in

ფუდშოპი „მეგობარი“ : „გთავაზობთ უნიკალურ ლანჩს და საუზმეს, რაც მთავარია – ძალიან სწრაფად“

„მეგობარი“ ფუდშოპის კონცეფციის კვების ობიექტია, სადაც, საუზმისა და ლანჩისთვის, საინტერესო ქართულ კერძებს აღმოაჩენთ. აქ, ერთმანეთთან დამეგობრებული, ცხელი და ცივი მენიუები, ყოველ დღე, კონკრეტულ დროს მზადდება.

„მეგობრობა ხომ გაზიარებით იწყება?! ჩვენი მიზანიც ზუსტად ეს არის – რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიაროთ და ყოველდღიურობაში დავამკვიდროთ უნიკალური ქართული კერძები“.

თავად ფუდშოპი წინასწარ მომზადებული საკვები პროდუქტებისა და კერძების მაღაზიაა, რომლის უპირატესობაც სისწრაფე და მოქნილობაა.

„ზუსტად ამ თანამედროვე ფორმატს მოვარგეთ ქართული სამზარეულო და ყველასთვის საყვარელი კერძები, უფრო სწრაფად და კომფორტულად შევთავაზეთ მომხმარებლებს, ისე რომ შევინარჩუნეთ ინგრედიენტებისა და პროდუქციის მაქსიმალური სიჯანსაღე“. 

ფუდშოპის კონცეფცია ეფუძნება სისწრაფისა და მოხერხებულობის მიქსს, ანუ სწრაფ და ეფექტურ სამომხმარებლო გამოცდილებას. ამიტომ, როგორც „მეგობარის“ თანადამფუძნებელი მარიამ ქოიავა გვიყვება, მათთან თვითმომსახურებაა.

„მომხმარებელი თავად იღებს სასურველ კერძებსა და სასმელებს. მას ყველაფერი წინასწარ შეფუთული და შესაბამის ტემპერატურაზე ხვდება. მომსახურე პერსონალი მხოლოდ ყავისა და ჩაის შეკვეთის, ან გადახდისას ერთვება. ეს მოდელი საშუალებას გვაძლევს, მოქნილი სერვისი შემოგთავაზოთ, თქვენ კი იმდენი დრო დაყოთ კერძების ასარჩევად, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლით.“

მარიამ ქოიავა ამბობს, რომ ასეთი მომსახურება, საბოლოო ჯამში, ყველასთვის ეფექტურ პროცესებში ითარგმნება:

„მთელი გულით გვჯერა, რომ ქართული სამზარეულო არის უნიკალური და დიდი პოტენციალის მქონე, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მასში უხვადაა ჯანსაღი, ვეგეტარიანული ან ვეგანური კერძების არჩევანი. თუმცა, ძალიან იშვიათია, დაკავებულმა ადამიანმა ან სტუდენტმა ყოველდღიურად, სადილზე, ხარისხიანი და ჯანსაღი ქართული საკვები მიირთვას. ამის ძირითადი მიზეზი არის დრო და ფორმატი: დღეს ყოველდღიურად, არ გვცალია რესტორანში 1 საათის დასახარჯად იმისათვის, რომ მაგალითად, ხარჩო და ღომი დავაგემოვნოთ. შესაბამისად, ჩვენ დავინახეთ ახალი შესაძლებლობა – მოგვერგო ქართული სამზარეულო თანამედროვე, დაკავებული და აქტიური ადამიანების დღის რეჟიმზე. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ისეთი უნიკალური მენიუ შეგვექმნა, რომელიც ქართული სამზარეულოს მოტივებს და თანამედროვე, აქტიურ ცხოვრების წესს მოარგებდა ერთმანეთს და შევძლებდით, ყველასთვის გემრიელი, ნოყიერი და ჯანსაღი პროდუქტები შეგვეთავაზებინა. მომხმარებლები კი არც დროს დაკარგავდნენ და არც საკვების დაბალ ხარისხს დასჯერდებოდნენ“.

აქედან გამომდინარე, ალბათ, „მეგობარი“ძალიან აქტიური ცხოვრების მქონე ადამიანებისთვისაა? 

მარიამ ქოიავა: ჩვენი სეგმენტი, ძირითადად, ოფისებში მომუშავე, 25-35 წლის ადამიანები არიან, რომლებიც ძალიან დაკავებულები და საქმიანები არიან. ასევე – ვინც ყურადღებას აქცევს საკუთარ ჯანმრთელობას და ცდილობს, ნაკლები, „ჯანქ ფუდი“ მიირთვას. მათთვის, ვისაც უყვარს ქართული კერძები და აქამდე, მხოლოდ სპეციალურ დროსა და ადგილზე დადიოდნენ. მათ მისართმევად. „მეგობარი“ მოსახერხებელია მათთვის, ვინც ბევრ დროს ატარებს გარეთ – უწევს ხშირად სხვადასხვა ობიექტში ჭამა. ჩვენ, ასევე, გავითვალისწინეთ შინაური ცხოველების პატრონების „სატკივარი“ –  „მეგობარი“ ღიაა ყველა ოთხფეხა ცხოველისთვის. ვისაც ჰყავს ძაღლი, კატა თუ სხვა შინაური ცხოველი, შეუძლია, დილის და საღამოს საათებში სეირნობისას, შემოგვიაროს და ხელს გააყოლოს ყავა, დესერტი, ან სულაც, ადგილზე მიირთვას, ცხადია, ოთხფეხა მეგობრებთან ერთად.

საფასო პოლიტიკას რაც შეეხება, „მეგობარი“ საშუალო შემოსავლიან სეგმენტზე ორიენტირდება და არსებული მენიუ მორგებულია ლანჩის საშუალო, ოპტიმალურ ფასს.

სანამ „მეგობარი“ გამოჩნდებოდა, ალბათ, წინასწარ შეისწავლეთ ბაზარი. იყო მსგავს პროდუქტებზე მოთხოვნა, მით უმეტეს ახლა, როცა ოფისების უმეტესობა დაკეტილია და ბევრი დისტანციურად, სახლიდან მუშაობს?

ვინაიდან, მსგავსი კონცეფციით პირველები ვართ, შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად დავინახეთ მოთხოვნა, რომ ადამიანებს სურთ ხარისხიანი საკვები მიირთვან ლანჩზე, სურთ მეტი მრავალფეროვნება და აქვთ ქართული კერძების ერთგვარი ნოსტალგია. ასევე, გამოიკვეთა ამ ყველაფრის სწრაფად მიღების ძალიან დიდი სურვილი, რაც, ზოგადად, აჩქარებული ცხოვრების ტემპისგან გამომდინარეობს. დრო ჩვენთვის იმდენად ძვირფასი ხდება, რომ ვცდილობთ, მაქსიმალურად, პროდუქტიულად გამოვიყენოთ ის და სულ უფრო ნაკლებად დავკარგოთ, მაგალითად, საკვების ლოდინში. სწორედ ამან განაპირობა „მეგობარის“ იდეის ჩამოყალიბება და შემდეგ მისი განხორციელება. რაც შეეხება პანდემიას, ნელ-ნელა ვიწყებთ ოფისებში დაბრუნებას, თუმცა ნაწილი ისევ მუშაობს სახლიდან, მაგრამ ეს არ ცვლის ზემოხსენებულ მოთხოვნებს, ვინაიდან ადამიანებს, ვინც სახლიდან მუშაობენ, მაინც არ აქვთ დრო, სადილები აკეთონ, ან საჭმელად, შესვენებაზე გავიდნენ. სწორედ ამიტომ, „მეგობარი“ მათთვისაც ძალიან აქტუალური და სწორ დროს გაჩენილი პროდუქტია. რაც შეეხება მიწოდებას, ჩვენ „ვოლტის“ ექსკლუზიური პარტნიორები ვართ და მომხმარებელს, შეკვეთას, უმოკლეს დროში ვუგზავნით. ბუნებრივია, შესაძლებელია ადგილზე მირთმევაც.

ახსენეთ, რომ „მეგობარი“ მომხმარებელს უნიკალურ მენიუს სთავაზობს. რას გულისხმობთ ამაში?

„მეგობარში“ თანამედროვეობაზე მორგებული ქართული სამზარეულოა წარმოდგენილი, რომელიც ძალიან კარგად ერწყმის სხვა ყველასთვის საყვარელ პოპულარულ კერძებს.

გვაქვს, მაგალითად, განსხვავებული ქართული ხორციანი წვნიანები და სხვადასხვა ბოსტნეულის კრემ-სუპები. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს  საყვარელი და ნაცნობი გემო ახლებურ ფორმატში შევთავაზოთ.

ასე დაიბადა ჩვენი სენდვიჩების იდეა და მას „საგზალი“ დავარქვით. საგზალი, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სახელები ვუწოდეთ, ამ რეგიონების გასტრონომიული უნიკალურობებითაა წარმოდგენილი. მაგალითად, „რაჭულ საგზალში“ აღმოაჩენთ – შქმერულ ქათამს,  მეგრულში – პესტოს, და ა.შ.

ასევე, გვაქვს საკმაოდ ნოყიერი საუზმე დილის საათებში – ხაჭოს კვერები ან ოლადები. საუზმის და ლანჩის ერთგული თანამგზავრი ახალდაფქული ყავაა, სადაც, ასევე, მრავალფეროვნებას ვთავაზობთ მომხმარებლებს.

რა არის „მეგობარის“ უპირატესობები? რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა თქვენი ბრენდი? 

„მეგობარის“ მთავარი უპირატესობები სისწრაფე და მოხერხებულობაა, რომელიც ჯანსაღ საკვებში ითარგმნება. არანაირი კომპრომისი ხარისხსა და გემოზე, თანაც – დროის ხარჯზე. ეს არის ჩვენთვის ამოსავალი წერტილი.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ „მეგობარი“ საქართველოში ყველაზე სწრაფი კვების ობიექტია, თუმცა, ჩვენთვის ინგრედიენტების ხარისხი და კერძების სიჯანსაღე, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, დიდ ყურადღებას ვაქცევთ ვეგეტარიანული და ვეგანური ხაზების განვითარებას. ქართული სამზარეულო ამის უსაზღვრო შესაძლებლობას გვაძლევს. 

გარდა ამისა, ჩვენთან მუდმივად ხდება მენიუს განახლება – გვემატება სეზონური კერძები. ასევე, ვაპირებთ, ყოველ ახალ სეზონს უნიკალური შეთავაზებებით შევხვდეთ.

მოდით, ვისაუბროთ „მეგობარზე“, როგორც ბრენდზე . . . 

ბრენდის კონცეფცია, ბუნებრივია, მეგობრობაა, რაც ნიშნავს ერთმანეთისთვის საუკეთესოს გაზიარებას. ჩვენ გემრიელ, ქართულ მოტივებზე შექმნილი კერძებს ვუზიარებთ მომხმარებლებს და გვინდა, გავხდეთ აქტიური, დაკავებული ცხოვრების მქონე ადამიანების შეკრების ადგილი, საუზმისა თუ ლანჩის დროს.

ჩვენთან მეგობრობა ნიშნავს მუდმივად ახალი გემოების აღმოჩენას და ყოველდღიური რუტინის მეტად გამრავალფეროვნებას. „მეგობარის“ მთავარი მიზანია, მოახერხოს ლანჩის კულტურის შეცვლა საქართველოში.

ამას ქართული ტრადიციული კერძების ადაპტაციით ვაკეთებთ, ანუ მათ უფრო ხელმისაწვდომსა და კომფორტულს ვხდით, ვამკვიდრებთ ყოველდღიურობაში.

სახელის შემუშავებასა და კერძების დამეგობრების კონცეფციის შექმნაში, მეგობარი სააგენტო „ჰოლი მოტორსი“ დაგვეხმარა, ბრენდინგზე კი ჩვენმა არტ-დირექტორმა ბაია ლომსაძემ იმუშავა. მანვე შექმნა ტიპოგრაფიული ლოგო. ინსპირაცია იყო ძველი სათავგადასავლო წიგნებიდან აღებული სათაურების სტილი, რომელიც თანამედროვეობაში ითარგმნა და მკვეთრი ტიპოგრაფია შეიქმნა. სტილს რაც შეეხება, აღებულია მინიმალისტური და ჩამჯდარი, რეტრო ფერები, რომელიც ქართული ტრადიციული კერძების თანამედროვე ფორმით მოწოდების იდეას პასუხობს.

რამდენად მოთხოვნადია „მეგობარი“ და მისი პროდუქცია? 

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 1 თვეა, რაც ბაზარზე ვართ, საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, როგორც ობიექტზე, ისე გამოძახების შემთხვევაშიც. ველოდებით მომხმარებელთა კიდევ უფრო გააქტიურებას, რადგან ცხელ წვნიანებსა და სეზონურ კერძებზე გაზრდილი მოთხოვნა უკვე შეიმჩნევა.

რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა„მეგობარი“, როგორც ბიზნესი და როგორ უმკლავდებით დაბრკოლებებს?

პირველი სირთულე იყო ნდობა, ამ ახალი და განსხვავებული კონცეფციის მიმართ, განსაკუთრებით კი პანდემიის საწყის ეტაპზე. ამ პერიოდში, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრ კვების ობიექტს შეექმნა პრობლემები და ბევრი მათგანი დაიხურა კიდეც. ამიტომ, უფრო მეტი დრო დაგვჭირდა ინვესტორების დასარწმუნებლად, რომ „მეგობარის“ კონცეფცია ზუსტად პანდემიის რეალობისთვის იყო შექმნილი: უკვე შეფუთული საკვები, რომლის ერთ-ერთი მიზანია სწრაფი მომსახურება.

გარდა ამისა, უკვე მუშაობის პროცესში აღმოჩნდა, რომ ეკო მეგობრული შესაფუთი მასალები ძალიან დეფიციტურია და არჩევანი თითქმის არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროდუქციის დიდი ნაწილი ქაღალდის შეფუთვებშია, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერც ადგილობრივ და ვერც საერთაშორისო ბაზარზე, ვერ ვნახეთ პლასტმასას ჩამნაცვლებლები, ჩვენს მაცივრებსა და პროდუქციას იდეალურად რომ ერგებოდეს. ამ საკითხის მოსაგვარებლად აქტიურად ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, მომავალში მთლიანად ეკო-მეგობრული შეფუთვებით ვიქნებით წარმოდგენილი.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ჩვენი მიზანია, საქართველოში ფუდშოპის ქსელი განვავითაროთ. ასევე, რაც შეიძლება მალე გავიტანოთ „მეგობარის“ სახით, ქართული სამზარეულო სხვა ქვეყნებში, ვგულისხმობ ფრანშიზის მოდელს.

ქართულ სამზარეულოს ნამდვილად აქვს პოტენციალი, ყველასთვის საყვარელი და ერთ-ერთი მოთხოვნადი საერთაშორისო სამზარეულო გახდეს.

პრინციპში, ადგილობრივი ქსელის განვითარებასა და კონცეფციის ექსპორტზე უკვე ვზრუნავთ. მიგვაჩნია, რომ სწორედ ახლა არის იდეალური დრო მსოფლიოს ახალი ფორმატით გავაცნოთ ქართული სამზარეულო.

 

[R]

ნუგზარ ლოლაძე – #პირველისამსახური

საქართველოში ახალგაზრდული Eurobest 2021 იწყება!