24
Nov
2019

Meliora-ს საერთაშორისო ჟიურის წევრები კონკურსის მონაწილე კომპანიებისთვის მასტერკლასს გამართავენ

24 Nov 2019

12 დეკემბერს, “საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2019”-ს დაჯილდოების ღონისძიებას ამ კონკურსის საერთაშორისო ჟიურის ორი წარმომადგენელი ეწვევა: საკონსულტაციო ორგანიზაციის Beyond Business-ის დამფუძნებელი, აღიარებული CSR ექსპერტი ელენ კოენი, რომელსაც მდგრადი და პასუხისმგებელი ბიზნესის მართვის საკითხებზე კონსულტირების 30-წლიანი გამოცდილება აქვს  და დიდი ბრიტანეთის წამყვანი CSR ქსელის, პრინც ჩარლზის Business in the Community-ს პროგრამის მენეჯერი ალექს ფერანდი. კონკურსის მონაწილე ყველა კომპანიას ექნება შესაძლებლობა, მათ მიერ ჩატარებულ შთამაგონებელ მასტერკლასს დაესწროს.

მასტერკლასის განმავლობაში ალექსი და ელენი საერთაშორისო მაგალითებზე დაფუძნებულ გამოცდილებას გაუზიარებენ Meliora-ს მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს, ისაუბრებენ იმაზე, თუ რას ნიშნავს პასუხისმგებელი ბიზნესი და როგორ შეიძლება პასუხისმგებელი მიდგომების გამოყენება ბიზნეს წარმატების მისაღწევად.

განხილული იქნება თანამედროვე ტრენდები კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროში. ალექს ფერანდი გაუზიარებს დამსწრეებს Business in the Community-ს CSR კონკურსის ოცდაათწლიან გამოცდილებას და გააცნობს BiTC-ის ახალ პროგრამას Responsible Business Tracker®, რომელიც ეხმარება ბრიტანულ კომპანიებს განსაზღვრონ თუ რამდენად ახერხებენ თავიათი CSR პროექტებით გარემოსდაცვითი და სოციალური პრობლემების მოგვარებას.

 „სანამ საქართველოში ჩამოვალ, ქართულ კომპანიებს მინდა ვუთხრა: თუ თქვენ ბიზნესს წარმოადგენთ, აუცილებლად გაქვთ გავლენა სხვების ცხოვრებაზე. რა პროდუქტსაც არ უნდა ამზადებდეთ, ან რა სერვისაც არ უნდა აწვდიდეთ სხვებს, თქვენ აუცილებლად ახდენთ ცვლილებებს ადამიანის ცხოვრებაში. ხანდახან ეს ცვლილება პირდაპირია: პროდუქტი, რომელიც ამარტივებს ადამიანის ცხოვრებას. ხანდახან ეს არაპირდაპირი ცვლილებაა: ტექნოლოგია, რომელიც ახალი ცხოვრების წესს ამკვიდრებს. თუმცა ყველა ცვლილება არ არის პოზიტიური. სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი, რომ ბიზნესმა აიღოს პასუხისმგებლობა ხალხისა და საზოგადოების წინაშე.“ – ელენ კოენი.

‘საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora’, რომლის ფარგლებშიც იმართება მასტერკლასი, არის ეროვნული მასშტაბის წამოწყება, რომელიც აჯილდოებს საქართველოში მოქმედ ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტებისა და ინიციატივებისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სფეროში. კონკურსი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, უკვე მეორედ იმართება.

მასტერკლასი კონკურსის დაჯილდოების დღეს, 12 დეკემებერს გაიმართება.

კონკურს Meliora-ს სპონსორები არიან ფოთის საზღვაო ნავსადგური და სასტუმრო ბილტმორ თბილისი.

[R]

განხილვა