სტენფორდის, ბეილორისა და სხვა უნივერსიტეტების მკვლევართა ჯგუფმა სისხლში სპეციფიკური მოლეკულები აღმოაჩინეს, რომლებიც თაგვებში მადასა და სიმსუქნეს ამცირებს. და როგორც ამბობენ, ეს მეცნიერებს სპეციალური მედიკამენტების შემუშავებაში დაეხმარება, რომლებიც ვარჯიშის მსგავს ეფექტებს წარმოქმნის.
დამტკიცებულია, რომ რეგულარული ვარჯიში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს წონის კლებას, არეგულირებს მადას და აუმჯობესებს მეტაბოლურ პროფილს. ხოლო თუ მეცნიერები ამოხსნიან მექანიზმს, რომლითაც ვარჯიში ამ სარგებელს იძლევა, უფრო ადვილი იქნება ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
ალბათ, ფიქრობთ, თუ რა საჭიროა რაიმე სხვ ხერხის მოძიება, როცა უბრალოდ შეგვიძლია ვივარჯიშოთ? საქმეც იმაშია, რომ ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა… მაგალითად დატვირთული რეჟიმი, შეუსაბამო გარემო ან სულაც ხანდაზმულობა და ისეთი ფიზიკური მონაცემები, რომლებიც ადამიანს ხელს უშლის ვარჯიშში.
„ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ საკმარისი ვარჯიშით დაკავება, ერთ დღესაც სპეციალური მედიკამენტებით ისარგებლებენ, რომლებიც შეანელებს ოსტეოპოროზის, გულის დაავადების ან სხვა მსგავს პროცესებს“, — განმარტავს ჯონათან ლონგი, Stanford Medicine-ის პათოლოგიის ასოცირებული პროფესორი.
მიუხედავად იმისა, რომ თაგვებზე ჩატარებული სამედიცინო კვლევები ადამიანების შემთხვევაში არ ამართლებს ხოლმე, ეს საინტერესო პერსპექტივაა. ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ვარჯიში, ნამდვილად შეუძლიათ ახალ პრინციპზე დაფუძნებული მედიკამენტებით ისარგებლონ და თავი ისე იგრძნონ, თითქოს ყოველდღიურად ვარჯიშობენ…