„დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე” – ამას რევაზ ინანიშვილი თავის მოთხრობაში წერდა და ნამდვილად გენიალური ფრაზაა. მართლაც, ჩვენ რა უნდა დავწეროთ დედაზე ისეთი, რაც აქამდე არ დაწერილა, ამიტომ ყველაზე ლამაზი და საინტერესოა ინდივიდუალური ისტორიები, რადგან ყველა დედაშვილობის მიღმა საკუთარი მოთხრობა იწერება.
Marketer-ში გადავწყვიტეთ, 3 მარტის, დედის დღისადმი მიძღვნილი სტატიების სერია წარმოგვედგინა, რომლის ფარგლებშიც, სულ სხვა თვალით შეგახედებთ ცნობად, წარმატებულ ქალებს. ისინი ჩვენი რესპონდენტები სხვა დროსაც ყოფილან, თუმცა ამ ამპლუაში – პირველად!
მელი ბაღდავაძეს კრეატიულ ინდუსტრიაში ყველა იცნობს, მათ შორის, ჩვენი მკითხველიც. მის შესახებ თუ მისი მონაწილეობით განხორციელებულ პროექტებზე არაერთხელ დაგვიწერია. დღეს კი გაგაცნობთ მელის, როგორც დედას, მის დამოკიდებულებას დედაშვილობის ფენომენთან და გამოცდილებას, რომელიც მან ამ როლში მიიღო.
მელი ბაღდავაძე:
სიტყვა „დედა” ჩემთვის ასოცირდება ქაოსის სრულყოფასთან. ეს არის ჰარმონია უწესრიგობაში, სილამაზე მოულოდნელობაში და თანწყობა არეულობაში. დედობა არის უნარი, იპოვო წესრიგი გაუთვლელ მოვლენებში, შექმნა მიზანმიმართული შედეგი არასტაბილურ გარემოში და გარდაქმნა ქაოსი სიძლიერედ. როგორ რთულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს სიტყვები, ამაზე ათასჯერ რთულია, იყო დედა.
დედობა ჩემთვის სრულიად გააზრებული, გულით ნანატრი და წინასწარ გამიზნული გადაწყვეტილება იყო. ამ ცვლილებას მზადყოფნით და უდიდესი მოლოდინით შევხვდი – თითქოს ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ეს ეტაპი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნებოდა, და სწორედ ამის შემდეგ უნდა დამეწყო ყველა დიდი გეგმის განხორციელება.
ქალისთვის ეს განსაკუთრებული გამოწვევაა – იცოდე, რომ ერთხელ აუცილებლად დადგება მომენტი, როცა ცხოვრების რამდენიმე წელი მთლიანად დედობას უნდა დაუთმო. ეს გადაწყვეტილება მარტივი არ არის, რადგან კარიერა, მიზნები და პირადი განვითარება ყოველთვის თავზე გადგას.
ჩემთვის დედობა თავიდანვე პირადი არჩევანი და პრიორიტეტი იყო. ვიცოდი, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ მთელი ჩემი დრო და ენერგია პირველ წლებში მხოლოდ მას უნდა დასთმობოდა. დედობის ეს პერიოდი ჩემთვის არ იყო უბრალოდ პაუზა, არამედ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი.
მე პირადად დაშვებასაც ვერ ვაკეთებ, როგორ ასწრებდა ამდენ რამეს დედაჩემი, როგორ უძლებდა და როგორ ინარჩუნებდა სიმშვიდეს, სიძლიერესა და სიყვარულს ერთდროულად.
მით უმეტეს, 90-იანებში, როდესაც არ არსებობდა ამდენი რესურსი, კომფორტი და შესაძლებლობა. ყოველი გადაღლილი დღის ბოლოს ვხვდები – დედობა მართლა უსაზღვრო ძალას მოითხოვს და ამ ძალას ჩემში დედაჩემი, ცოცხალი მაგალითით მახსენებს.
ჩემი, როგორც დედის, ერთი „სამუშაო” დღე ყოველთვის იწყება მშვიდად, ნელი რიტმით და ოჯახთან ერთად ხანგრძლივი საუზმით, სადაც სამივე ვსხედვართ და ერთმანეთს ვუზიარებთ დღის გეგმებს. ამ დროისთვის ჩემმა შვილმა, მიშელმა უკვე ზუსტად იცის, ვინ რას ვაკეთებთ მთელი დღის განმავლობაში – ეს ჩვენი დღის ერთგვარი რიტუალია, რომელიც ყველას ჰარმონიას გვანიჭებს.
შემდეგ ყველა თავის გზაზე მიდის: მიშელი – ბაღში, მამა – სამსახურში; მე – ჯერ ვარჯიშზე, შემდეგ კი ხან სახლიდან ვმუშაობ, ხან კი – ველად.
დღის განმავლობაში მუდმივად ვარ ჩართული ქოლებში, შეხვედრებში, გადაღებების მომზადებაში ან თავად გადაღების პროცესში. ხანდახან დღე დაძაბულია, სავსე მოულოდნელობებითა და გადატვირთული გრაფიკით, მაგრამ ვცდილობ, რომ საღამო ყოველთვის ოჯახთან გავატარო. სახლში მალე დაბრუნება და მიშელის დაძინების რიტუალი ჩვენთვის პრიორიტეტულია – ეს არის დრო, როდესაც ისევ ვუკავშირდებით ერთმანეთს და ვამთავრებთ დღეს ისეთივე სიმშვიდით, როგორითაც ვიწყებთ.
ზოგჯერ ისიც ყოფილა, რომ უარი მითქვამს სიახლეებზე. ჩემ ირგვლივ სულ არის საინტერესო შემოთავაზებები, უბრალოდ ენერგიის ნაკლებობის ან პრიორიტეტების გადაფასების გამო რაღაც დროებით გადამიდია, მაგრამ არასოდეს შემიხედავს ამისთვის, როგორც მსხვერპლშეწირვისთვის. კარიერა ისეთი რამეა, ზოგჯერ გელოდება, ზოგჯერ არა, მაგრამ ბავშვის მნიშვნელოვანი მომენტები უნიკალურია და მათი გამოტოვება არაფრად მიღირს. პროექტი კიდევ ათასი მოვა, მაგრამ პირველი ნაბიჯები, პირველი სიტყვები, ის ემოცია, რაც ამ მომენტებშია – აღარასდროს. ამიტომ, როცა არჩევანი მაქვს, ვირჩევ იმას, რაც ჩემთვის გრძელვადიანად ყველაზე ღირებულია.
ახალბედა დედებს მინდა, ვურჩიო – არასოდეს დაიჯეროთ, რომ ყველაფერი ან/ან პრინციპით უნდა მოხდეს, შეგიძლია, იყო საყვარელი დედაც და წარმატებული პროფესიონალიც. შენი ტემპით იარე, ყველა დახმარების ხელი გამოიყენე და საკუთარი თავი არასდროს დაადანაშაულო. რაც მთავარია, გახსოვდეს, რომ ბედნიერი დედა = ბედნიერ შვილს. სულ ვუმეორებ ჩემს თავს: დედობა არ არის რთული, კარგი დედობაა რთული.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი