ქართული ინდი-თამაში Medulla Game iOS-ის მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომი გახდა. მისი გადმოწერა კი შემდეგი ბმულიდანაა შესაძლებელი. ჯერჯერობით, უცნობია, როდის გამოჩნდება ის Android-ის მომხმარებელთათვის.
Medulla Game-ის ტრეილერი მარკეტერის მკითხველმა პირველად რამდენიმე თვის წინ ნახა; ამის შემდეგ „მედულამ“ საერთაშორისო კონკურსზე Indigo Awards 4 ჯილდო მოიპოვა. ნამუშევარმა 3 კატეგორიაში – Mobile Games 2020, Illustration for Games 2020, Character Design 2020 – ოქრო დაიმსახურა, ხოლო კატეგორია Sound Design & Use of Music for Games 2020-ში ვერცხლი მიიღო.
ქართული ინდი-თამაში „მედულა“ გია ბოხუამ და Lemondo Games-მა შექმნეს. გია ბოხუას მიერ გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, გუნდი თამაშის შექმნაზე 5 წელი მუშაობდა.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=10158587674904500&set=a.10150554679739500&type=3&theater
Medulla თავსატეხებით სავსე, სათავგადასავლო თამაშია, რომელიც ზღაპრის მსგავსად ვითარდება. ახალგაზრდა პერსონაჟი, სახელად ტაკიტო სხვადასხვა გარემოსა და ადგილში მოგზაურობს, სადაც განსხვავებული და უცნაური დაბრკოლებების გადალახვა უწევს. თამაშში მრავლადაა ხელით შექმნილი ლანდშაფტები, რომლებიც მისტიკურ აურას ქმნის. თამაშის ვიზუალური ენა ირეკლავს თანამედროვე მხატვრობის სტილს, მათი ნაწილი სიურრეალისტურია, ნაწილი კი ტრადიციული მეთოდების გამოყენებითა და უნიკალური ფიგურალური სტილით მაგიური რეალიზმის შეგრძნებების შექმნას ახერხებს.