25
Nov
2019

მედიცინა და დიზაინი – აკაკი რაზმაძე

25 Nov 2019

დიზაინზე წარმოდგენები საზოგადოებაში სხვადასხვაგვარია, ბევრი მოდასთან აკავშირებს, ზოგი მხატვრობასთან, ვიღაცისთვის შეიძლება მარკეტინგის შემადგენელი ნაწილი იყოს. სინამდვილეში კი დიზაინი ყველგანაა, ყველაფერში რაც ჩვენ გარშემოა, რასაც ვუყურებთ, ვეხებით ან შევიგრძნობთ.

„დიზაინერის ცხოვრება ბრძოლაა, ბრძოლა სიმახინჯის წინააღმდეგ. როგორც ექიმი ევრძვის დაავადებას, ჩვენთვის ყველაფერი, რაც გარშემოა, დაავადებაა და ვცდილობთ, მათ დიზაინით ვუმკურნალოთ.” — ამბობს მასიმო ვინიელი, ფილმში Helvetica.

რა შეიძლება იგულისხმებოდეს ამ გამონათქვამში, ამისათვის რამდენიმე მაგალითის მოყვანა შეიძლება. ხშირად დგება საკითხი, რომ რომელიმე კონკრეტულმა ბრენდმა უნდა გაყიდოს პროდუქტი და ამისთვის დიზაინ გადაწყვეტას ეძებენ. 

ბუნებრივია, დიზაინერს შეუძლია მოძებნოს გამოსავალი, რითიც მომხმარებელს აფიქრებინებს, რომ პეპერონის ნაჭრებით სავსე პიცას ყიდულობს, ეს მაშინ, როცა პიცის მხოლოდ ერთი მხარეა ასეთი. ეს იმ სიპტომის მკურნალობას გავს, რომელიც დაავადებას ვერ კურნავს.

ხშირად მიდიან ადამიანები ექიმთან და ცდილობენ სიპტომებს გაექცნენ, ჩვენს რეალობაში ასე არაერთი ბრენდი თუ მარკეტინგული სამსახური იქცევა: ფილტვების პრობლემით მიდიან ექიმთან, იღებენ დანიშნულებას, გამოცდებიან საავადმყოფოს კარს და სიგარეტს გაუკიდებენ. ექიმი ყოვლისშემძლე არაა, არც დიზაინერი. 

ადრე ერთი მაგალითი მოვიყვანე ლუდებთან დაკავშირებით, რომელმაც კრიტიკა გამოიწვია, ვიღაცებს ეწყინათ და საკუთარ თავზე მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ბრენდის სახელი დასახელებული არ იყო. არადა ეს, რაც ფოტოზეა, ხდება ბრენდების დიდი ნაწილის მარკეტინგის ჯგუფის შეხვედრებზე (შეხვედრები ხომ ამ სფეროში განსაკუთრებით უყვართ). მოკლედ ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ შეიძლება დიზაინერი ნებით ან ნების საწინააღმდეგოდ ფანჯრიდანაც გადაეშვას.

ვისი ბრალია როცა ლუდი არ იყიდება, ამის კვლევაშიც უამრავი მატერიალური თუ ადამიანური რესურსი იხარჯება. ბოლოს მაინც იმ დასკვნამდე მიდიან, რომ მთლად დიზაინის ბრალიც არ უნდა იყოს, რომ რომელიღაც ლუდს ნაკლები მომხმარებელი ყავს. 

და მაშინ რა როლი აქვს ამ ყველაფერში დიზაინს? რა გამოდის, დიზაინს არ აქვს მნიშვნელობა? ეს კითხვები შეიძლება ლოგიკურდ დაისვას. საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ნებისმიერი პროდუქტის წარმატებაში 3 კომპონენტის სრულყოფილი თანხვედრაა საჭირო. ესენია:

  1. დიზაინი
  2. მოწოდების ფორმა
  3. შიგთავსი

ისევ ჩვენი პიცის მაგალითს რომ დავუბრუნდეთ და ამ გადმოსახედიდან შევხედოთ, დავინახავთ, რომ დიზაინი თავის როლს ასრულებს, გადაწყვეტა მოფიქრებულია, ალბათ მეორე პუნქტიც სრულდება. მიწოდების ფორმაში შეიძლება იგულისხმებოდეს: კამპანიები, ბრენდის ფილოსოფია, ხალხამდე მიტანა, პოზიციონირება და კიდევ ბრევი რამ, მაგრამ ამ ყველაფერის მერე როცა ამ პიცას ვიყიდით, განვმარტოვდებით პიცა და ჩვენ, გავხსნით ყუთს და გვხვდება ის, რაც გვხვდება… ამის მერე ხომ აღარ ვიყიდით… ესაა ზუსტად მესამე პუნქტი — შიგთავსი, რომელიც წინა ორ პუნქტთან ერთად უნდა იყოს გამართული. 

სხვა შემთხვევაში ჩვენ დავლევთ წამლებს, რომ ხველა გაგვიქროს, ტემპერატურამ დაგვიწიოს, მაგრამ სანამ სიგარეტს არ გადავაგდებთ და ექიმებს არ დავუჯერებთ, ფილტვების პრობლემები მუდმივად შეგვაწუხებს.

P.S. ვისაც ჩემი არ სჯერა, ბიბლიას დაუჯერეთ (ღმერთი — ჩვენს შემთხვევაში შიგთავსს აღნიშნავს, მუშაკები — მარკეტერები არიან, გუშაგები — დიზაინერები):

„თუ ღმერთი არ აშენებს სახლს, ამაოდ ირჯებიან მუშაკნი!…თუ ღმერთი არ იცავს ქალაქს ამაოდ ფხიზლობს გუშაგი!.. შეფეთქილ საფლავებს ჰგავხართ, რომელნიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნით კი სავსენი არიან მკვდრების ძვლებით და ათასგვარი უწმინდურებით!..“

— ფსალმუნი 126:1;

— მათეს სახარება 23:27; 

 

აკაკი რაზმაძე – Marketer.ge – ის კონტრიბუტორი

განხილვა