in

ქართული სამაგიდო თამაში „მეგალომანია“ Boardgamearena-ზე მოხვდა!

სამაგიდო თამაში „მეგალომანია“ პირველ ქართულ თამაშად იქცა, რომელიც Boardgamearena-ზე მოხვდა — მსოფლიოს ყველაზე დიდ ონლაინ სამაგიდო თამაშების პლატფორმაზე, რაც დიდი წარმატებაა არა მხოლოდ კონკრეტული თამაშისთვის, არამედ ზოგადად ინდუსტრიისთვის.

„მეგალომანია“ ე. წ. კარტის წაღების (Trick-taking) ჟანრის თამაშია, 2-4 მოთამაშეზე. კლასიკური კარტის წაღების თამაშებისგან განსხვავებით, ის მოიცავს ისეთ რესურსებს, როგორიცაა კრისტალი, კუბი, გრაგნილები და სხვა, რომელთა მეშვეობითაც, მოულოდნელი სვლების გაკეთება და მოწინააღმდეგეზე უპირატესობის მოპოვება შეიძლება. ამასთან, აქ არ არის ძლიერი და სუსტი კარტი — თითოეულ მათგანს უნიკალური ძალა აქვს, რაც თამაშს დინამიკურს და საინტერესოს ხდის, მცირდება იღბლის ფაქტორი…

უკვე რამდენიმე თვეა, „მეგალომანია“ საქართველოს ბაზარზე იყიდება, მსოფლიოს ყველაზე დიდ ონლაინ სამაგიდო თამაშების პლატფორმა Boardgamearena-ზე კი ახლახან ჩაეშვა. მარტივად რომ ავხსნათ, ეს საუკეთესო ადგილია ახალი სამაგიდო თამაშების გასაცნობად და ასათვისებლად. რეიტინგები, მედლები, მიღწევები, რეპუტაციის ქულები, ტურნირების სისტემა და სხვა ბევრი საინტერესო ელემენტი არის მიზეზი, რის გამოც აღნიშნული პლატფორმა პოპულარულ, პრესტიჟულ სივრცედ იქცა. შესაბამისად, Boardgamearena-ზე მოხვედრა საკმაოდ რთულიცაა, რადგან თამაში ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს.

მეგალომანიას შემქმნელმა „ბიჯი ერა გეიმსის“ გუნდმაც დიდი პროცესი გაიარა — კერძოდ, BGA-მ მათ დეველოპერი მიამაგრა, რომელთან ერთადაც ონლაინ თამაშზე მუშაობა ხდებოდა. საგულისხმოა, რომ მათი მთავარი პრინციპი ახლაც და წინა თამაშის (გორგასალი) შემთხვევაში სრულიად განსხვავებული და ინოვაციური მექანიკის შემუშავება იყო. სწორედ ამიტომ დაიმსახურა ორივე მათგანმა საერთაშორისო ბაზრის ყურადღება…

„ამ ეტაპზე ვმუშაობთ ახალ თამაშზე, რომლის მექანიკაც უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს სატესტო თამაშები. ამასთან, 3 დეკემბერს „მეგალომანია“ გაეშვება საერთაშორისო პლატფორმა Kickstarter-ზე და წლის ბოლოს უკვე ხელმისაწვდომი იქნება Amazon-ზე. ასევე, ვთანამშრომლობთ გაეროსთან და მათი დაკვეთით შევქმენით თამაში „პერსონა“, რომელიც მალე გამოჩნდება საქართველოს ბაზარზე“, — აღნიშნავს „ბიჯი ერა გეიმსის“ გუნდი.

„მეგალომანიით“ ასევე დაინტერესდნენ სამაგიდო თამაშების საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც თავიანთ YouTube არხებზე აღფრთოვანებით საუბრობენ ამ ახალ თამაშზე და მას ჟანრის სხვა მოწინავე თამაშებს ადარებენ, მეგალომანიის არაერთი უპირატესობის აღიარებით.

როდის უნდა დაიწყო საკუთარი სტარტაპი?

„აჯობე თავს!“ – ფინბიუროს საკომუნიკაციო კამპანია