16
მაი
2018

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი მექი გიორგაძე

16 მაი 2018

პირველი მნიშვნელოვანი შეკვეთა იმ საქმეში, რომელიც გიყვარს და რა მიმართულებითაც აპირებ განვითარებას, ყველაზე ამაღელვებელია და ახალი შესაძლებლობებისთვის ბიძგის მიმცემი, იმდენად, რამდენადაც, სწორედ ეს შეიძლება გახდეს სხვა, უფრო მასშტაბური შემოთავაზებების საფუძველი. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ რუბრიკა #პირველინამუშევარი, სადაც თავისი საქმის ოსტატები თავიანთ პირველ ნამუშევრებზე გიამბობენ.

მექი გიორგაძე, Leavingstone, გრაფიკული დიზაინერი: ” საგიჟეთიდან საგიჟეთამდე”, – ასე შეიძლება ეწოდოს ცხოვრების იმ ეტაპს, სადაც ეხლა ვიმყოფები. გრაფიკული დიზაინი ყოველთვის ჰობი იყო ჩემთვის, სანამ არ გავაცნობიერე, რომ ამით კარგი ფული იშოვებოდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გამიწვიეს ჯარში ( არ ვიცი რა ცოდვებისთვის, მაგრამ მომიწია ფსიქიატრიულში მთელი წლის გატარება, გარე დაცვაში), სადაც მქონდა ძალიან ბევრი დრო ფიქრისთვის, რისი კეთება მინდოდა რეალურად ცხოვრებაში. რიტმის შეცვლასთან ერთად, მთლიანად გადავეწყვე ფრილანსინგზე, ამ პერიოდშივე მივიღე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეკვეთაც, რომელიც ახლადაშენებული სასტუმროს ბრენდინგს გულისხმობდა.

საბოლოო ჯამში, მივხვდი, რომ გრაფიკული დიზაინი ეს ის სფეროა, რომელშიც შემიძლია ჩემი სიტყვა ვთქვა. ჯარის დამთავრებიდან ერთ კვირაში დავსაქმდი ლივინგსტონში. გამოვიდა ისე, რომ ერთი საგიჟეთიდან მოვხვდი მეორეში, ალბათ, საუკეთესო ადგილას საკუთარი ძალების გამოსაცდელად და განვითარებისთვის. ამჟამად, ვქმნი ვიზუალურ კონტენტს სოციალური მედიისთვის და პარალელურად, ვმუშაობ ჩემს სტარტაპზე.

რაც შეეხება ადრეულ ნამუშევრებს, საზღვარგარეთ გატარებულმა ბავშვობამ და მრავალწლიანმა ნოსტალგიამ გავლენა იქონია ჩემს შემოქმედებაზე; პირველი პროექტები ეძღვნება სწორედ ქართულ თემატიკას: კულტურას, არქიტექტურას, ხელოვნებას და ა.შ.

განხილვა