in

რატომ მიმართავენ ბრენდები MEME-მარკეტინგს

შესაძლოა, ყველაზე სასაცილო პოსტი, რომელიც ამ კვირაში ნახეთ, მეგობარს კი არა, რომელიმე ბრენდს ეკუთვნოდა, რადგან კომპანიები სულ უფრო მეტად იქცევიან ინტერნეტის რიგითი მომხმარებლებივით და სულ უფრო ნაკლებად ჰგვანან ტრადიციული რეკლამის განმთავსებლებს.

ეს შემთხვევითი არ არის. ყოველდღიურად, ათასობით პოსტის თვალიერებისას, მომხმარებლების ყურადღების მისაპყრობად საკმარისი აღარ არის რეკლამის განთავსებისთვის თანხის გადახდა. ბრენდები სულ უფრო ხშირად ცდილობენ, ჩაერთონ იმ საუბრებში, რომლებიც ადამიანებს უკვე მათ გარეშეც დაწყებული აქვთ.

მიმები, ხუმრობები და მიმდინარე მოვლენებზე მყისიერი რეაქციები მარკეტინგის ინსტრუმენტებად იქცა. თუმცა რა როლი აქვს რეკლამას უსასრულო სქროლვის ეპოქაში? ეს კითხვა ჯერჯერობით მაინც ძალზე აქტუალურია.

ტრადიციული მარკეტინგი ხშირად მომხმარებელს შეტყობინებას ახვევდა თავს. სატელევიზიო რეკლამა, ბილბორდი თუ სოციალური მედიის სარეკლამო პოსტი აუდიტორიას გზავნილს აწვდიდა იმ იმედით, რომ ადამიანები მას დაიმახსოვრებდნენ.

ეს მოდელი დღესაც მუშაობს და მსხვილი ბრენდები რეკლამაში კვლავ დიდ თანხებს ხარჯავენ. თუმცა ეს საკმარისი აღარ არის. ბრენდი გაცილებით მეტ ადამიანს მიაწვდენს ხმას, თუ მისი კონტენტი აუდიტორიისთვის იმდენად ახლობელი და საინტერესო იქნება, რომ მომხმარებლებს მისი გაზიარება მოუნდებათ.

ამ მიმართულებით მიმებს საკმაოდ დიდი წონა აქვს

აქ მხოლოდ იუმორი არ არის მთავარი. კონტენტის გავრცელებას ხშირად ის ემოცია განაპირობებს, რომელსაც ის ადამიანებში იწვევს. კარგი MEME ადამიანში ემოციურ მუხტს ქმნის და უჩენს სურვილს, ის სხვასაც გაუზიაროს.

როდესაც ბრენდი ამ კულტურაში წარმატებით ერთვება, ის მომხმარებლისთვის შორეულ კორპორაციად აღარ აღიქმება, არამედ კიდევ ერთ თანამოსაუბრეს ემსგავსება საერთო ჯგუფურ ჩატში.

Netflix შესანიშნავი მაგალითია ბრენდისა, რომელიც ეფექტურ MEME-მარკეტინგს იყენებს. სტრიმინგპლატფორმის სოცმედიის გუნდი ხშირად ქმნის და აზიარებს მიმებს, რომლებიც დროულია, თვითშემეცნებითი და იდეალურად მორგებულია სამიზნე აუდიტორიის ინტერესებზე. ბრენდი ხშირად დასცინის საკუთარ შოუებს ან იყენებს სხვა სოციალური მედიის ტენდენციებს.

ამ მხრივ საინტერესოა Google Maps-ის მაგალითიც. ხშირად ის ერთმანეთს უხამებს პაროდიას, სეზონურ იუმორსა და ნოსტალგიაზე დაფუძნებულ მიმებს. აღსანიშნავი მომენტი იყო, როდესაც ბრენდი შემოდგომაზე pumpkin spice-ისადმი მომატებული მოთხოვნის გამო ატეხილ აჟიოტაჟს შეუერთდა და ხუმრობით მიანიშნა, რომ Google Maps-იც კი ვერ დარჩებოდა გულგრილი და მომხმარებლებს ამ სეზონური გემოს პოვნაში დაეხმარებოდა. ამ მიდგომამ Google Maps უფრო ახლობელ და ყოველდღიურ ტენდენციებთან თანხვედრაში მყოფ ინსტრუმენტად წარმოაჩინა.

სწორედ ეს არის მიმების ეფექტიანობის მთავარი მიზეზი: ის ყურადღებას მოიპოვებს და არ ყიდულობს მომხმარებელს. ადამიანისთვის გაცილებით ღირებულია ის, რასაც თავად ირჩევს, ვიდრე ის, რასაც უბრალოდ ხედავს.

როდესაც თავად აუდიტორია ხდება კონტენტი

ეს ცვლილება მხოლოდ სასაცილო პოსტების მოდას არ უკავშირდება. ის იმაზე მიუთითებს, რომ იცვლება თავად კონკურენციის საგანი. აუდიტორიის მოცვა კვლავ შესაძლებელია ფულით, თუმცა ყურადღების მოპოვება სულ უფრო მეტად თავად ბრენდზეა დამოკიდებული.

ზოგიერთი კომპანია უფრო შორს მიდის და კონტენტის ნაწილად უშუალოდ მომხმარებლებს აქცევს. ამის თვალსაჩინო მაგალითია Spotify Wrapped ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს მათი მუსიკალური ჩვევების პერსონალიზებულ შეჯამებას სთავაზობს. ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ამ მონაცემებს სოციალურ ქსელებში აზიარებს. Spotify მომხმარებლებს კონტენტის ფორმატს სთავაზობს, ხუმრობებს კი თავად აუდიტორია ქმნის. 

ეს მარკეტინგის ამოცანასაც ცვლის. წარმატებისთვის გადამწყვეტი აღარ არის მხოლოდ დიდი ბიუჯეტი ან ორიგინალური, 30-წამიანი სარეკლამო რგოლი. მნიშვნელობას იძენს კულტურული კონტექსტის ცოდნა, იმის გააზრება, რა მიაჩნია კონკრეტულ საზოგადოებას სასაცილოდ, რა მობეზრდა და რა მომენტში სჯობს ბრენდმა საერთოდ არ ისაუბროს.

საბოლოოდ, მარკეტერების ახალი თაობისთვის მთავარი კითხვაა: რატომ შეიძლება გაუჩნდეს აუდიტორიას შენი კონტენტის სხვებისთვის გაზიარების სურვილი.

30-31 ოქტომბერი და 1 ნოემბერი – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის წიგნის დღეები გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო