4
Feb
2019

ქართული ონლაინ “მშრალი ხიდი” – Melon.ge

4 Feb 2019

Startauperi
Startauperi


Melon.ge ონლაინ სავაჭრო სივრცეა, რომელიც მყიდველებსა და გამყიდველებს აკავშირებს ერთმანეთთან. მის შემქმნელებს სურდათ მარტივი პასუხი გაეცათ პოტენციური კლიენტების მუდმივ კითხვებსა და მოთხოვნებზე, მაგალითად: “რა ღირს? რა ზომაა? როგორ მდგომარეობაშია? საბანკეტო კაბები შემომთავაზეთ! დამირეზერვეთ! და ა.შ.” Melon.ge-ის სახით, მყიდველებისთვის ონლაინ ყიდვის კომფორტის და საინტერესო ნივთების აღმოჩენის საშუალების მიცემა სურდათ: “თავდაპირველად მელონის იდეა იყო ძველმანების, მეორეული პროდუქციის, ხელნაკეთი ნივთებისა და ე.წ. Trashion-ის ონლაინ ბაზრობა ყოფილიყო. უხეშად, რომ ვთქვათ, გვსურდა, რაღაცნაირად „მშრალი ხიდი“, „მეორეული პროდუქციის მაღაზიები“ და უბრალოდ ინდივიდების საინტერესო ნივთები ერთ სივრცეში მოგვექცია.”

დავით დარასელია

იდეა დაიხვეწა და ხანგრძლივი მზადების შედეგად, ქართულ ონლაინ სივრცეში Melon.ge დაიბადა. ონლაინ პლატფორმის იდეა ეკუთვნის ოთხ მეგობარს: დავით და ზურა დარასელიებს, ნიკა შენგელიასა და ირაკლი ნიორაძეს. ძმები – დათო და ზურა – პროგრამისტები არიან, ნიკას მომხმარებლებთან ურთიერთობა აბარია, ირაკლი კი მენეჯმენტში მონაწილეობს. დეტალებზე დავით დარასელიას ვესაუბრეთ.

“დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ვფიქრობდით კონცეფციაზე და ტექნოლოგიაზე, როგორი უნდა ყოფილიყო პლატფორმა. შევისწავლეთ ყველა უცხოური ანალოგი. პროგრამულად, პროექტს ვქმნიდით ნელ-ნელა, თავისუფალ დროს, ვინაიდან ყველანი პარალელურად ვიყავით დასაქმებული. ბოლოს მივხვდით, რომ მეტი დრო უნდა დაგვეთმო ჩვენი პროექტისთვის, პარალელურ საქმიანობებს აღარ ვუთმობდით დიდ დროს, გადმოვერთეთ ჩვენს პროექტზე, მოვთავსდით სახლებსა და საერთო სამუშაო სივრცეებში და 6 თვეში გავუშვით საიტი. პროექტი, დაახლოებით, 2 თვეა რაც გაშვებულია და ყოველდღიურად იზრდება ინტერესი მის მიმართ.”

M: “მელონის” პარალელურად რას აკეთებთ?

დღეს, მთლიანად ჩვენს პროექტზე ვართ გადმორთული და პარალელურად მცირე საშუალებები დავიტოვეთ იმისათვის, რომ ფინანსურად, ჩვენი ხარჯებით შევძლოთ პროექტის განვითარება. ამ ეტაპზე, ისევ სახლებსა და საერთო სამუშაო (co-working) სივრცეებში ვმოღვაწეობთ. გარდა ამ სივრცეებისა, ოთხივეს გამაერთიანებელი ასევე არის თბილისური სოციალ-ბარები.

M: უფრო რომ განვავრცოთ, რას უკავშირდება “მელონის” შექმნა?

გვსურდა, ადამიანებს შესძლებოდათ საძინებელი ოთახიდან, გარდერობის გამოღებით და ტანსაცმლის გადმოყრით შეექმნათ თავგადასავალი, გაეზიარებინათ სხვებისთვის თავიანთი ნივთების ისტორია და პარალელურად გამოემუშავებინათ თანხა. ჩვენ ვხედავთ, რომ ინსტაგრამისა და ფეისბუქ ჯგუფების მეშვეობით ხალხი ამას უკვე ახერხებს, თუმცა გვსურდა ამ ადამიანებს უფრო დალაგებული და დახვეწილი პლატფორმა ჰქონოდათ. დაინტერესებულმა პირმა, რომელიც მოხვდება საიტზე, ყველა შეკითხვაზე მომენტალურად უნდა მიიღოს პასუხი და შეძლოს პირდაპირ ყიდვა. გვინდა, “მელონი” მყიდველებისთვის ონლაინ ყიდვის კომფორტის და საინტერესო ნივთების აღმოჩენის საშუალება იყოს.

M: რა საჭიროება დაინახეთ, რის გამოც ეს ვებგვერდი შექმენით?

უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ჯერჯერობით არაფერი გამოგვიგონია. არსებული პრაქტიკა მუშაობს ყველა განვითარებულ ქვეყანაში საკმაოდ წარმატებულად და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა. მელონი არის ონლაინ მარკეტფლეისი (ონლაინ სავაჭრო სივრცე ან/და ონლაინ ბაზრობა). ჩვენი მიზანია მცირე მეწარმეებისა და ინდივიდების ხელშეწყობა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სტარტაპი სტარტაპერებისთვისაა განკუთვნილი.

ჩვენი პლატფორმა პროდუქციის პოპულარიზაციაში ეხმარება მათაც, ვინც ახლა იწყებს პროდუქციის გაყიდვას, ან და უკვე ეწევა საქმიანობას. რაც მთავარია, გამყიდველი ამ ყველაფერს ღებულობს უფასოდ. გამყიდველი იხდის საკომისიოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნივთი გაიყიდება. საკომისიოს პრინციპი თავად ავარჩიეთ, ვინაიდან გვსურს რეალური შედეგის მიღება და ჩვენი მოტივაციაა, გაიყიდოს ნივთები.

ამ დროისთვის, სასურველი ნივთის მოსაძებნად, აუცილებლად რაიმე ჯგუფში უნდა იყო გაწევრიანებული ან რომელიმე FB გვერდიდან იგებდე გასაყიდი პროდუქციის შესახებ. “მელონზე” მყიდველს შესაძლებლობა აქვს საიტზე დალაგებულად დაათვალიეროს სასურველი პროდუქცია და სურვილის შემთხვევაში, შეიძინოს.

M: რა ფინანსურ პერსპექტივას ხედავთ ამ საქმეში?

ამ პროექტზე მუშაობისას განვიხილავდით და შევისწავლეთ ყველაფერი, გარდა ფინანსური სარგებლისა. ბრმად გვწამს, რომ პროექტი იმუშავებს! ჩვენი ინტერესია გამყიდველმა დანახარჯების გარეშე შეძლოს მყიდველისთვის თავისი პროდუქციის გაცნობა. ფასიანი სერვისები, რაც შეიძლება დაემატოს საიტს იქნება მხოლოდ გამყიდველის ინტერესებზე მორგებული.

M: ვისაუბროთ სერვისის თავისებურებებზე…

მელონის მთავარი პლიუსი გამოიხატება იმაში, რომ მთლიანი სისტემა ავტომატიზირებულია და მყიდველიც და გამყიდველიც დამოუკიდებლად ახორციელებს ყველა მოქმედებას. გამყიდველს დამოუკიდებლად შეუძლია შექმნას თავისი ვირტუალური მაღაზია, ატვირთოს თავისი ლოგო, დაარქვას სასურველი სახელი და განათავსოს პროდუქცია გასაყიდად. მყიდველს შეუძლია ბარათით, ონლაინ შეიძინოს სასურველი ნივთი მარტივი პროცედურით. ჩვენ ამ პროცედურაში გვაქვს შუამავლის როლი. უსაფრთხოების და სანდოობის გარანტორები ვართ. საიტის მთავარი პრინციპი, რაც განაპირობებს სანდოობას, არის ტრანზაქციის ჩვენს განკარგულებაში ყოფნა. ყიდვის პროცედურა არ არის დაკავშირებული რისკებთან. გამყიდველს თანხას ვურიცხავთ მას შემდეგ, რაც მყიდველი ჩაიბარებს შეძენილ ნივთს. მყიდველს შეუძლია შესყიდვის გაუქმების ან ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნა.

 

M: როგორ გეგმავთ “მელონის” განვითარებას?

ტრადიციული სავაჭრო სივრცეებისგან განსხვავებით, ონლაინ მარკეტფლეისის მთელი მოტივაცია და ხიბლი არის ის, რომ მას არ გააჩნია შემოსაზღვრული გეოგრაფიული ფარგლები. ყიდვით დაინტერესებული პირი შესაძლოა მეორე ნახევარ სფეროდანაც იყოს. ამიტომ, ვფიქრობთ, სამომავლოდ შესაძლებელია ლოკალურ სივრცეს გავცდეთ და ვანახოთ სხვა ქვეყნის მოსახლეობასაც ქართველი მეწარმეებისა თუ ინდივიდების მიერ წარმოდგენილი პროდუქცია.

რაც შეეხება ტექნიკურ თვალსაზრისს, ჩვენი მთავარი სამუშაო იქნება სანდოობის გაზრდა. ეს შესაძლებელია იყოს შეფასებების სისტემის დანერგვა, დამატებითი ვერიფიკაციები და ა.შ. ასევე, მუდმივად ვმუშაობთ კატეგორიების დალაგებაზე, მომხმარებელმა მარტივად რომ შეძლოს სასურველი ნივთის მოძებნა.

სამომავლოდ ვგეგმავთ ინდივიდუალური დიზაინებისა და დომენების დამატების შესაძლებლობას. გამყიდველს შესაძლებლობა ექნება თავისი საკუთარი დომენით და ინდივიდუალური დიზაინით ჰქონდეს საიტი, რომელიც ინტეგრირებული იქნება მარკეტფლეისთან. ასევე ვფიქრობთ ღონისძიებების და სივრცის შექმნას, სადაც პერიოდულად გამყიდველები და მყიდველები ფიზიკურად მოხვდებიან ერთ სივრცეში და გაიცნობენ ერთმანეთს. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ჯერ ჯერობით არაფერი გამოგვიგონია ახალი, თუმცა გვაქვს პრეტენზია, რომ ელექტრონულ კომერციაში გამოვიგონებთ და დავნერგავთ ახალ, საინტერესო პრაქტიკებს.

განხილვა