in

„მე მე მე“ – ბავშვივით ლაღი ქართული ბრენდი, რომელიც Yves Saint Laurent-ში მიღებული გამოცდილებით იქმნება

Startauperi
Startauperi

„ონლაინ თანაცხოვრება“ რუსა დათუკიშვილმა და სოფო ბოლცემ რამდენიმე თვის წინ დაიწყეს, როდესაც მათ წარმოსახვაში საბავშვო თავისუფალი სამოსის შექმნის იდეა გაჩნდა. საქართველოსა და გერმანიას შორის საათობრივი სხვაობისა და საკმაო მანძილის მიუხედავად, მეგობრულმა ძალისხმევამ – რუსას დაუშრეტელმა ენთუზიაზმმა, სოფოს Yves Saint Laurent-ში მიღებულმა გამოცდილებამ შედეგი გამოიღო და ბაზარს ბავშვივით ლაღი ბრენდი „მემემე“ შეემატა.

გვინდოდა შეგვექმნა სამოსი, რომელიც ბავშვებს ყურადღების ცენტრში დააყენებდა, მათ მთავარ გმირად გახდიდა. სამოსი, რომელიც ლაღია, ინდივიდუალური, თამამი და ძალიან კონფორტული. ვფიქრობდით სიტყვა მე-ზე, რომელიც ზუსტად გამოხატავდა იმას რაზეც გვინდოდა ლაპარაკი, მერე გავასამმაგეთ ეს მე, ისე როგორც ბავშვებმა იციან. მე მე მე!“ – სოფო ბოლცე.

M: როგორია „მემემეს“ კონცეფცია და რამ შთაგაგონათ ის?

რუსა: მემემეს’’ შთაგონების წყარო ბავშვური, მხიარული და განსხვავებული ტანისამოსის შექმნა იყო, როგორიც პატარებს გააბედნიერებთ და გამოარჩევთ. ბრენდის კონცეფციაც მთლიანად ბავშვების ფსიქოლოგიას მოვარგეთ. შევეცადეთ მათი გადმოსახედიდან შეგვეხედა სამყაროსთვის და ისეთივე ფერადი მოდელები შეგვექმნა, როგორიც პირველ რიგში თავად ბავშვებს მოეწონებოდათ.“

M: სტარტაპის დახმარებით, რა პრობლემის გადაჭრა განიზრახეთ მომხმარებლისთვის?

სოფო: „დილას, ბაღში ან სკოლაში წასვლისას ჩაცმასთან დაკავშრებულ დისკუსიებს ავირიდებთ მშობლები ბავშვებთან. გვინდა, ჩვენს სამოსში ბავშვები უფრო ხილულები იყვნენ, პასტელურ-პარიზული ლუქების ალტერნატივად, ბავშვური და ინდივიდუალური სამოსი იყო ჩვენი სურვილი.“

M: დამფუძნებლები სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობთ – როგორ ახერხებთ გუნდურ მუშაობას?

რუსა დათუკიშვილი

რუსა: ყოველთვის მინდოდა საკუთარი საქმე მქონოდა და მოდის სფეროც მაინტერესებდა, ბავშვების ტანისამოსით კი მას შემდეგ დავინტერესდი, რაც თავად მეყოლა შვილი. ამ სფეროში არანაირი გამოცდილება გამაჩნდა. სწორედ ამიტომ, რჩევისთვის სოფოს დავუკავშირდი. იმდენად ბუნებრივად მოხდა ამ იდეაზე ერთობლივი მუშაობა, რომ ის სირთულეები, რაც დისტანციას ახლავს თან, მეორეხარისხოვანი გახდა. ყველაზე რთული მაინც ქსოვილების შერჩევა იყო, რადგან ეკრანიდან რთულია ზუსტად აღიქვა ფერები, დროის სხვაობაც მოქმედებს საქმეზე და ჩვენი გადატვირთული ყოველდღიური რეჟიმიც, თუმცა მთელი ეს სამუშაო პროცესი იმდენად სასიამოვნო იყო და იმხელა გამოცდილება მივიღეთ, რომ ის პატარ-პატარა სირთულეები აღარც გვახსოვს.“

სოფო:ბოლო სამი თვეა ონლაინ რეჟიმში ვართ სრულიად, ყველა თავისუფალი წუთის გამოყენებით. ჩემი როლი კრეატიული ნაწილია, რუსასი ყველაფერი. პირველი იდეების გაზიარებიდან, სამკერვალოში ონლაინ ჩართვებამდე ყველაფერი ერთად გავაკეთეთ. ის, რომ ძალიან მსგავსი ხედვა გვაქვს, ამარტივებს ყველაფერს.“

M: რა გამოცდილებით დაიწყეთ ეს საქმე?

სოფო ბოლცე

სოფო: „მე მხატვრული კინოს რეჟისურა მაქვს დამთავრებული და უნივერსიტეტის მერე ამ სფეროში ვმუშაობდი, მერე ისე მოხდა რომ პირადი მიზეზებით მიუნხენში გადავედი საცხოვრებლად, სადაც 1 წელი დოკუმენტური კინოს განხრითაც მივიღე განათლება. ძალიან მალე მეყოლა ჩემი პირველი შვილი, რამაც რაღაც პერიოდი სამსახურზე ფიქრი დამაწყებინა ნახევარი განაკვეთით. მოდის სფერო მაინტერესებდა ვიფიქრე, ცოტა ხნით მეცადა. მერე მომეწონა და უფრო მეტიც, ბევრი ისეთი რამითაც შემავსო, რაც ჩემს პროფესიასთან მაახლოებდა.

ჩაცმაც ხომ ერთ-ერთი ყველაზე მასიური, ყოველდღიური და ადვილად შემსამჩნევი ექსპრესიის ფორმაა სხვების ჩაცმისას ასევე გჭირდება პერსონაჟის ცნობიერი და არაცნობიერი, უთქმელი და ადვილად სათქმელი  ფიქრების და სურვილების გაგება, როგორც ფილმის პერსონაჟის შექმნისას. ამიტომ და არა მარტო ამიტომ შევრჩი ამ სფეროს და ბოლო 3,5 წელია ივ სენ ლორენში ვარ.

ბოლო 2 წელია კლიენტებთან ურთიერთობას ჩემი ტრეინინგ ამბასადორის როლი დაემატა, რაც ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო და არის ჩემთვის.“

რუსა:11 წლის ვიყავი, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში საავტორო გადაცემა მიმყავდა. 4 წლის შემდეგ კი ბედი უკვე ტელევიზიაში ვცადე. ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი წამყვანი და ჟურნალისტი ძალიან საინტერესო გადაცემისა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადიოდა. სკოლის დამთავრებისთანავე სტაჟირება ერთ-ერთ რადიოში დავიწყე, სადაც მალე  საინფორმაციოს წამყვანი გავხდი, თუმცა რადიოზე მეტად ტელევიზია მიზიდავდა, ამიტომ კარიერა რუსთავი 2 -ზე გადაცემა “პოსტკრიპტუმში”-ში გავაგრძელე და პარალელურად უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მედია სფეროში გამოცდილება საზღვარგარეთაც მივიღე, ხორვატიასა და გერმანიაში არაერთ საინტერესო პროექტზე ვიმუშავე ჩემს ევროპელ კოლეგებთან ერთად, თუმცა საქართველოში დაბრუნებულმა უფრო “მშვიდი” სამსახურის მოძებნა გადავწყვიტე და სხვადასხვა კომპანიაში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სოციალური მედია მენეჯერის თანამდებობა მეკავა. მედიასთან მჭიდრო კავშირის მიუხედავად, სულ მინდოდა საბავშვო სამოსი შემექმნა, რაშიც სოფოს ხედვა და გამოცდილება ძალიან დამეხმარა.“

M: როგორ იქმნება „მემემეს“ მოდელები?

სოფო: მოდელების იდეები ყველაფრიდან მოდის, რადგან ამ სფეროში ვარ და მოდის ისტორიის ცოდნა ჩემს გუნდთან ერთად ინსპირაციებზე და ქსოვილებზე მუშაობა ჩემი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ყველაზე დიდი იდეების წყარო ჩემი შვილი – ქალისია. ის არასდროს არ კმაყოფილდება ჩვეულებრივი ლუქით. მაისურზე ზექდ რამეს იკეთებს ან მეორე მაისურს იცვამს. ან შარვალზე ქვედაბოლოს ამოიცვამს, მგონი არ გადავამეტებ თუ ვიტყვი, რომ სამოსის დახმარებით ეძებს ხშირად საკუთარ თავს და მე ვგიჟდები ამ პროცესზე, ამ პროცესში მასთან ყოფნაზე და იდეების შეთავაზებაზე.

ჩვენი სამოსიც არასდროსაა მოსაწყენი, ვცდილობთ მუდმივ ანიმირებას დეტალებით, ფერების ერთ შეხედვით არალოგიკური კომბინაციებით, ნაქარგებით. მიყვარს სამოსში twist- სწორხაზოვნება ხომ არაა რელობასთან ახლოს.“

რუსა:მოდელების შექმნის ინსპირაცია ყველაფერია, თუმცა ყოველთვის ჩვენი ამოსავალი წერტილი ბავშვების სურვილებია, შესაბამისად, თითოეულ მოდელზე მუშაობისას პირველ რიგში იმაზე ვფიქრობთ, თუ რა მოეწონებათ პატარებს.“

M: ვინ არის თქვენი სამიზნე სეგმენტი?

რუსა: „ჩვენი სამიზნე სეგმენტი მშობლები არიან, რომლებიც ხარისხთან და კომფორტთან ერთად პატარების ინდივიდუალიზმს აქცევენ ყურადღებას. ასევე ბავშვები, ვისთვისაც უნდა შეგვექმნა ტანისამოსი, რომელიც პირველ რიგში სწორედ მათ უნდა მოეწონოთ.“

M: პანდემიის პირობებში როგორია ბიზნესის ოპერირება?

რუსა:პანდემიამ ყველაფერი უკან დახია, ამიტომ ამ პირობებში რთულია ბიზნესის ოპერირება, რადგან ხალხს აღარ აქვს იმდენი შემოსავალი, მეტად აკეთებს დანაზოგს და შესაბამისად გაყიდვებს მსგავს პროდუქტზე დაკლებული, აქვს, თუმცა იმედია, რომ ეს პერიოდი მალე დასრულდება და ყველაფერი ისევ დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს.“

სოფო: „მიუნხენში ვცხოვრობ და სრულ განაკვეთზე ვმუშაობ ჩვენს ონლაინ თანაცხოვრებას ამ სამი თვის განმავლობაში პანდემიის არარსებობა ვერ შეცვლიდა. ორივეს ბევრი მეგობარი გვყავს და გვიყვარს გარეთ ყოფნა, მგონი პირიქით წაგვადგა და ადვილი გახადა მუშაობა ბევრი სასურველი ალტერნატიული გართობის გზების არარსებობამ.“

M: ახლა რა ეტაპზე ხართ, რა გჭირდებათ განვითარებისთვის და რას გეგმავთ სამომავლოდ?

სოფო: „ჯერ ეიფორიაში ვართ. ახლა გვჭირდება ბევრი ადამიანი, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ხედვას ბავშვებზე და ჩვენს სამოსს შეიძენს, რომ ეს ენერგია კრეატიულ ეიფორიად გაგრძელდეს შემდეგი კოლექციებისთვის.“

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

„თვალი ინსპირაციის უშრეტი საშუალებაა“ – ნიკოლოზ კუმბარის პროექტი Ophthalmology

როგორ ვითანამშრომლოთ ადამიანებთან, რომლებიც არ მოგვწონს?