in

„მეგობარი ციხეში, მე – ციხესთან“ – დათო სიმონიას შემოქმედებითი პროტესტი

„მეგობარი ციხეში, მე – ციხესთან“ – ამ გზავნილით, დათო სიმონია, კვირაზე მეტია, ზაჰესის იზოლატორთან ათევს ღამეს და ასე უცხადებს სოლიდარობას დაჭერილ მეგობარსა და უკანონოდ დაპატიმრებულ ასეულობით ადამიანს. დათო სიმონია გრაფიკოსი დიზაინერია. მის ნამუშევრებს მარკეტერის მკითხველი კარგად იცნობს. მის ილუსტრაციებსა და ტიპოგრაფიას, ხშირად, თანამედროვე და მითოლოგიური თხრობა შთააგონებს. ამავე ხელწერით ხშირად ეხმიანება სამოქალაქო პროტესტსაც და როგორც თავად ამბობს, ილუსტრაციებისა და პოსტების დახმარებით, ზრუნვისა და სიყვარულის ენერგიით, ადამიანებში თანაგრძნობის გაღვივებას.

ვიზუალური ხელოვნებისადმი ინტერესი ბავშვობიდანვე ჰქონია: „სენაკში, სადაც გავიზარდე, ბავშვობისდროინდელი რვეული ვიპოვე, სადაც ვიღაცების ტანები მქონდა ამოჭრილი და იმდროინდელი პოლიტიკოსების თავები მქონდა მიწებებული“. ზრდასრულ ასაკში კი, ეს საქმე YouTube-ისა და ექსპერიმენტების დახმარებით დამოუკიდებლად შეისწავლა და სხვადასხვა საკომუნიკაციო სააგენტოში მუშაობის შემდეგ, ფრილანსერობა დაიწყო. ამ დღეების განმავლობაში, დათო სიმონია ბევრმა გაიცნო, როგორც სამაგალითო სამაგალითო მეგობარი და მოქალაქე, ჩვენ კი გიამბობთ, როგორ აქცია გრაფიკული დიზაინი და კომუნიკაცია სამოქალაქო პროტესტის მხარდაჭერის საშუალებად.

M: დათო, შენი ილუსტრაციებით ხშირად ეხმიანები მოქალაქეების პოზიციას. როგორ იყენებ პროფესიას პროტესტის გამოხატვისას?

შევამჩნიე, რომ სახალხო პროტესტებს, რაშიც მე ვიყავი ჩართული არასოდეს ჰქონდა პერმანენტული და ხარისხიანი მედია მხარდაჭერა, შესაბამისად, საინფორმაციო ნაწილში ჩავარდნა ჰქონდათ. მივხვდი, რომ პროფესიიდან გამომდინარე, ჩემი საქმე იყო ძალიან რთული საკითხი ძალიან მარტივად ამეხსნა ადამიანებისთვის, სწორედ ეს უნარი გამოვიყენე ამ მოძრაობების გზავნილებისა და სიმართლის ფართო საზოგადოებამდე მისატანად. ვაკეთებდი ინფოგრაფიკებს, ვიღებდი ფოტოებს და ტექსტურ ნაწილს ვურთავდი, ილუსტრაციებიც შევქმენი რიონის ხეობის მოძრაობის წევრებისთვის და ასე ვეცადე ადამიანების ყურადღების ამ საკითხებისადმი მიმართვა. დღეს, ჩემს პორტფოლიოში არის ნამუშევრები რიონის ხეობის გადასარჩენად, რაჭის ტყეების, ბალდის კანიონისა და შქმერის  შესანარჩუნებლად დაწყებული მოძრაობისთვის და პატარ-პატარა აქტივობები სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობისადმი სოლიდარობის გამოსახატად.

M: რას ნიშნავს შენთვის სამოქალაქო პროტესტის ვიზუალური კონტენტით გამოხატვა?

გრაფიკული დიზაინის ინსტრუმენტები და საერთოდ, ვიზუალური კომუნიკაციის მეთოდები ისაა, რაც შედარებით კარგად მესმის. ამიტომ, მირჩევნია სწორედ ის გამოვიყენო „ბრძოლის პროცესში“ და რაც ვიცი, ის ვაკეთო.

M: შენი შეფასებით, რატომ არის მნიშვნელოვანი პროტესტში შემოქმედების გამოყენება?

შემოქმედებითობას მოაქვს ემოცია და მეტი შანსი აქვს, რომ თანაგრძნობა გააღვივოს მნახველებში. მაგალითად, მე რომ ბალდის კანიონის მოძრაობის ერთ-ერთ წევრ ქალბატონს დავხატავ, შეიძლება მნახველი ვერ ჩავიდეს იმ სიღრმემდე, თუ რა კორუფციული სქემა მუშაობს, მაგრამ იმ ემოციას მიიღებს, რამაც შეიძლება ამ საკითხზე მეტის გარკვევისკენ უბიძგოს. შემოქმედებითობა იძლევა საშუალებას, რომ ადამიანური გულის სიმები შეარხიოს და სოლიდარობა გამოიწვიოს.

ჩემს კოლეგებსა და საკომუნიკაციო სფეროს ადამიანებს ვთხოვდი, რომ ბევრად აქტიურად ჩაერთო ამ საინფორმაციო ომში. ძალიან ბევრი ნიჭიერი და მეტიც, გენიალური არტისტი გვყავს ქვეყანაში და ნებისმიერი უნარი შეიძლება აღმოჩნდეს სასარგებლო ამ პროცესში. თუკი 100 წლის წინ, ელიტის წარმომადგენლებს ჰქონდათ იმის ფუფუნება, რომ რაიმე დაეწერათ, გამოეცათ ან შეექმნათ, დღეს, ამის საშუალება ყველას აქვს – საკუთარი სმარტფონისა თუ ლეპტოპის დახმარებით. საინფორმაციო ომში საკომუნიკაციო სფეროს ადამიანების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

M: ზაჰესის იზოლატორისკენ, შენკენ მომავალ გზაზე ცოტნე დადიანის ისტორია მახსენდებოდა, რომლის თავდადებაზეც არაერთხელ მოგვისმენია ბავშვობაში – როგორ წაისვა ტანზე თაფლი, შეიკრა ხელ-ფეხი და სასიკვდილოდ განწირულ მეგობრებს გვერდით მიუჯდა… ეს იყო XIII საუკუნეში და დღეს, ჩვენი თვალით ვხედავთ მსგავს თავგანწირვას…

წარმოიდგინე, რომ იმ დროს, მან გამოხატა თავგანწირვა იმით, რაც გააჩნდა – საკუთარი სხეულით. მაშინ არც ადამიანთა უფლებების დაცვის კონვენციები არსებობდა, ალბათ, არც სამართლო… შედარებით ველური პირობები იყო, ამიტომ ადამიანები იმით იბრძოდნენ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც გააჩნდათ. ძალიან დამთრგუნველია იმის გააზრება, რომ დღეს, 2025 წელს, როდესაც კაცობრიობა მარსის კოლონიზაციაზე ფიქრობს, ჩვენ საკუთარი სხეულებით გვიწევს ბრძოლა. მე მეტი რესურსი არ მაქვს, გარდა იმისა, რომ აქ დავდგე და გავაქვავო ჩემი სხეული, რადგან ვერცერთ ინსტანციაში, რომელსაც ჩემი მეგობარი უსამართლობისგან უნდა დაეცვა, სამართალი ვერ ვნახე. სხვა რა შეუძლია ადამიანს, რომელიც მშვიდობიანი პროტესტის მომხრეა? შემაძრწუნებელია, რომ გარემოებიდან გამომდინარე, კვლავაც გვიწევს საკუთარი სხეულებით ბრძოლა.

M: როგორც ვხედავ, ამ სიცივეშიც ლეპტოპით ხარ და არ წყვეტ ილუსტრაციების შექმნას… როგორ ახერხებ ასეთ პირობებში შემოქმედებითი ენერგიის მოკრებას?

დისტანციურ მუშაობას, ჯერ კიდევ, პანდემიის პერიოდში შევეჩვიე, როდესაც რიონის ხეობის გადასარჩენად შეკრებილ ადამიანებს შევუერთდი. სადღაც, ტყეში გვქონდა კარავი ჩართული და გენერატორის დახმარებით ვახერხებდი მუშაობას. იგივე ხდებოდა სხვა საპროტესტო მოძრაობების დროსაც. ახლაც, გარე დამტენი შევიძინე, რომ პროტესტის პარალელურად, ილუსტრაციები შევქმნა სასამართლო თემატიკაზე, რის შესახებაც ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს არ აქვს ინფორმაცია. მინდოდა ბროშურები შემექმნა და აქ მოსული ადამიანებისთვის დამერიგებინა. ძალიან ბევრი მოდის, თანადგომას მიცხადებენ მე და რეჟიმის პატიმრებს, ამიტომ ჯერ საამისოდ ვერ გამოვნახე დრო.

რაც შეეხება ხმაურსა და აქ არსებულ „პირობებს“, ვისაც მარკეტინგულ სააგენტოებში უმუშავია, მისთვის ნაცნობი იქნება მსგავსი ტიპის სამუშაო გარემო – სამუშაოსთვის დამახასიათებელი ქაოსი, სადაც უამრავი ადამიანი მოძრაობს და ერთი დიდი შემოქმედებითი ქაოსია. ძალიან დიდი მადლობა მაგ გამოცდილებას, თურმე, რისთვის ვემზადებოდი – იმის ფონზე, აქაური სამანქანაო ხმაური არაფერი ყოფილა. შემიძლია მშვიდად ვიჯდე და ტრაილერების მოძრაობის პარალელურად, კონცენტრაცია შევინარჩუნო.

M: სხვადასხვა საპროტესტო მოძრაობაში ჩართული, რეგულარულად ქმნი ხოლმე ნამუშევრებსა და თემატურ პოსტებს. რა გაძლევს ძალას, რომ ასე თანმიმდევრულად და დისციპლინირებულად შექმნა ეს ყველაფერი?

ამაზე ბევრი მიფიქრია და შევნიშნე, რომ ორი ტიპის საწვავი არსებობს – ბრაზი და სიყვარული / ზრუნვა. მყავს მეგობრები, რომლებსაც ბრაზი აძლევთ ძალას და მესმის მათი მოტივაციის. ჩემი აზრით, ბრაზის ენერგია დროებითია, აფეთქებასა და მინელებას შორის გიწევს მოქმედება, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩემი ენერგია სიყვარულისა და ზრუნვიდან გამომდინარე მოდის.  ამიტომაც, ეს „საწვავი“ ხანგრძლივად მყოფნის და არაა გასაკვირი, რომ შრომაც არის ერთგვაროვანი და არ აქვს ჩავარდნის პერიოდი, რაც პროტესტის გრძელვადიანად გამოხატვაში გეხმარება, მაგალითად, რიონის ხეობაში 600 დღის განმავლობაში ვიყავით…

რაკი ზრუნვის ენერგიას ვიყენებ, ისე გამოვიდა, რომ სულ გარემოსდაცვით პროტესტებს ვუერთდები. ახლაც, ჩემი პროტესტი ზრუნვიდან გამომდინარეობს, რომ იმ უსამართლობას, რაც ჩემს მეგობარს და კიდევ უამრავ ადამიანს შეემთხვა, მეც ვიზიარებ.

M: ეს მზრუნველობა შენს ილუსტრაციებშიც კარგად იკითხება, რომ მფარველი ენერგია მის მხარესაა, ვინც დაჩაგრულია. მახსოვს, პირველად რომ დავწერეთ შენს ნამუშევრებზე – თუშურ და ხევსურულ თქმულებებზეც კი მსგავსი ხელწერა შეინიშნებოდა…

კი, ხშირად ვხატავ ჩახუტებას ილუსტრაციებში, როგორ ეხმარებიან სამყაროს ძალები მართალ ადამიანებს. ძალიან მაინტერესებს ისტორია და ეთნოგრაფია, ხშირად ვფიქრობ დავაკვირდები, თუ რა ეხმარება ადამიანებს რაღაცის გაძლებაში. ალბათ, ეს მიბიძგებს, რომ ილუსტრაციებში მფარველობა და ზრუნვა ამ სახით გამოვხატო.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Uncommon-მა მიაგნო იმას, რაც გორდონ რემზის დაამშვიდებს

ჩინური კომპანია „მსოფლიოში ყველაზე თხელი“ დასაკეცი ტელეფონის გამოშვებას აპირებს