მსოფლიო ბაზარი ტანსაცმლის ბრენდების ნაკლებობას არ განიცდის, თუმცა მაინც არ არის მარტივი ხარისხიანი სამოსის პოვნა, რომელიც დროს გაუძლებს. ამას ემატება ზიანი, რომელიც „სწრაფ მოდას“ მოაქვს გარემოსთვის. სწორედ ეს აზრი იქცა მთავარ მოტივაციად ორი მეგობრისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს ეკო-მეგობრული მაღალხარისხიანი მსოფლიო ბრენდები შეეთავაზებინათ მომხმარებლისთვის. როგორც ნუცა და ანი ამბობენ, Mellow-ში დაგხვდებათ სკანდინავიური ხარისხის, სისადავისა და სამხრეთული ფერების საუკეთესო ნაზავი.
„ჩვენი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი პირობები და მომსახურება, რომ ევროპიდან თუ სხვა ქვეყნებიდან აღარ დასჭირდეთ ნივთების გამოწერა, რაც მათი მხრიდან დამატებით დროსა თუ რესურსებს მოითხოვს.
Mellow-ს შექმნის სურვილი გაჩნდა მაშინ, როდესაც თავად ვიგრძენით საბავშვო პრემიუმ ხარისხის, ეკო-მეგობრული ტანსაცმლისა და აქსესუარების ნაკლებობა ქართულ ბაზარზე. იდეა ორივეს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაგვიჩნდა, როდესაც მშობლები გავხდით. მას შემდეგ, აქტიურად დავიწყეთ მუშაობა და 2023 წლის მარტში ჩვენი ჩანაფიქრი რეალობად ვაქციეთ. ბევრი შრომის, საერთო ხედვის, ურთიერთნდობისა და პატივისცემის შედეგად, შეიქმნა საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების კონცეპტუალური სივრცე Mellow“, – გვიამბობენ „მელოუს“ დამფუძნებლები.
M: კონკრეტულად, რას სთავაზობს Mellow მომხმარებლებს?
ნუცა: Mellow საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების კონცეპტუალური სივრცეა, სადაც ევროპული ნიშური ბრენდებია წარმოდგენილი 0-14 წლის ბავშვებისათვის. თითოეული მათგანი ქმნის მაღალხარისხიან, ეკო-მეგობრულ, ტოქსიკური ნივთიერებისგან თავისუფალ, განსხვავებული დიზაინის საბავშვო ტანისამოსსა და აქსესუარებს, რომლებიც თაობებზეა გათვლილი. „მელოუში“ წარმოდგენილი ბრენდები წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ჩვენი კონცეპტუალური სივრცე თბილისში, მერაბ კოსტავას 37-39 ნომერში, „გრატო პასაჟის“ პირველ სართულზე მდებარეობს. „მელოუში“ გელოდებით ყოველდღე, 11:00-20:00 საათებში. სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ „გრატოს“ პარკინგით. სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია შეკვეთის ადგილზე მიწოდებაც.
M: რატომ არის დღეს მნიშვნელოვანი ეკო-პროდუქტების მიწოდება ბაზრისთვის?
ანი: კონსუმერიზმი დღეს მსოფლიოში დიდი პრობლემაა. საქონელზე მოთხოვნის მატებასთან ერთად, იზრდება საქონლის წარმოების საჭიროებაც, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს გარემოზე. საბენდიეროდ, ამ თემას ბოლო პერიოდში უფრო და უფრო მეტი ყურადღება ეთმობა და მწარმოებლებიც მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს.
Mellow-ში წარმოდგენილი პროდუქცია ეთიკურად, მაქსიმალურად პლანეტის დაბინძურების ან ნახშირბადის კვალის გაზრდის გარეშე იწარმოება და იქმნება მდგრადი ნაჭრისგან. ჩვენთვის ეს ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია ბრენდების არჩევისას. თითქმის ყველა მათგანი სერტიფიცირებულია GOTS ან/და OEKO-TEX® სერტიფიკატებით. ეს იმის გარანტია, რომ პროდუქტი მთლიანად ორგანულია და შემოწმებულია მავნე ნივთიერებებზე.
M: რა გამოცდილებით დაიწყეთ ეს საქმე?
ანი: საცალო გაყიდვების სფეროსთან შეხება აქამდე არცერთს გვქონია, თუმცა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ მოგვცა გამბედაობა შეგვექმნა Mellow. საქმის კეთების პროცესში ბევრი რამ ვისწავლეთ ერთმანეთისგან და ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისგან.
მუდმივად ვცდილობთ, მეტი გავიგოთ, ვისწავლოთ, რადგან გვჯერა, ამ დამოკიდებულებით Mellow არასდროს შეწყვეტს განვითარებას და მუდმივად შევძლებთ მომხმარებლის სასიამოვნოდ გაკვირვებას.
M: თქვენი ხედვით, განვითარების როგორი პერსპექტივა აქვს მელოუს?
ანი: „მელოუ“ ბავშვების სიყვარულით შეიქმნა, მათი უნიკალური შინაგანი სამყაროს აღმოსაჩენად. გვსურს ჩვენი ტანისამოსისა თუ აქსესუარების დახმარებით, ფრთები შეასხან თავიანთ ფერად, ღრმა სამყაროს, მეტად თავდაჯერებულად და ლაღად იგრძნონ თავი.
„მელოუს“ საშუალებით, ამიერიდან საქართველოში ისეთი მაღალხარისხიანი, ეკომეგობრული და ფუნქციური ტანისამოსის თუ აქსესუარების შეძენაა შესაძლებელი, როგორიც აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო. ასეთია უმაღლესი ხარისხის სკანდინავიური ბრენდი MOLO, Maison Mangostan ესპანეთიდან, ასევე, ბავშვებისა და ჩვილების ინოვაციური სათამაშოები Oli&Carol-ისგან და სხვა.
ვფიქრობთ, „მელოუ“ უკვე ძალიან შეუყვარდათ არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მათ მშობლებსაც. აქ თბილი გარემო, სასიამოვნო ფერები და საინტერესო ნივთები დაგხვდებათ. თავად „მელოუ“ სასიამოვნოს, ყველანაირი სიუხეშისგან თავისუფალს ნიშნავს და ჩვენი სივრცეც ზუსტად ამართლებს ამ სახელწოდებას. ამ გარემოს შექმნაში თათია და თამთა გვეხმარებიან, რომლებიც მზად არიან თქვენი გამოცდილება ჩვენთან უფრო სასიამოვნო გახადონ.
M: დატვირთული ყოველდღიურობიდან გამომდინარე, როგორ უთავსებთ სხვა საქმეებსა და „მელოუს“ ერთმანეთს?
ნუცა: პროფესიას Les Roches Marbella International school of Hospitality-ში დავეუფლე და მას შემდეგ სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ვმუშაობ. ამჟამად, კომპანია „სილქ ჰოსფითალითის“ გუნდის წევრი ვარ. მყავს შვილი, ილია. ხშირად რთულია ყველაფრისთვის ერთად – სამსახურის, ოჯახისა და დამატებითი საქმეებისთვის დროის გამოყოფა, თუმცა სწორად გადანაწილებული დრო ბევრის შესაძლებლობას აძლევს ადამიანს. ჩემ შემთხვევაში, სწორედ დროის სწორი მენეჯმენტი და მონდომება მეხმარება, შევუთავსო ეს სამი რამ ერთმანეთს.
ანი: უმაღლესი განათლება საქართველოში მივიღე ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებით. საქართველოში რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ ცოდნის გაღრმავება კომუნიკაციების მიმართულებით მინდოდა და მაგისტრატურაზე სწავლა ტალინის უნივერსიტეტში გადავწყვიტე. ხარისხი კომუნიკაციების მიმართულებით მივიღე, კერძოდ – კულტურათაშორისი ურთიერთობები. იქ ბევრი პრაქტიკული უნარ-ჩვევა გამოვიმუშავე, რაც ძალიან მეხმარება როგორც ამჟამინდელ საქმიანობაში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ჩემი ძირითადი ენერგია მიმართულია „მელოუსკენ“. ბავშვები ჩემთვის დიდი მოტივაციაა და შეიძლება ითქვას გზამკვლევიც. მყავს ორი შვილი, მატა და რია, რომლებსაც დიდ დროს ვუთმობ. მათი და ჩემი, როგორც მშობლის, საჭირობებიდან გამომდინარე უფრო ნათლად ვხვდები რისი შეთავაზება იქნება მეტად საინტერესო და პრაქტიკული ჩვენი მომხმარებლისთვის.
M: როგორ ხედავთ ბიზნესის სამომავლო განვითარებას?
ნუცა: ახლო მომავალში კიდევ რამდენიმე ახალი ბრენდი შემოვა და მათ შესახებ მალე Facebook და Instagram გვერდების საშუალებით მოგიყვებით.
წინ ბევრი გეგმა გვაქვს. ბევრს ვოცნებობთ და უფრო მეტს ვშრომობთ. გვჯერა, სამომავლო გეგმებსაც შევასხამთ ფრთებს და ბავშვებთან ერთად, ვიმოგზაურებთ ჩვენს ფერად, Mellow სამყაროში.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი