in

ახლო მეგობრებთან ურთიერთობა სტრესის ჰორმონის დონეს ამცირებს

სტრესთან გამკლავების მიზნით, ქალებს თანატოლებთან დამეგობრება შეუძლიათ

ალბათ, არაერთხელ გაგიგონიათ ფრაზა “ადამიანი სოციალური არსებაა”… მართლაც, ჩვენი სოციალიზაციისკენ მიდრეკილება მთელი ცხოვრების განმავლობაში, თანაბრად თვალსაჩინოა მოზარდებსა და ზრდასრულებში. ახლად ჩატარებულმა კვლევამ კი ის ძირითადი განსხვავებები გამოყო, რომლებიც სხვადასხვა ასკობრივ ჯგუფში საკომუნიკაციო გზების თვალსაზრისით არსებობს.

M2
M2

Beckman Institute-ის ყოფილი დოქტორანტების, მიშელ როდრიგესის და სი ონ იუნის ხელმძღვანელობით, ინტერდისციპლინარულმა ჯგუფმა შეაფასა, თუ როგორ მოქმედებს საუბარზე მოსაუბრეთა ასაკი და როგორ იქცევა ეს ფაქტორი მეგობრობის განმსაზღვრელად. ეს განსაკუთრებით ცხადია ქალების შემთხვევაში.

აღნიშნულ, ქალებზე ორიენტირებულ კვლევას ორი ჰიპოთეზა ქმნის. პირველი – ზრუნვისა და მეგობრული ურთიერთობის ქონის ჰიპოთეზა, რომელიც მამაკაცებისთვის დამახასიათებელ მწვავე სტრესულ რეაქციას ეწინააღმდეგება. “ქალებმა სტრესის საპასუხოდ ალტერნატიული მექანიზმის შეიმუშავეს. სტრესთან გამკლავების მიზნით, ქალებს თანატოლებთან დამეგობრება შეუძლიათ” – ამბობს მიშელ როდრიგესი.

ასევე, გუნდმა სოციალურ-ემოციური შერჩევითი ჰიპოთეზაც შეამოწმა, რომელიც სოციალურ “გასხვლას” გულისხმობს. ამას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანები უფრო ინტიმურ, ახლო და თავიანთთვის “მჭიდრო” სამეგობრო წრეს ირჩევენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ასაკის, როგორც ცვლადის ამ სფეროში დანერგვა ინოვაციურ სიახლეს წარმოადგენს, რაც ბეკმანის ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის შედეგია. მიშელ როდრიგესი მეგობრობის ფაქტორის შესწავლის თვალსაზრისით მხოლოდ მოზარდებს იკვლევდა, ვიდრე სი ონ იუნის არ შეხვდა. ეს უკანასკნელი მოზარდებსა და ზრდასრულებში საუბრის კოგნიტურ მექანიზმებს იკვლევს.

“ჩემი კვლევის პროგრამა სოციალურ ურთიერთობებში ენის ფაქტორზე იყო ფოკუსირებული. მიშელ როდრიგესთან თანამშრომლობა კი ინტეგრაციული მიდგომის შექმნას ემსახურება, რომელიც მოიცავს როგორც ენის დამუშავებას, ისე ფიზიოლოგიურ ასპექტებს” – განაცხადა იუნიმ.

ინტერდისციპლინარულმა გუნდმა ორივე თეორია ერთი კითხვის ირგვლივ გააერთიანა – როგორ აისახება ურთიერთობისა და მეგობრობის, ისევე როგორც სოციალური შერჩევადობის ტენდენცია მათ კავშირებზე?

კვლევაში 16 “უფროსი” – 62-79 წლის, ხოლო 16 “უმცროსი” 18-25 წლის ქალი მონაწილეობდა. ყოველი მათგან წყვილებად დაჰყვეს (ზოგიერთი წყვილი ნაცნობებისგან შედგებოდა, ნაწილი კი – უცნობებისგან). მათ ჩინური გეომეტრიული თავსატეხის ნაკრები, ტანგრამი უნდა ამოეხსნათ – ყოველი ფორმა აბსტრაქტული და მიზანმიმართულად რთული იყო.

თამაშის პრინციპი ასეთი იყო – რაც უფრო ნაკლები სიტყვა დასჭირდებოდათ დავალების შესასრულებლად, უფრო ეფექტურად მიიჩნეოდა დამყარებული კომუნიკაცია. შედეგად, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მართალია, უმცროსი ნაცნობი წყვილები ერთმანეთთან კარგი ურთიერთობის დამყარებას ახერხებდნენ, მაგრამ იგივე შედეგს ვერ იღებდნენ უცნობებთან. ამის საპირისპიროდ, ხანდაზმულმა ქალებმა უკეთესი სასაუბრო უნარ-ჩვევები გამოავლინეს როგორც ნაცნობებთან, ისე უცნობებთან.

“მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმული ადამიანები ამჯობინებენ უფრო მეტი დრო გაატარონ მათთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან, აშკარაა, რომ მათ უცხოებთან საკომუნიკაციო სოციალური უნარები გააჩნიათ” – თქვა როდრიგესმა.

გარდა ამისა, მკვლევართა გუნდმა, მონაწილის სტრესის დონის დასადგენად სანერწყვე კორტიზოლიც გაზომა. როდესაც რაიმე სტრესულს განვიცდით, ჩვენი ძირითადი სტრესის ჰორმონი, კორტიზოლი სისხლში გლუკოზის მატებას იწვევს, რაც ნერწყვზეც აისახება. და როგორც აღმოჩნდა, ორივე ასაკობრივ ჯგუფს ნაცნობ პარტნიორებთან კორტიზოლის დაბალი დონე ჰქონდათ, განსხვავებით უცნობებთან კომუნიკაციისას.

დროის მენეჯმენტი არ გვიშველის

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ტრეილერი – BBC Creative