in

#მეგობრობისდღიური – ნათია გედენიძის ნაამბობი

ნათია გედენიძე – პიარის სპეციალისტი

BOG
BOG

დავით მალტეზე – ნათიას მეგობარი

 

ნათია გედენიზე და დავით მალტეზე (ნათიას მეგობარი)

ნათია გედენიძე: ჩვენი მეგობრობა აქ, თბილისში, სკოლის კედლებიდან იწყება. შემდეგ საესტრადო ანსამბლში და  იქიდან მოწყობილ ტურებში გაგრძელდა. დღეს დისტანციის გამო, უფრო გამძაფრებულია.

მაშინ სხვადასხვა სქესის გულწრფელ მეგობრობას ყოველთვის ეჭვით უყურებდნენ. მე დღესაც მწამს.

დათოს ნიჭს დღეს უკვე ბოლომდე ვაცნობიერებ. ერთხელ, გასტროლზე  სპექტაკლი დადგა. ცხადია,  მთავარი როლი მომცა (ნუ, მეგობრული ნეპოტიზმი მაშინ ასე გამოხატა). „მაიძულა“ ზედმიწევნით შევსულიყავი როლში და სწორად მეთამაშა. თვითონ რეჟისორიც იყო და მეორე მთავარი როლის შემსრულებელიც. ტურის დასასრულს მირჩია, კარგად გამოგივიდა, გარეგნული მონაცემებიც გიწყობს ხელს და იქნებ, მსახიობობაზე იფიქროო. არც მომისმენია აზრიანად, ახლა დავფიქრდი ამაზე.

1980-იან წლებში ფოტოგრაფია არც განვითარებული იყო და დიდ ფუფუნებას წარმოადგენდა. სკოლას კვირაში ერთხელ სტუმრობდა ფოტოგრაფი. მე (თურმე საიდან მქონდა ამისკენ სწრაფვა) ამ მოხუცთან ვატარებდი  შესვენებებს, და ვინ იქნებოდა ჩემს გვერდზე, თუ არა დათო?!  ვიღებდით და აღარ ვბეჭდავდით. ასე ვცელქობდით, მერე ,,პრევიუ’’ ვერსიებს ვათვალიერებდით, ჩვეული სიმშვიდით მეტყოდა დავაბეჭდინოთო და მე „მატრაკვეცა” – არა მოდი, კიდევ გადავიღოთ-მეთქი. ასე გრძელდებოდა კარგა ხანს. დათო ერთადერთი იყო, ვინც ჩემს ახირებას გაგებით ხვდებოდა. მაშინ გადაღებული ფოტოებიდან მხოლოდ  ერთი შემოგვრჩა. გული მტკივა, რომ ჩვენ მეტი საერთო ფოტო არ გვაქვს, ჩავალ ათენში, პრემიერაზე დავესწრები ისე, რომ ,, ბისსზე“ გამოსულმა მნახოს და მერე კიდევ გვექნება ფოტო.

დათო თვითონ მუსიკით იყო გატაცებული, გიტარაზე უკრავდა. ესეც მასწავლა, სანამ ქვეყანას დატოვებდა და ემიგრაციაში წავიდოდა, ათენში.

ვიცი, ბევრი სირთულე გადაიტანა, არანაირი სამსახური არ ითაკილა, სწავლაც შეძლო თეატრალურში და დღეს წარმატებული მსახიობია. ამჟამად, იქ მსახიობთა 92%  უმუშევარია. დათო კი ზუსტად, იმ 8%-შია, რომლებიც სულ მუშაობენ. ყოველ სეზონზე სხვადასხვა როლს სთავაზობენ.

ერთი წლის წინ ქართველ ჟურნალისტს ინტერვიუზე შეხვდა, ცხადია მოკითხვა დააბარა და ერთი სახსოვარი გამოატანა. საფულიდან პირველივე კუპიურაზე თავისი ხელმოწერით გამათბო. გაოცებულმა გადმომცა გზავნილი კოლეგამ და კითხვაც ვერ დამისვა. ალბათ,  სახეზე იმაზე ბევრი მეწერა, ვიდრე ვეტყოდი.

24 წელია, მხოლოდ ფოტოებზე ვხედავ.

დათო,

მოენატრე საქართველოს, მეგობრებს და  ნათიას!

სიურპრიზი! ექსტრემალური საჰაერო გასეირნება, თანხის გადახდის ნაცვლად

ადამიანების მენეჯმენტი – პროფესიული განვითარების განუყოფელი ნაწილი