in ,

“Memogram”-Print your memories – „ინსტარგამიდან“ დაბეჭდილ ფოტომდე

Startauperi
Startauperi

„მემოგრამი“ „ინსტარგამით“ გადაღებულ ფოტოებს ბეჭდავს. აპარატის შექმნის იდეა გაბრიელ მელივას ეკუთვნის. ამბობს, რომ მისთვის დაბეჭდილ სურათს მეტი ხიბლი აქვს და კომპანიის სახელი და სლოგანი “Memogram-Print your memories” ამ დამოკიდებულებას გამოხატავს.

IMG_20140331_080543გაბრიელ მელივა: იდეა დამებადა მოგზაურობის დროს. ხშირად ვიღებ ფოტოებს მობილურით, „ინსტაგრამის“ მეშვეობით, ამ პროგრამით გადაღებული ფოტოები ბევრად უფრო კარგად გამოიყურება, ვიდრე სტანდარტული მობილურის აპლიკაციით გადაღებული, რადგან შეგიძლია მარტივად დაადო ფილტრები, დაამუშავო ფერები და ა.შ.

დროთა განმავლობაში, „მობილურით“ გადაღებული უამრავი კარგი ფოტო დამიგროვდა და გამიჩნდა მათი დაბეჭდვის სურვილი. თუმცა, დამღლელი პროცედურაა, ფოტო უნდა გადაიტანო კომპიუტერში, გადაწერო „დისკზე“ ან “ფლეშკაზე“, მიხვიდე ფოტოსტუდიაში ჩააბარო და 1 საათში ისევ უნდა დაბრუნდე ფოტოების წამოსაღებად. ამიტომ, მომივიდა იდეა, შემეძინა ისეთი თვითმომსახურების აპარატი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა „ინსტაგრამიდან“ ფოტოების ბეჭდვა.

ბევრი ვეძებე ინტერნეტში, თუმცა, მსგავსს ვერაფერს მივაგენი, არ არსებობს მომხმარებელზე ორიენტირებული, მარტივი „ინტერფეისის“ მქონე ფოტო ჯიხური „ინსტაგრამიდან“ ფოტოს ბეჭდვის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს. რადგან იდეა ინოვაციური იყო, უფრო დიდი სტიმული მომეცა, დავხვეწე იდეა, დავგეგმე სრული ეტაპი და ასე გაჩნდა „მემოგრამი“.

„მემოგრამი“ საქართველოშია დამზადებული?

აპარატები პროგრამული უზრუნველყოფების ჩათვლით, სრულად დამზადებულია საქართველოში. რადგან იდეაც და აპარატებიც უნიკალურია დაგვჭირდა საკმაო შრომა და დრო მის ასაწყობად. უკვე შევიტანე განაცხადი აპარატების დასაპატენტებლად.

IMG_20140330_122002

როგორ იბეჭდება ფოტო „მემოგარმით“?

ამ ეტაპზე კომპანია მემოგრამს აქვს ორი ტიპის აპარატი: „მემოგრამ სპოტი“ და „მემოგრამ ივენთი“. „მემოგრამ სპოტი“– თვითმომსახურების ტიპის აპარატია, ის ხალხმრავალ ადგილებში განთავსდება მოხმარების წესი ძალიან მარტივია: იღებ ფოტოს ინსტაგრამით, კომენტარის ველში უთითებ #memogram, აპარატში შეგყავს შენი მომხმარებელი, ირჩევ ფურცლის ტიპს და რაოდენობას. იბეჭდება როგორც ჩვეულებრივ, ასევე მაგნიტურ ფურცელზე. იხდი ფულს (აპარატი ხურდასაც აბრუნებს) ფოტო 30 წამში მზად არის. ფოტოს გადაგზავნა დასაბეჭდად ბლუთუსის მეშვეობითაც შეიძლება.

„მემოგრამ ივენთ“ – ეს აპარატი „ივენთებისთვის“ არის შექმნილი. წვეულების ორგანიზატორი ქირაობს აპარატს (ფასი განისაზღვრება ფოტოების რაოდენობის მიხედვით), განათავსებს მისთვის სასურველ ადგილას და ინსტაგრამით გადაღებული ფოტოები ავტომატურად იბეჭდება. წვეულების ორგანიზატორთან შეთანხმებით, წინასწარ ვაფიქსირებთ „ინსტაგრამის“ „ჰეშტაგს“, რომლის მითითების შემთხვევაში აპარატი ავტომატურად ბეჭდავს ფოტოს, მაგალითად #ქორწილი. სტუმარი, ვინც „ინსტაგრამით“ ფოტოს გადაიღებს და კომენტარის ველში აღნიშნულ „თაგს“ მიუთითებს, ფოტო ავტომატურად იბეჭდება 20 წამში. ფოტოს ჩარჩოს ბრენდირება/გაფორმება შესაძლებელია ნებისმიერი დიზაინით. ეს საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს თავიანთი ლოგო განათავსონ ფოტოზე და დადებითი ემოციის შექმნაში მიიღონ მონაწილეობა. გადაღებული ფოტოები შეიძლება პარალელურ რეჟიმში გაეშვას სლაიდ შოუზე და ასევე აიტვირთოს სასურველ ფეისბუქის გვერდზე.

რა ღირს „მემოგრამ სპოტით “ ფოტოს დაბეჭდვა?

ჩვეულებრივი ფურცელი – 2 ლარი. მაგნიტურ ფურცელზე – 4 ლარი.

სად დგას აპარატები?

„მემოგრამ სპოტ“ აპარატი დგას ამჟამად „პიქსელის“ შენობაში. მალე სანაყინე „ანჯელატოში“ განთავსდება. რაც შეეხება „მემოგრამ ივენთს“ ამ აპარატის განთავსება წვეულების ორგანიზატორის სურვილისამებრ ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი.

IMG_20140608_143013

ინტერესს თუ იწვევს და რამდენად წარმატებული აღმოჩნდა „მემოგრამის“ იდეა?

სულ რამოდენიმე თვეა, რაც ეს ბიზნესი დავიწყე და უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია. ძალიან გვახარებს და სტიმულს გვაძლევს, ის, რომ დადებით ემოციებს ვიღებთ მომხმარებლებისგან. უკვე გვყავს მუდმივი კლიენტებიც.

რამდენი აპარატია ახლა ქალაქში და სამომავლოდ რას აპირებთ?

ამ ეტაპზე გვაქვს თითო აპარატი, თუმცა უკვე დაწყებული გვაქვს ახალი აპარატების აწყობაც. უახლოეს მომავალში იგეგმება ქსელის გაფართოება და რამდენიმე ხალხმრავალ ადგილსაც დავამატებთ. უკვე ვამუშავებ გეგმას, რომ ბიზნესი ახალ ეტაპზე გადავიტანო და გავცდე ქვეყნის ფარგლებსაც.

“ურთიერთდამოკიდებულება ცხოველებსა და მცენარეებს შორის” – ქართველი დიზაინერის Wer Michèlle-ის ახალი პროექტი

Coca-Cola-მ უცნობ ადამიანებს მეგობრობის მიზეზი მისცა.