28
Dec
2017

მელი ბაღდავაძე – #პირველისამსახური

28 Dec 2017

კაი-მეთქი, ვუთხარი. მაშ-უკვე უფროსმა “აბა შენ იციო” მიპასუხა და თავი იმ კარისკენ გაიქნია, რომლის მიღმაც ჩემი პირველი სამსახური მელოდა. კომფორტის ადამიანი ვარ, ამიტომ პირველი იმ სამსახურს დავარქვი, რომელმაც მარგუნა ჩემი სამუშაო მაგიდა და “HP”-ის ლეპტოპი “Apple”-ის სტიკერით. სტაჟირებები რომ დავლიე, თავისუფალი დროის ღვინით შევსება გადავწყვიტე. წინა სამსახურებისგან განსხვავებით, აქ მართლა მქონდა საქმე. საქმე, რომელიც პროდუქტიანად შემიყვარდა. მნიშვნელოვნად შემივიწროვდა სამუშაო “ფანჯრების” ზომა და უმნიშვნელოდ გამიფართოვდა სამეგობრო წრე. შევიძინე “კურილკის” პირველი “პადძელნიკი”, რომელსაც ეძინა, როცა არ სვამდა და – პირიქით.  ასევე, შევიძინე სავიზიტო ბარათი წარწერით “მეღვინეობა ხარება. მელი ბაღდავაძე – მარკეტინგის კოორდინატორი”, რომელიც 3 წლის განამვლობაში ბევრჯერ და ბევრგვარად შეიცვალა. ბარათების სამწლიანი ევოლუცია იხ. ან არ იხ. ფოტოზე:


აქ გადავიღე ჩემი პირველი ვიდეორგოლი, თუმცა, როგორც დამკვეთმა. “სლოუმო”, პანორამა, პანორამა, “კრუპნი” ღვინოზე, პანორამა, “კრუპნი” კასრზე და სამოცწლიანი დაძველების ტემბრით წაკითხული ორიოდე ოდიოზური ფრაზა შემოკვანძული ისეთი უხრწნელი სიტყვების გარშემო, როგორიცაა “ტრადიცია”, “მრავალსაუკუნოვანი” და “ჩვენ”. 
რგოლის ჩაბარებიდან მალევე მივაკითხე უფროსს და აბა მე ვიცი-მეთქი, ვუთხარი. კაიო, მითხრა მან და თავი იმ კარისკენ გაიქნია, რომლის მიღმაც ჩემი პირველი ნამდვილი სამსახური მელოდა.

განხილვა