ინტერნეტსივრცეში მეგრულ-ქართული ონლაინ ლექსიკონი გამოჩნდა. ლექსიკონით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც კომპიუტერით, ისე სმარტფონით, ვებგვერდზე www.megrulad.ge. მეგრულ-ქართული ონლაინ ლექსიკონის შექმნის იდეა 24 წლის ბიჭიკო (ჰარი) კოდუას მოუვიდა. ის პროფესიით ინჟინერია. ამჟამად, ტალინის ტექნოლოგიური და ტარტუს უნივერსიტეტების კიბერ-უსაფრთხოების გაერთიანებული სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე სწავლობს და ტალინშივე მუშაობს დეველოპერად. მარკეტერი პროექტის დეტალებით დაინტერესდა და ბიჭიკო კოდუას დაუკავშირდა.
ბიჭიკო კოდუა, პროექტის ავტორი:“ლექსიკონის შექმნისთვის რამდენიმე მიზეზი მქონდა: პირველი, მე ვარ მეგრელი და მინდა, ჩემი მშობლიური კუთხის ენა უფრო პოპულარული გავხადო. გარდა ამისა, ვინაიდან მეგრული ენა არსად ისწავლება და მხოლოდ ზეპიერსიტყვიერად გადაეცემა თაობებს, ნელ-ნელა განიცდის ცვლილებებს და ბევრი სიტყვის მნიშვნელობა იკარგება. მაგალითად, დღეს ძალიან ბევრი ბარბარიზმია მეგრულ ენაში და რეალურად რომ დავფიქრდეთ, მათი მეგრული შესატყვისი ამ ენაზე მოსაუბრეთა 95 პროცენტმაც კი არ იცის. როდესაც ინტერნეტში არსებულ სახვადასხვა მეგრულენოვან წყაროს გადავხედე, აღმოჩნდა, რომ ბევრი სიტყვა არც კი გამეგო. თანამედროვე მეგრული გაჯერებულია ქართული და რუსულენოვანი შესატყვისებით. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე შემექმნა ონლაინ ლექსიკონი, რომელიც მოსახერხებელ საძიებო სისტემას შესთავაზებდა საიტის ვიზიტორებს და ამასთანავე მეგრული ენის შენარჩუნებას შეუწყობდა ხელს. ჩემს ვებგვერდს არ აქვს პრეტენზია რომ პირველი მეგრულ-ქართული ონლაინ ლექსიკონია. უბრალოდ, ყველაზე მეტი სიტყვაა და სიტყვების ხმოვანი ინტერპრეტაციით პირველია. მიზანი უკეთესის გაკეტება იყო.”
კითხვაზე, მოიაზრებს თუ არა პროექტის კომერციალიზაციას, ბიჭიკომ გვიპასუხა: “როდესაც მუშაობა ამ ვებგვერდის შექმნაზე დავიწყე, არც მიფიქრია რაიმე სახის კომერციულ პროექტაც ქცეულიყო და დღესაც ამ აზრზე ვარ. ის, უბრალოდ, მეგრულის შენარჩუნებას და პოპულარიზაციას ემსახურება. მაქსიმუმ შეიძლება დაემატოს გარემო, შემოწირულობისთვის, რაც ხელს შეუწყობს ჰოსტინგის და სხვა ხარჯების დაფარვას.”