in

„კარცერ ლუქსი“ – ანუ როგორ შეიქმნა გამოგონილი მეგაშოუ წიგნების მსოფლიო დედაქალაქში?

უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, მსოფლიო წიგნისმოყვარულთა ყურადღება ჩვენკენ იქნება მოპყრობილი, რადგან თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელდა. იმისათვის, რომ მთელი წელი მკითხველთა ზეიმად აქციოს, შემოქმედებითი გუნდი დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. არც ის დაგვავიწყდეს, რომ პანდემიური რეგულაციების პირობებში, ისეთი აქტივობების დაგეგმვამ, რაც საზოგადოების ჩართულობას გაზრდიდა, კრეატორებისგან კიდევ უფრო გამძაფრებული წარმოსახვა მოითხოვა. სულ მალე, სატელევიზიო და ონლაინ მედია-არხებში მეგაშოუ „კარცერ ლუქსის“ შესახებ გახდა ცნობილი. გამოცხადდა კასტინგი, გაგვაცნეს ჟიურის წევრები – ყველაფერი მსგავსი შოუსთვის დამახასიათებელი ფორმატით მიდიოდა. თუმცა, ექსპერიმენტის დასრულებამდე არავინ იცოდა, რომ მეგაშოუ გამოგონილი იყო და მიზნად ისახავდა ადამიანებისთვის წიგნის ჯადოსნური სამყაროს შესახებ შეეხსენებინა და წაეხალისებინა, დღის მანძილზე, სულ ცოტა, 3 წუთი მაინც დაუთმონ კითხვას. როგორ გამოიგონეს მეგაშოუ „კარცერ ლუქსი“? მოგვყევით, ჩვენ გიამბობთ.

„წიგნი, დღევანდელ ხმაურიან ციფრულ სამყაროში, თითქოს, ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება. ხშირად გვესმის გამართლება, რომ წიგნისთვის დრო არ რჩებათ, მაშინ, როდესაც ყოველი ჩვენგანი საათობით ვუცქერთ მობილურის ეკრანებს. ჩვენ გვჯერა, რომ წიგნს ნამდვილად შეუძლია იყოს შთაგონებისა და თავგადასავლის არნახული წყარო,“ – გვიამბეს პროექტის ორგანიზატორებმა.

M: რას მოიცავს პროექტი „კარცერ ლუქსი“ და რატომ აირჩიეთ სწორედ ასეთი ფორმატი?

გიორგი ავალიანი, HolyMotors-ის თანადამფუძნებელი: „კარცერ ლუქსი“ წმინდა თბილისური გამოგონებაა. გურამ დოჩანაშვილის თვალუწვდენელმა ფანტაზიამ, წიგნების უსაზღვრო სიყვარულმა და განუმეორებელმა ენამ წარუშლელი კვალი დატოვეს ჩვენს ქალაქსა და მის მაცხოვრებლებზე. ამიტომაც არ იყო რთული იმის მიხვედრა, რომ თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ზუსტად გურამ დოჩანაშვილთან დაგვეკავშირებინა.

მეგაშოუ „კარცერ ლუქსი“ ვასიკო კეჟერაძის იდეის ადაპტაციაა სმარტფონების, მეგაშოუებისა და ტოტალური გართობის ხანისთვის. თვითონ სიტყვა „მეგაშოუც“ უკვე ყურადღებას იქცევს და სანახაობის მოლოდინს აღძრავს – რაც წიგნებს დღეს საკმაოდ აკლია. მთავარი მიზანი წიგნების „შემსუბუქებაა“ – გვჯერა, რომ დიდაქტიკური მოწოდების მაგივრად, მხიარულებით გაცილებით მეტ ადამიანს მივწვდებით და დავაფიქრებთ, რომ წიგნების კითხვა რთული საერთოდ არ არის. მიუხედავად იმისა, რომ წიგნებთან მაინცდამაინც ვეღარ ვმეგობრობთ, დღეში 3 წუთითაც რომ დავიწყოთ, გაცილებით მარტივად ავითვისებთ კითხვის საჭირო და სასარგებლო ჩვევას. სწორედ ამის საჩვენებლად შემოვიკრიბეთ ადამიანები მეგაშოუების, წიგნებისა და სოციალური ქსელების სამყაროდან და რეალური მონაწილეების დახმარებით დავდგით ჩვენი სოციალური ექსპერიმენტი. დანარჩენს დუტა გაცილებით უკეთ მოგიყვებათ სრულ გადაცემაში.

უდიდესი მადლობა ამ ამბის ყველა მონაწილეს! მათი კეთილგანწყობა და გულიანი ჩართულობა დაგვეხმარა, მცირე რესურსების მიუხედავად, მორიგი prank ვიდეო მართლა მეგაშოუდ გვექცია. თიზერის კომენტარებს თუ გადაავლებთ თვალს, თავად იგრძნობთ ამ ენერგიას.

M: რას ნიშნავს, როდესაც პანდემიურ გარემოში უწევს თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქად ყოფნა?

 

ნათია გოგია, “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” მარკეტინგის დირექტორი: განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში, როდესაც ფიზიკურად მოგზაურობა ასე შეზღუდული გვაქვს, ვფიქრობთ, წიგნი უალტერნატივო საშუალებად შეიძლება იქცეს, ახალი თავგადასავლებისა და შეგრძნებებისთვის. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი. გვსურს, ყოველი აქტივობით, თბილისელებს შევახსენოთ, რამხელა ძალა აქვს წიგნს. თუმცა, არ დავაძალოთ, როგორც ეს ბავშვობაში ხშირად გვქონია, არამედ, მოვანდომოთ და დავანახოთ, რამდენად მარტივი და სახალისო შეიძლება იყოს დღეში, თუნდაც 3 წუთით, წიგნის წაკითხვა.

M: რა სახის აქტივობები იგეგმება, პროექტის ფარგლებში?

პროექტი საგანმანათლებლო, სახელოვნებო, შემეცნებით და ინფრასტრუქტურულ მიმართულებებს აერთიანებს. მისი მიზანია თბილისის მსოფლიოს ლიტერატურულ-საგამომცემლო რუკაზე უკეთესად პოზიციონირება, წიგნიერების, საგამომცემლო საქმის, ავტორების, მთარგმნელებისა და სხვა დაკავშირებული პროფესიების ხელშეწყობა.
პროექტში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა საბავშვო და მოზარდებისთვის განკუთვნილ პროგრამებს, გაიმართება საერთაშორი მასშტაბის სამეცნიერო ხასიათის ღონისძიებები, თბილისი უმასპინძლებს მსოფლიო მნიშვნელობის ავტორებს, უცხოური გამომცემლობების წარმომადგენლებს. ასევე, დაგეგმილია გასართობი ხასიათის მასობრივი ღონისძიებებიც, რაც პროცესში მეტი ადამიანის, განსაკუთრებით, ახალგაზრდების ჩართვას ითვალისწინებს.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ეძღვნება თავისუფლებას და გურამ დოჩანაშვილს – ნახეთ „საქართველოს ბანკის“ ახალი ვიდეორგოლი

„აჭარაბეთი“ გამოფენა „სპორტფოტო 2020“-ის პარტნიორია