13
Mar
2017

მეექვსმილიონე სტუმრის დახვედრის დეტალები

13 Mar 2017

მეექვსმილიონე უცხოელი ესტუმრა საქართველოს 2016 წელს, რომელსაც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, სარეკლამო სააგენტო Windfor’s-თან ერთად მოუწყო მოულოდნელი დახვედრა. ტურისტი ჯესპერ ზვართია ჰოლანდიიდან, რომლისთვისაც დაუვიწყარ თავგადასავლად იქცა საქართველოში სტუმრობა და ერთბაშად, ამდენმა ემოციამ, სითბომ, გულწრფელობამ, თვითონაც ბავშვივით აატირა. მარკეტერი ესაუბრა Windfor’s-ის აღმასრულებელ კრეატიულ დირექტორ ბექა მეფარიშვილსა და კლიენტთა მომსახურების დირექტორ თამარ ცინცაძეს კამპანიის დეტალებზე.

M: რა იყო თქვენი, Windfor’s-ის მარკეტინგული ამოცანა?

თამარ:
კამპანიის ამოცანა, ბრიფის მიხედვით, 2016 წელს, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რეკორდული მაჩვენებლის ხაზგასმა და საქართველოს, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყნის დაპოზიციონირებაა, რაც სამომავლოდ, ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, ეს კამპანია მიმართული არის როგორც ადგილობრივი, ასევე (და უფრო მეტად) საერთაშორისო ბაზრისთვის.
ბექა: სწორედ ამიტომ, არ შემოვიფარგლეთ მხოლოდ ვიდეოთი და შევქმენით ვებპლატფორმა hostme.ge – სადაც ყველა ქართველს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს უცხოელების მასპინძლობაში.


M: როგორ მუშაობს Hostme.Ge, გაამართლა თქვენმა ინიციატივამ?
თამარ: 
საიტს ორი მხარე აქვს, ერთი ქართველებისთვისაა განკუთვნილი, სადაც ხმას აძლევენ საყვარელ კერძებსა და ადგილებს, მე-2 კი ამ შედეგების დემონსტრირებით, ტურისტებისთვისაა, სადაც ნახულობენ, თუ რა ურჩია საქართველომ.
ბექა: კამპანია ახალი ჩაშვებულია და უკვე საკმაოდ ბევრმა ქართველმა დააფიქსირა აზრი და გააზიარა საკუთარი სუფრა.


M: ჯესპერს რა რეაქციები ჰქონდა გადაღების განმავლობაში?

ბექა: გამომდინარე იქიდან, რომ არცერთ მომენტში ჯესპერმა წინასწარ არ იცოდა, რა უნდა მომხდარიყო, ყველა მისი ემოცია გულწრფელია. ჯესპერი არის ადამიანი, რომელიც მართლა ჩამოდიოდა საქართველოში მეგობართან და იყო სწორედ იმ თვითმფრინავის რეისში, რომლითაც მეექვსმილიონე  ვიზიტორი ჩამოდიოდა. გადაღების ყოველი დღე დადებითი ემოციებით იყო დატვირთული.
თამარ: დაახლოებით, ერთი კვირა დაჰყო საქართველოში და კარგად გაცნობისა და დამეგობრების შემდეგ, გვიყვებოდა, რომ მთელი გზა, აეროპორტიდან რესტორნამდე, დარწმუნებული იყო, რომ ეს ყველაფერი სწორედ იმ მეგობარმა მოუწყო, ვისთანაც ჩამოდიოდა. პრემიერის გაცნობის შემდეგ, მიხვდა რომ სხვა რამეში იყო საქმე. 

M: Hostme.ge-ს განვითარებას რა მიმართულებით აპირებთ და როგორია ქართველების როლი?

ბექა: პირველ ეტაპზე გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა ქართველმა დააფიქსიროს საკუთარი აზრი და მეორე ეტაპზე – რაც შეიძლება მეტმა ტურისტმა გაიგოს ამ საიტის არსებობის შესახებ და  ნახონ ქართველების რჩევები.
თამარ: ეს გრძელვადიანი პლატფორმაა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ჯერ ბეტა ვერსიაა. ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ კიდევ დაემატება ფუნქციები, გახდება უფრო საინტერესო და საბოლოოდhostme.ge უცხოელებისთვის უნდა გახდეს ერთგვარი გიდი და ქვეყნის მოსახლეობის მიერ შედგენილი ყველაზე სანდო წყარო, საიდანაც გაიგებენ, რას ურჩევს საქართველო. 

განხილვა