in

როგორ ვისწავლოთ დამახსოვრება – პირველი „მეხსიერების აკადემია” საქართველოში!

როგორია თქვენი მეხსიერება? იმახსოვრებთ თუ არა ქუჩებს, თარიღებს, სახელებს ან თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას? ამბობენ, რომ არ არსებობს ზარმაცი ადამიანი, უბრალოდ საჭიროა შესაბამისი ინტერესის პოვნა; ასევეა ამ შემთხვევაშიც – არ არსებობს ცუდი მეხსიერების მქონე ადამიანი, თუ მან იცის, რა როგორ უნდა დაიმახსოვროს. მსოფლიოს მასშტაბით, არაერთი ორგანიზაცია მუშაობს ადამიანის მეხსიერების გაუმჯობესების მიმართულებით, შემუშავებულია მრავალი კურსი და ტექნიკა. საქართველოში, მსგავსი პრაქტიკის დამკვიდრება, ერთი თვის წინ, „მეხსიერების აკადემიის” დაარსებით დაიწყო. როგორ უნდა ვისწავლოთ დამახსოვრება, როგორ შეიქმნა „მეხსიერების აკადემია” და რა შესაძლებლობა ჩნდება საზოგადოებაში მისი ფუნქციონირების შედეგად – ამ საკითხებზე მარკეტერი აკადემიის შემქმნელს – გიორგი ცინარიძეს ესაუბრა:

M: მოგვიყევით, როგორ გაგიჩნდათ „მეხსიერების აკადემიის” შექმნის იდეა?
სულ მესმოდა, რომ ვიღაცას ხატვის, ვიღაცას სიმღერის, ვიღაცას მათემატიკის და სხვა ნიჭი აქვს. მე არც ხატვა გამომდიოდა, არც სიმღერა და მათემატიკაზე საუბარიც ზედმეტია. მოკლედ რომ ვთქვათ, არასდროს ვყოფილვარ “გახსნილი გონებისა” და განსაკუთრებული მეხსიერების მქონე. უფრო მეტიც, ძალიან კარგად მახსოვს, თუ როგორ ვიჯექი წიგნებთან საათობით და უშედეგოდ ვცდილობდი რაღაცის დამახსოვრებას. შემდეგ, ძლივს დავიმახსოვრებდი, მაგრამ სკოლამდე მაინც ვერ მიმქონდა, ან სკოლამდე მიმქონდა და გამოცდამდე ვერა. ყოველთვის
მიჭირდა მათემატიკა, ისტორიული ფაქტებისა და თარიღების დამახსოვრება და ლექსების სწავლა. ყოველთვის, 2 წუთში მავიწყდებოდა ახლად გაცნობილი ადამიანის სახელი. უცხო ენის სწავლისას, სიტყვების დამახსოვრებისთვის, თითოეულ მათგანს ათასჯერ ვიმეორებდი, მაგრამ 1 კვირაში 60% მაინც არ მახსოვდა. ეს ყველაფერი მიკარგავდა სწავლის მოტივაციას და იყო პრედიოდი, როდესაც ტექნიკური საგნების სწავლაზე საერთოდ ხელი ჩავიქნიე. ასე დავამთავრე სკოლაც და უნივერსიტეტიც. მხოლოდ რამდენიმე თვის წინ აღმოვაჩინე, რომ სულაც არ ვყოფილვარ უნიჭო და ცუდი მეხსიერების მქონე. ყველაფრის მიზეზი იყო ის, რომ ჩემთვის არავის უსწავლებია ის, თუ როგორ უნდა ვისწავლო. რამდენიმე თვის წინ, დავინტერესდი ადამიანის ტვინით და ამ ინტერესმა მიმიყვანა ერთ ძალიან საინტერესო ონლაინ კურსამდე, რომელმაც ჩემი ცხოვრება, სწავლისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა და რაც მთავარია, საქართველოში პირველი მეხსიერების აკადემიის დაფუძნება გადამაწყვეტინა.M: როგორი იყო იდეის განხორციელების ეტაპები და რა მიზანი აქვს მეხსიერების აკადემიის არსებობას?
იდეის განხორციელებისას, თემატური თანამოაზრეები არ მყოლია. ჩემი ძმა მეხმარებოდა გრაფიკული თვალსაზრისით. დასაწყისისთვის, რამდენიმე მეგობარზე გამოვცადე  ტექნიკები, რომლებიც შედეგიანი იყო მათთვისაც და მივხვდი, რომ საქართველოში, საჭიროა ამ მიმართულებით მომუშავე გუნდის არსებობა. მეხსიერების აკადემიის გუნდის მისიაა, დავეხმაროთ ადამიანებს ყველაზე მნიშვნელოვანი უნარის – სწავლის უნარის ათვისებაში. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გრძელვადიანი მიზანი სკოლებსა და უნივერსიტეტებში დამახსოვრების ტექნიკების შესახებ სასწავლო კურსის(ების) დამატებაა, რადგან გვჯერა, რომ თითოეულ სტუდენტსა და მოსწავლეს უნდა ჰქონდეს სწავლის უნარის ათვისების შესაძლებლობა. 

M: სწავლებას რაც შეეხება, რა პროგრამით მოხდება?
ჯერჯერობით პროგრამა შემუშავების ეტაპზეა, პირველ კურსს ვამზადებ. ის ტექნიკები, რომლებსაც კურსის შესაქმნელად ვიყენებ, არის მსოფლიო მეხსიერების ჩემპიონების მიერ გამოყენებული, გამოცდილი და ეფექტიანი.M: სწავლებისას რა მიდგომებს გამოიყენებთ და როგორ შეეძლებათ მსურველებს კურსზე რეგისტრაცია?
მიდგომა არის, გავიგოთ, როგორ მუშაობს კონკრეტული ადამიანის მეხსიერება. ასე ვთქვათ, შესაძლოა კარგი გაგებით მოატყუო შენი ტვინი, დაიმახსოვრო რაღაცა მარტივად და ხარისხიანად. მთელი იდეა იმაშია, რომ წარმოიდგინო ის, რისი დამახსოვრებაც გინდა. ამ ეტაპზე, მზადდება „მეხსიერების აკადემიის” პირველი ტრენინგ კურსი, რომელიც იქნება სრულიად უფასო და სავარაუდოდ მაისის ბოლოს ჩატარდება. მსრურველებს შეუძლიათ თვალ-ყური ადევნონ ჩვენს გვერდს ფეისბუქზე.

M: რა არის მთავარი კრიტერიუმი ინფორმაციის დამახსოვრებისთვის და მაგალითისთვის, თუ შეგიძლიათ დამახსოვრების ერთი ტექნიკა გაგვაცნოთ?
ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, ინფორმაციის დამახსოვრებისთვის არის რელევანტურობა უკვე არსებულ მეხსიერებასთან; ანუ, რამდენად კავშირშია შენს არსებულ ცოდნასთან და გამოცდილებასთან ახალი ინფორმაცია. მაგალითისთვის, დამახსოვრების ყველაზე მარტივი ტექნიკა რომ გაგაცნოთ, უნდა დახუჭოთ თვალები და წარმოიდგინოთ თქვენი სახლი, თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ყველა დეტალი თქვენს სახლში, ეს ყველაფერი თქვენ გაქვთ დამახსოვრებული და არ დაგავიწყდებათ არასდროს, რადგან ძალიან ბევრი მოგონება გაკავშირებთ თქვენს სახლთან. ერთ-ერთი ტექნიკა დამახსოვრების არის მეხსიერების ჩასახვა. ძალიან მარტივად რომ გითხრათ, თუ გინდათ ახალი სიტყვების დამახსოვრება, ამ სიტყვებს თქვენ იღებთ და ალაგებთ თქვენს სახლში.

M: რას შეცვლის საზოგადოებაში „მეხსიერების აკადემიის” არსებობა?
სწავლისადმი დამოკიდებულებას. ჩემ შემთხვევაში, ამ ტექნიკამ მთელი ცხოვრება შეცვალა და მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ ეს დიდი შესაძლებლობაა ყველასთვის. ვფიქრობ, მეხსიერების აკადემიის დახმარებით, სწავლა აღარ იქნება მოსაბეზრებელი და რთული პროცესი.

M: რა გამოწვევების წინაშე დგას  „მეხსიერების აკადემია” და როგორ დაგეგმავთ საკომუნიკაციო სტრატეგიას?
ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი აკადემიის ვებგვერდისა და ვიდეო ბლოგის შექმნაა. ამისათვის გვჭირდება ფინანსური ან ადამიანური რესურსი. თანხის მოზიდვის მიზნით დავიწყეთ ქრაუდფანდინგის კამპანია, სადაც ყველას შეუძლია სასურველი თანხის ჩარიცხვა. გარდა ამისა, სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ნებისმიერ ადამიანთან ან კომპანიასთან, ვინც თავისი უნარ-ჩვევებით დაგვეხმარება. ეს შეიძლება იყოს ვებგვერდის აწყობა, ვიდეო ბლოგის შექმნაში დახმარება და სხვა. იმისათვის, რომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა, ვაპირებთ ტექსტური და ვიდეო ბლოგების შექმნას. ასევე, გვექნება ვებგვერდი, სადაც მეხსიერების სავარჯიშოებთან ერთად, ონლაინ კურსიც განთავსდება.

ეჭვები და შიშები, როგორც გიგანტური ცხოველები – პოლონელი ხელოვანის საინტერესო ნამუშევრები

ძმაკაცობა გრძელდება – გართობა თბილისში – Wendy’s