in

„მექანიზმი“, ანუ წარმოდგენა სიტყვების გარეშე — ნიკა კოხრეიძის ექსპერიმენტული პროექტი


16 ნოემბერს, 20:00 საათზე ქალაქის თეატრში“ მუსიკალურ, რიტმულ, ქორეოგრაფიული წარმოდგენა მექანიზმი“ გაიმართება. აქ შეგნებულად ამბობენ უარს სიტყვებზე და სათქმელის გადმოცემას ყოველდღიური საგნების ხმებით ცდილობენ, იქნება ეს ბურთები, მილები თუ სულაც ადამიანების სხეული. ინტერპეტაცია კი მაყურებლის ხელთაა…

„„მექანიზმში“ მონაწილეები იყენებენ სხეულს და ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საგნებს ფიზიკური თეატრის წარმოდგენის შესაქმნელად. პერფორმანსი შედგება სხვადასხვა დამოუკიდებელი სცენისგან, მაგრამ ყველა მათგანი ერთი იდეის გარშემო ბრუნავს, როგორ ურთიერთობს ადამიანი გარემოსთან და სხვებთან მაშინ, როცა სიტყვები აღარ არსებობს. ეს არის ნარატივის გარეშე მოყოლილი ამბავი: მაყურებელი თავად ქმნის ინტერპრეტაციას, რადგან მოქმედებები და ხმები უშუალოდ ემოციურ აღქმაზე მოქმედებს. „მექანიზმი“ არის გამოცდილება, რომელიც გვახსენებს, რომ ენა მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს არის: ხმა და მოძრაობა“, — გვეუბნება ნიკა კოხრეიძე, მექანიზმის რეჟისორი.

როგორც გავიგეთ, მაყურებელთან სიტყვების გარეშე საუბრის იდეა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაებადა, ამიტომ მარკეტერი ახლა მოგიყვებათ, მექანიზმის გზას, იდეიდან განხორციელებამდე:

M: ნიკა, გაგვიზიარეთ, როგორ დაიბადა პროექტი მექანიზმის შექმნის იდეა, რა იყო თქვენი ინსპირაცია?

„მექანიზმის“ იდეა ჩემს ბავშვობაში გაჩნდა. ძალიან მცირე ასაკში ვნახე ბრიტანული პროექტი Stomp, რომელმაც ჩემზე უზარმაზარი გავლენა იქონია. მაშინვე მივხვდი, რომ ყოველდღიურ საგნებს და ადამიანის სხეულს შეეძლო მუსიკის, რიტმისა და მოძრაობის ერთიან ენად ქცევა. ამ გამოცდილებამ ჩემში ერთი დიდი სურვილი გააჩინა, ერთ დღეს საქართველოში შემექმნა მსგავსი ექსპერიმენტული და ინოვაციური სპექტაკლი, რომელიც სიტყვების გარეშე, მხოლოდ ხმებითა და მოძრაობით დაელაპარაკებოდა მაყურებელს. წლების შემდეგ, ცოდნისა და პრაქტიკის დაგროვებით, შევძელი ამ მიზნის განხორციელება — „მექანიზმი“ გახდა პირველი მსგავსი მიმართულების პროექტი საქართველოში.

M: პროექტს ინოვაციურ წარმოდგენად აღწერთ… გვითხარით, რას მოიაზრებთ ამაში?

ასეა, „მექანიზმის“ ინოვაციურობა რამდენიმე მთავარ ასპექტში ჩანს:

უსიტყვო კომუნიკაცია, როგორც დრამატურგია — მოქმედება სრულიად სიტყვების გარეშე ვითარდება, აქ ხმა და მოძრაობა თავად ქმნის ნარატივს, მაყურებელი კი ინტერპრეტაციის თანაშემქმნელი ხდება.

ყოველდღიური არამუსიკალური საგნების ტრანსფორმაცია ინსტრუმენტებად —  კალათბურთის ბურთები, ჯაგრისები, მილები სცენაზე გარდაიქმნება მუსიკად, ქორეოგრაფიად, აუდიო-ვიზუალური რიტმად.

ეს მასალა არ არის დეკორაცია — ის არის მოქმედი პერსონაჟი.

მაყურებლის მონაწილეობა აღქმაში — ინოვაცია იმაშია, რომ ნამუშევარი პირდაპირ ეხმიანება დაკვირვებას: რას ვხედავთ და რას ვიგებთ მაშინ, როცა არავინ გველაპარაკება?!

ფიზიკური თეატრი + პერკუსია + ქორეოგრაფია ერთ ჟანრში — ეს ჟანრული სინთეზი ქმნის ცოცხალ მექანიზმს, რომელიც მაყურებლის თვალწინ იმართება.

M: და მაინც, რატომ გადაწყვიტეთ სიტყვებზე უარის თქმა?

ჩვენ სიტყვებით და წინადადებებით იმდენად ვართ გადატვირთულები, რომ ხშირად გვავიწყდება სხეულის ბუნებრივი ენა. „მექანიზმში“ უარი ტექსტზე არის შეგნებული არჩევანი, რადგან სხეულს შეუძლია თქვას მეტი, ვიდრე სიტყვას. ჩვენ გვაინტერესებდა, როგორ შედგება კომუნიკაცია მაშინ, როდესაც ყველაზე გავრცელებული ინსტრუმენტი, სიტყვა, გაქრება… შეძლებს მაყურებელი გაიგოს ამბავი მხოლოდ მოძრაობითა და ხმებით?! სიტყვებზე უარი მაყურებელს აძლევს თავისუფლებას, ის აღარ უსმენს ტექსტს, არამედ აკვირდება, აღიქვამს და გრძნობს.

M: როგორ პოულობთ მუსიკას ყოველდღიურ საგნებში? პროცესზე რომ მოგვიყვეთ…

ჩვენთვის მთავარი პრინციპია, ყურადღება მივაქციოთ იმას, რაც ჩვეულებრივ უხმოა. ყოველ საგანს აქვს თავისი უნიკალური აკუსტიკური ხასიათი:

  •  ბურთი – ელასტიკური რეზონანსი და რიტმული პულსი
  •  ხის ჯაგრისი – მშრალი, მკვეთრი ტექსტურა
  •  მილი – ღრმა, გრძელი ხმოვანება…

ვიგებთ, რა ხმას გამოსცემს საგანი დარტყმისას, სრიალისას, მიწაზე ან სხეულზე შეხებისას. ვპოულობთ რიტმს, ვცდით, ვიმეორებთ, ვამატებთ სხეულს და ხმოვანება ქორეოგრაფიად იქცევა. ვზრუნავთ სიუჟეტის აღმოჩენაზე: როცა საგანი მოძრაობაში შედის, უკვე ჩნდება ისტორია, რასაც თან ახლავს კითხვები: რა ურთიერთობა აქვს მას ადამიანთან? გარემოსთან? კოლექტიური მუშაობაც უმნიშვნელოვანესია, მონაწილეები საკუთარი იდეებით მოდიან. ხშირად ერთი შემთხვევითი ხმა ხდება მთელი სცენის საყრდენი.

M: ვინ მონაწილეობს ამ ექსპერიმენტში და როგორ მიმდინარეობდა შემოქმედებითი პროცესი?

„მექანიზმი“ იქმნება ენერგიული შემოქმედებითი გუნდის მიერ, რომლებიც სხვადასხვა სფეროდან მოდიან — ფიზიკური თეატრი, ქორეოგრაფია, მუსიკა და პერკუსია. სპექტაკლში მონაწილეობენ: მიშა ზაქაიძე, თეონა წიწაკიშვილი, გიგი კობერიძე, ჯონათან რასელი, ნიკა კოხრეიძე, ზუკა პაპუაშვილი.

შემოქმედებითი პროცესი კი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა:

კვლევა და აღმოჩენა — გუნდი სწავლობდა სხვადასხვა საგნის ქცევას, რა ხმას გამოსცემს? როგორ რეაგირებს სხეულზე?

იმპროვიზაცია და კოლექტიური მუშაობა — მონაწილეებს ჰქონდათ თავისუფლება, იდეები და ხმები მოდიოდა სპონტანურად. შემდეგ, რაც შემთხვევით იბადებოდა, ფორმას იღებდა.

რიტმისა და მოძრაობის სინქრონიზაცია — ინდივიდუალური აღმოჩენები ჰარმონიაში ერთიანდებოდა, დაიბადა „ცოცხალი მექანიზმი“, რომელსაც ყველა ნაწილი სჭირდება.

M: დაბოლოს, სად შეძლებენ მაყურებლები მექანიზმის ნახვას?

მექანიზმი „ქალაქის თეატრში“, თამარ მეფის 18 ნომერში, 16 ნოემბერს 20:00-ზე გაიმართება. ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს, ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია Tkt.ge-სა და Biletebi.ge-ის ვებგვერდებზე. 

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი


8 მონაწილე, 7 გამოწვევა – საქართველოს ბანკის YouTube რეალითი შოუ „კრეატორის“ მეორე ეპიზოდი დაიდო

საკუთარი თავის მხარდაჭერა – ის, რაც კრეატორებს ხშირად ავიწყდებათ