედიააკადემიის პირველ „ონლაინ“ მასტერკლასიდან, დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ, მოისმინონ ლექციები და ისწავლონ ამბის თხრობა, ახალი ამბების მომზადების სპეციფიკა, ინტერვიუს და კითხვის დასმის ტექნიკა, ფოტო ამბის მომზადება, სტუდიაში და გადასაღებ მოედანზე მუშაობა.
„ონლაინ“ მასტერკლასი მომავალშიც გაგრძელდება – მედიააკადემიაში ამბობენ, რომ დაგეგმილი აქვთ არაერთი საინტერესო ავტორის მიწვევა, რომ კურსი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო იყოს.
„ისწავლე საუკეთესოსგან“ – ასეთია „ონლაინ“ მასტერკლასის სლოგანი.
დეტალურად „ონლაინ“ მასტერკლასის შესახებ
ეს არის მედიააკადემიის ექსკლუზიური პროდუქტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და ზოგადად, მედიითა და ჟურნალისტიკით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, რომელიც „ონლაინ“ სალექციო კურსსა და სწავლებას ითვალისწინებს.
„გარდა იმისა, რომ ანალოგიური პროექტი ქართულ სივრცეში არ არსებობს, მასტერკლასი განსხვავებულია იმითაც, რომ სწორედ აქ შეგიძლიათ, ნახოთ წარმატებული მედია პერსონების სალექციო კურსები უფასოდ, ის რასაც სხვაგან ვერ ნახავთ“.
მასტერკლასის ინსტრუქტორები
მოქმედი ან ყოფილი ჟურნალისტები, მედიამენეჯერები, ციფრული დარგის სპეციალისტები, რომელთა გამოცდილებაც მედიის სფეროში საუკეთესოა. თითოეული „ონლაინ“ კურსი შედგება 10-მდე ვიდეო ლექციიდან, რომელთა ქრონომეტრაჟი მერყეობს 10-დან 12 წუთამდე.
მედიააკადემიის „ონლაინ“ მასტერკლასის უპირატესობა
„პირველ რიგში, ეს არის ექსკლუზიური კონტენტი. ის, რასაც სხვაგან ვერ ნახავ და რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. როგორც წესი, ავტორების უმრავლესობას, რომელსაც ეკრანზე ან ეკრანის მიღმა ვხედავთ, არასოდეს ჰქონია საშუალება, ხანგრძლივი კურსი წაეკითხა სტუდენტებისთვის, „ონლაინ“ კურსი კი არცერთ მათგანს აქამდე არ აქვს წაკითხული.
მასტერკლასი განსხვავებულია იმითაც, რომ ეს არ არის თეორიაზე დაფუძნებული სწავლება, ავტორები თავიანთი საუკეთესო პრაქტიკით გიყვებიან, გაძლევენ საშუალებას, შეიხედოთ კულისებში, უშუალოდ მათგან მოისმინოთ ის, რაც ეთერში არასოდეს ჩანს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭიროა ხარისხიანი მედია პროდუქტის მოსამზადებლად.
მასტერკლასი განსხვავებულია იმითაც, რომ ყველა დაინტერესებულ პირს აქვს უფასო წვდომა „ონლაინ“ ლექციებზე, არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობს, სად სწავლობს და როგორია მისი გრაფიკი. ეს არის მომხმარებელზე მორგებული პლატფორმა, რომელსაც უსმენ და უყურებ შენთვის ხელსაყრელ დროს. „ონლაინ“ მასტერკლასის საჭიროება და მნიშვნელობა კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა COVID-19-ის პირობებში, ამ პერიოდში კიდევ უფრო ცხადი გახდა, რამდენად საჭირო და აუცილებელია „ონლაინ“ სწავლება“.