მსოფლიო მასშტაბით, გენერაციული AI-ს ბუმით გამოწვეული მეხსიერების ჩიპების გლობალური დეფიციტია, რაც Apple-ის ყველაზე პოპულარული ლეპტოპის, MacBook Air-ის მიწოდებაზეც აისახა.
Bloomberg-ისა და Techcrunch-ის ინფორმაციით, პრობლემა თავდაპირველად Mac mini-სა და Mac Studio-ს შეეხო, თუმცა ახლა კომპანია უკვე MacBook Air-ის საკმარისი რაოდენობით წარმოებასაც ვეღარ ახერხებს. საცალო გამყიდველების თქმით, მარაგები ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
ამჟამად Apple-ის ოფიციალურ ვებგვერდზე MacBook Air-ის შეკვეთის შემთხვევაში მომხმარებლებს მიწოდებისთვის აგვისტოს მეორე ნახევრამდე, ზოგიერთ კონფიგურაციაზე კი სექტემბრამდე ლოდინი უწევთ.
როგორც წყაროები ავრცელებენ, Apple დეფიციტის შემცირებას რამდენიმე გზით ცდილობს. კომპანია ზრდის პროდუქციის ფასებს და, პარალელურად, მეხსიერების ჩიპების დამატებით მომწოდებლებს, მათ შორის ჩინურ კომპანიებსაც ეძებს.
ცვლილებები მარკეტინგულ სტრატეგიაზეც აისახა. Apple-მა სტუდენტებისთვის განკუთვნილი “Back to School” კამპანია, რომელიც, ჩვეულებრივ, ივნისში იწყება, გადადო. ამასთან, წელს სარეკლამო მასალებში მთავარი აქცენტი საბაზო კონფიგურაციის MacBook Pro-ზე კეთდება, ხოლო MacBook Air-ის გვერდით პირველად გამოჩნდა გაფრთხილება: „ხელმისაწვდომობა შეზღუდულია“ (Subject to availability).
MacBook Air-ის მარაგთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცვლის AI ტექნოლოგიურ ინდუსტრიას. მეხსიერების ჩიპებზე გაზრდილი მოთხოვნა უკვე აისახება არა მხოლოდ მონაცემთა ცენტრებზე, არამედ იმ მოწყობილობებზეც, რომლებსაც მილიონობით მომხმარებელი ყოველდღიურად იყენებს.












