in

გიორგი უშიკიშვილი – მეღვინე და მასპინძელი

თუკი ქართული მრავალხმიანი სიმღერა თქვენი გულის სიმებსაც არხევს, გიორგი უშიკიშვილის  ხმაც მოაღწევდა თქვენამდე. არაერთი წელია, ტელეეკრანებიდან გვიზიარებს ქართულ ფოლკლორს და მშობლიურ ტრადიციებთან გვაახლოებს. ამჯერად, მისი, ღვინისა და მასპინძლობის ამბავს მოგიყვებით. ამისათვის კი, ცოტა ხნით, ახმეტაში გადავინაცვლოთ, სადაც სათიანოს უბანში, გიორგი უშიკიშვილმა წინაპრების სამოსახლო გააცოცხლა და სტუმრებისთვის დასვენებისა და შემეცნების სივრცედ გადააქცია, თავისი პროფესიული ცოდნა ხელშესახებ გამოცდილებად გარდაქმნა და მასპინძლობის გარდა, მეღვინედაც მოევლინა სტუმრებს. როგორც არაერთ ქართულ ოჯახში, მასთანაც, ღვინის დაწურვა ოჯახური ტრადიცია ყოფილა. ფოლკლორისტი ახმეტაში გადავიდა საცხოვრებლად, უმეტეს დროს იქ ატარებს, თავად ხვდება სტუმრებს.

„უკვე მრავალი წლის განმავლობაში, ვცდილობ ჩვენი კულტურა გავაცნო საზოგადოებას, ამა თუ იმ ფორმით – პროექტებით, გადაცემებით, ტელეშოუებით, გამოცემებით თუ სხვა საშუალებებით. ახლა, ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე, ვცდილობ ადამიანები პროცესების უშუალო მონაწილეებად ვაქციო. ჩემი სპეციალობა, ასე ვთქვათ, შემოსავლიანი არაა ამ ქვეყანაში, ამდენად, დავიწყე იმის კეთება, რაც ძალიან მიყვარს, რასაც მთელი ცხოვრებაა ვაკეთებ და ოჯახისთვისაც ბიზნესის სახე მიეცა.

ზოგადად, სიახლეების მიმართ ღია ვარ. მიყვარს რაღაცების ახლიდან დაწყება. ვფიქრობ, ადამიანმა ის უნდა აკეთო, რაც გიყვარს და კარგად გამოგდის. ის, რასაც ახლა ვაკეთებ ახლოსაა ჩემს პროფესიასთან, გადაჯაჭვულია ფოლკლორთან და ეთნოგრაფიასთან და არ არის მხოლოდ ბიზნესი. ამავდროულად, კვლავაც მზადყოფნაში ვარ, რომ გავაგრძელო ის საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდი და ჩემი ამ საქმით დაკავებით უფრო მეტად დავუახლოვდი იმ სფეროს, რაც ასე ძალიან მიყვარს,“ – გვიამბო გიორგი უშიკიშვილმა.

„შატომარანის“ ადგილას, საუკუნის წინ, სახლი ყოფილა აშენებული. აგურის შენობის ნაცვლად, ადრე, ახმეტის პირველი სკოლა იყო განთავსებული, რომელიც უშიკიშვილის წინაპრებს შეუძენიათ, მოგვიანებით კი, სტუმრების მისაღებად განკუთვნილი. სასტუმროში წინაპრების ოთახების მაგივრად, დღეს, ნომრებია მოწყობილი. თანამედროვე ოთახების გარდა, ბებო-პაპის ქვის ოთახებსა და კოშკში განლაგებულ ნომრებში ძველებური ავთენტურობა მნიშვნელოვანწილადაა შენარჩუნებული. იქვეა მარანიც – ფოლკლორისტის წინაპრები სწორედ იქ წურავდნენ ღვინოს და სიმღერასაც დააყოლებდნენ ხოლმე. როგორც მასპინძელი გვიყვება, სასტუმროს მოსაწყობად, სოფელ-სოფელ დადიოდა, რათა ადგილობრივი კულტურისთვის დამახასიათებელი ძველებური ნივთები მოეძიებინა და ერთ სივრცეში მოეწყო. ამიტომაცაა, რომ „შატომარანის“ ეთნოოთახებში, ტელევიზორების ნაცვლად, ვინილის ფირსაკრავებითა და  შეგიძლიათ შეიქციოთ თავი. თანამედროვედ მოწყობილ ოთახებში კი სრულიად სხვა განწყობა დაგხვდებათ, ხოლო აუზი და სხვა გასართობი დასვენების დღეებს კიდევ უფრო გაგიმრავალფეროვნებთ.

მასპინძლისთვის, ესაა საშუალება თავისი ცოდნა და ქართული კულტურისადმი უსაზღვრო სიყვარული დაუვიწყარ ხელშესახებ გამოცდილებად აქციოს სტუმრებისთვის, რომელთაც სპეციალურად გამართულ საღამოებსა და მასტერკლასებში უშუალოდ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. შეიძლება ითქვას, ამ სახით შენარჩუნდა საგანმანათლებლო იდეა, რომელიც „შატომარანის“ ადგილას მდგარ სკოლას ჰქონდა, ათწლეულების წინ.

„მინდოდა შემექმნა ადგილი, რომელიც მხოლოდ სტუმრების მისაღებად კი არ იქნებოდა გათვალისწინებული, არამედ ქართული ტრადიციების, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის გაცნობის სივრცედ იქცეოდა. მსურდა, საზოგადოებისთვის უფრო ახლოს გამეცნო ქართული ტრადიციული მუსიკა, გამოყენებითი ხელოვნება და კულტურა. ამ შთაგონებით ჩამოვაყალიბეთ თემატური დღეები – თუშების საღამო, ფშავლების საღამო და ა.შ. ესაა სივრცე, სადაც არამხოლოდ გართობა და დასვენებაა შესაძლებელი, არამედ ქართული ფესვების უფრო ახლოდან გაცნობა.

დიდი ხნის განმავლობაში, ამ ყველაფრის შესახებ ტელევიზიით ვყვები. ამჯერად კი, მთავარი იდეაა კულტურის რეალურ სივრცეში გაცნობა, რის საშუალებაც ეძლევათ როგორ უცხოელ სტუმრებს, ასევე ადგილობრივ მსურველებს.

სხვადასხვა კუთხის მუსიკით ტკბობისა და კახური კერძების მირთმევის გარდა, „შატომარანის“ სტუმრებს გიორგი უშიკიშვილი პირადად მასპინძლობს.

„სპეციალურად, თუშური საღამოებისთვის, ჩვენთან ჩამოდიან თუშები, თავიანთი საკრავებითა და ეთნოსამოსით. მათ შორის არიან თუშური ხინკლის ოსტატები. პირდაპირ ეზოში, დიდ ცეცხლზე ვხარშავთ ხინკალს, რომელთა მოხვევაც სტუმრებს თავად შეუძლიათ. მინდორზე გაშლილია ფარდაგები და მთელი დღე ცეკვა-სიმღერითა და მხიარულებით არის დატვირთული. მსგავსია ქისტური საღამოც, რომლის ფარგლებშიც პანკისის ხეობიდან გვესტუმრებიან მომღერლები, წარმოდგენილი იქნება მათი ეთნოგრაფია – კერძებით, სამოსითა და უალკოჰოლო ლუდით. იქნება, ფშავის კულტურის დღე, აუცილებლად ვგეგმავ ოსურსაც.  ესაა ადგილობრივი კულტურის გაცნობა, სადაც სტუმრები უშუალოდ მონაწილეობენ ყველა პროცესში“.

უშიკიშვილებისას, ოჯახური მცირე მარნის ღვინის გასინჯვაცაა შესაძლებელი, რომლის დავარგებასაც ფოლკლორისტი თავად ხელმძღვანელობს. წინაპრებისეულ მიწაზე გაშენებული ვენახიდან, „შატომარანის“ სტუმრებს ქვევრის ქისის, ხიხვის, რქაწითელისა და საფერავის ბიოღვინის, არყისა და ჭაჭის მირთმევა შეუძლიათ. მასპინძელი ქართული ხორბლის გაშენებითაცაა გატაცებული – „შატომარანში“ ადგილზე მოყვანილი წითელი დოლის პურიც ცხვება.

საინტერესოა, რომ ეს ძალიან ლამაზი მხარე – ახმეტა – ტურისტული თვალსაზრისით, ნაკლებადაა ათვისებული. მამა-პაპის კარმიდამოში გიორგი უშიკიშვილმა ბევრად დიდი პოტენციალი დაინახა, ვიდრე უბრალოდ, სასტუმრო ბიზნესის წამოწყება იქნებოდა. „შატომარანი“ მისთვის კულტურის ცენტრია, რომელმაც ბინა ახმეტის შუაგულში დაიდო და ქართული ეთნოგრაფიით დაინტერესებული ადგილობრივები და უცხოელები დააინტერესა.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Burger King-ის 80-იანი წლების რესტორანი ხელუხლებელი იპოვეს

ბრენდის სახელი ბრენდის მნიშვნელობას უტოლდება