ყველაფერი ეთიოპიაში გატარებული ბავშვობითა და იმაზე ფიქრით დაიწყო, თუ რა ზიანს აყენებდნენ ადამიანები საკუთარ თავს ღია ცის ქვეშ მუშაობით… ვირჯინიაში მცხოვრებმა 14 წლის სტუდენტმა ჰემან ბეკელემ შექმნა საპონი, რომელსაც MTS-ის (Melanoma Treating Soap) სახელით გვაცნობს და რომელიც კანის კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება! ამან ბეკელეს მთავარი პრიზიც მოაპოვებინა 3M Young Scientist-ში, კონკურსში, რომელიც ბავშვებს აძლევს მოტივაციას, ინოვაციური გადაწყვეტილებები შემოგვთავაზონ.
MTS-ის საპონი იმ ნივთიერებებისგან შეიქმნა, რომლებსაც კიბოსთან საბრძოლველად იყენებენ. ინსპირაცია კი ბეკელემ, როგორც უკვე გითხარით, ეთიოპიაში გატარებული ბავშვობის გამოცდილებიდან მიიღო მანამ, სანამ ამერიკაში გადავიდოდა.
„ეთიოპიაში ვიზრდებოდი და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადამიანები მთელი დღე მზეზე მუშაობით დიდ დარტყმას იღებდნენ. ამაზე ადრეული ასაკიდანვე ვფიქრობდი და როცა გავიზარდე, გავაანალიზე, რამდენად დიდია ეს საკითხი (კანის კიბო). მარტო ეთიოპიაში კი არა, მთელ მსოფლიოში“, — განმარტავს ბეკელე.
პაციენტს საპონი კიბოს საწინააღმდეგო წამლებს ლიპიდური ნანონაწილაკების საშუალებით მიაწვდის, რომლებიც კიბოსთან საბრძოლველად სხეულის იმუნურ უჯრედებს გაააქტიურებს. ამგვარად, მეტად ხელმისაწვდომი გამოსავალიც შემოგვთავაზა: „მელანომის მკურნალობის საშუალო ფასი გლობალურად 40 000 დოლარს შეადგენს. როცა ამ გამაოგნებელი სტატისტიკის შესახებ გავიგე, ამან შთამაგონა, მეტად ხელმისაწვდომი ვარიანტი შემემუშავებინა. დავიწყე ექსპერიმენტების ჩატარება, შემდეგ კი საპნის კეთებას შევუდექი“.
საინტერესოა ისიც, რომ კვლევისა და განვითარების პროცესი ამ რევოლუციურმა პროდუქტმა სახლის სარდაფსა და სამზარეულოში გაიარა. საპნად ქცევის პროცესიც ისეთი იყო, რომ სახლიდან უსაფრთხოდ და ეფექტურად შეეძლო გაეკეთებინა. ხოლო, როცა უკვე ვირჯინიისა და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტებისგან მიიღო დახმარება, კვლევამ სახლიდან უფრო დიდი სივრცეებისკენ გადაინაცვლა. ახალგაზრდა მეცნიერი კი ახლა იმედოვნებს, რომ მოგებულ ფულს მომავალი კვლევებისთვის გამოიყენებს.
მეტიც, ბეკელეს MTS-ის საპონმა ციფრული ტესტირება უკვე გაიარა, მალე კი იმედოვნებენ, რომ FDA-ის სერტიფიკატსაც მიიღებენ, რათა ტესტირება ადამიანებზეც ჩაატარონ…