4
Jul
2019

„მეღვინეობა ხარება“აქტუალური გზავნილით ტურისტებს საქართველოში სტუმრობისკენ მოუწოდებს

4 Jul 2019

საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, დღეს, როგორც არასდროს, ტურიზმი უდიდესი გამოწვევის წინაშე დადგა. საჭირო გახდა, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად გაეგო მსოფლიოს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში, არის ულამაზესი ქვეყანა – საქართველო. ქვეყანა უამრავი ლამაზი ტრადიციითა და ღირსშესანიშნაობით.. შექმნილმა მდგომარეობამ ქართულ კომპანიებსა და ბიზნესებს ბიძგი მისცა, კიდევ უფრო მეტად შეეტანათ წვლილი საქართველოს პოპულარიზაციაში და შედეგად, მრავალფეროვანი კამპანიები შეექმნათ.

 

სწორედ ამ მოვლენების ფონზე, ქართული ღვინის კომპანიისთვის “მეღვინეობა ხარება” ინსპირაცია ცოტა ხნის წინ შექმნილი პროექტი #Spendyoursummeringeorgia გახდა. კომპანიამ ორიგინალური მარკეტინგული გადაწყვეტით გამოუცხადა მხარდაჭერა ტურიზმის ხელშეწყობის ამ უნიკალურ პროექტს: „მეღვინეობა ხარება“ წარმოებაში ჩაუშვებს ღვინოს სპეციალურ ეტიკეტირებით და დიზაინით, რომელიც პირდაპირი გზავნილი იქნება მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ტურისტისთვის, რომ მათ ზაფხული სწორედ საქართველოში გაატარონ!

აღსანიშნავია, რომ „მეღვინეობა ხარებას“ პროდუქცია დღეისათვის მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის საექსპორტო ბაზარზეა წარმოდგენილი. შესაბამისად, სპეციალურად ამ პროექტის მხარდაჭერისთვის შექმნილი ლეიბლით ღვინოს, რომელზეც დატანილი იქნება გზავნილი #Spendyoursummeringeorgia და ასევე პროექტის ლოგოტიპი, 1,5 მილიარდზე მეტი ადამიანი 20-მდე ქვეყანაში იხილავს. ეს კი პროექტის კომუნიკაციის მასშტაბებს უზარმაზარ სინერგიას მისცემს!

„მეღვინეობა ხარება“ ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია საქართველოში, რომლის უმთავრესი მისია და ამოცანაა ქართული ღვინის წარმოების 8000 წლიანი ისტორიისა და ტრადიციების გაგრძელება, რაც გულისხმობს უნიკალური ქართული ყურძნის ჯიშების მოძიებას, დაცვას და გადარჩენას, მრავალფეროვანი ასორტიმენტის მქონე უმაღლესი ხარისხის ღვინის წარმოებას, საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციას და, ამავე დროს, საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

დღეისათვის, „მეღვინეობა ხარება“ აწარმოებს 35-ზე მეტი დასახელების ღვინოს. კომპანია საქართველოში ფლობს 1500 ჰექტრამდე საკუთარ ვენახებს, მათ შორის უიშვიათეს ვაზის ჯიშებს, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. ღვინის წარმოებასთან ერთად „მეღვინეობა ხარებას“ მფლობელობაშია ერთ-ერთი უნიკალური ტურისტული ინფრასტრუქტურა საქართველოში „ყვარლის ღვინის გვირაბი“, რომელიც უპრეცედენტო მოცულობისა და სიგრძის ღვინის საცავს წარმოადგენს მსოფლიოს მასშტაბით. გვირაბი 7,7 კმ სიგრძის ღვინის საცავია, რომელშიც განთავსებულია და ინახება უზარმაზარი რაოდენობის ახალი და ასევე ნახევარსაუკუნოვანი დაძველების ღვინისა და ღვინის პროდუქტების ნიმუშები, მარაგები და კოლექციები.

[R]

განხილვა