ცეფალოპოდებზე ჩატარებულმა ახალმა ექსპერიმენტმა გააძლიერა მოსაზრება იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის ცხოველების ინტელექტის სათანადოდ შეფასება. ე. წ. “მარშმელოუს ტესტში” მონაწილე მელანთევზის შედეგებმა აჩვენა, რომ მათ უცნაურ პატარა ტვინში იმაზე მეტი რამ ხდება, ვიდრე წარმოგვიდგენია.
“მარშმელოუს ტესტი” საკმაოდ მარტივია – ბავშვს ათავსებენ ოთახში ერთ ზეფირთან ერთად. თანაც ეუბნებიან, თუ 15 წუთის განმავლობაში არ შეჭამენ მას, დამატებით კიდევ ერთს მიიღებენ და ორი მათგანის ჭამის უფლება ექნებათ. სიამოვნების მიღების შეფერხების ეს უნარი კოგნიტურ შესაძლებლობებს აჩვენებს, როგორიცაა სამომავლო დაგეგმვა. ექსპერიმენტი ადამიანის შემეცნების განვითარების დადგენას ემსახურება, კერძოდ, რომელ ასაკშია ადამიანი საკმარისად ჭკვიანი, რომ საკუთარი თავის დაკმაყოფილება გადაავადოს, თუ ეს მოგვიანებით უკეთეს შედეგს გამოიღებს.
რადგანაც ექსპერიმენტი ასეთი მარტივია, მისი გამოყენება ცხოველებზეც შესაძლებელია. ცხადია, მათ ვერ ეტყვით ჯილდოს მიღების შესახებ, თუმცა შეგიძლიათ ასწავლოთ, რომ უკეთეს საკვებს მიიღებენ, როდესაც პირდაპირ არ მიირთმევენ მათ წინ მოთავსებულ საჭმელს.
გასულ წელს მელანთევზმაც გაიარა “მარშმელოუს ტესტი” და როგორც შედეგები აჩვენებს, მასაც შეუძლია კრაბის ჭამისგან თავის შეკავება იმის პერსპექტივით, რომ მოგვიანებით კრევეტებს მიიღებენ. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ შემთხვევაში რთულია იმის დადგენა, თუ რამდენად მოქმედებდა მტაცებლის ხელმისაწვდომობის ფაქტორი.
ამიტომაც, მათ კიდევ ერთი ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს. მელანთევზები სპეციალურ ავზში მოათავსეს, რომელშიც ორი გამჭვირვალე კარით დაკეტილი სივრცე იყო გამოყოფილი. შესაბამისად მათ შეეძლოთ ენახათ, რა “იმალებოდა” კარს მიღმა – ერთგან ნაკლებად სასურველი საკვები, მეორეგან კი პირიქით, მაცდური კრევეტები. ასევე, კარებზე გამოსახული იყო სიმბოლოები, რომელთა ამოცნობაზეც გაწვრთვნილები იყვნენ მელანთევზები – წრე კარის მაშინვე გაღებას ნიშნავდა, სამკუთხედი 10-დან 130 წამამდე დროის ინტერვალის შემდეგ გაღებას, ხოლო კვადრატი კარის განუსაზღვრელი ვადით დაკეტვას გულისხმობდა.
შედეგად, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სატესტო მდგომარეობაში მყოფმა ყველა მელანთევზმა კვადრატის სიმბოლოს მიღმა დარჩენილი სასურველი საკვების, ცოცხალი კრევეტების, მისაღებად, მოცდა ამჯობინეს.
ექსპერიმენტის მეორე ნაწილი იმის შემოწმებას ემსახურებოდა, რამდენად კარგად შეუძლიათ მელანთევზებს რაიმეს სწავლა. მათ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული კვადრატი აჩვენეს – თეთრი და ნაცრისფერი. თუ თევზი სწორ არჩევანს გააკეთებდა, ჯილდოს სანაცვლოდ საკვებს მიიღებდნენ. მას შემდეგ, რაც მათ კონკრეტული კვადრატის ჯილდოსთან ასოცირება ისწავლეს, წესები შეიცვალა – პირობითად, ნაცრისფრის ნაცვლად თეთრი იყო ე. წ. “მომგებიანი ბარათი”. მეცნიერთა გასაკვირად, მელანთევზს არ გაძნელებია ახალ ნორმასთან ადაპტაცია.
როგორც ჩანს, მელანთევზს თვითკონტროლის უნარი გააჩნია, თუმცა გაუგებარია, რატომ. მკვლევართა აზრით, სიამოვნების მიღების შეკავება შესაძლოა, მელანთევზის საკვების მიღების ფორმას უკავშირდებოდეს. ისინი უმეტეს დროს შენიღბვასა და ლოდინს უთმობენ. საბოლოოდ კი გარკვეული ინტერვალით იკვებებიან. “ვფიქრობთ, რომ დაგვიანებული კმაყოფილება შესაძლოა, ასეთი ქმედების კიდევ ერთი განვითარება იყოს. მას შეუძლია, ლოდინის შედეგად, არჩევანი საუკეთესოზე შეაჩეროს”.
ეს იდეალური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ცხოვრების განსხვავებული წესის ფარგლებში ერთი და იგივე ქცევა და შემეცნებითი შესაძლებლობები განვითარდეს. მეცნიერები სამომავლოდ კიდევ ერთი განმეორებითი კვლევის ჩატარებას გეგმავენ.