2
Sep
2019

მოწყობილობა, რომელსაც ადამიანის ტვინის მსგავსად, ავიწყდება და ახსენდება

2 Sep 2019

Alta
Alta


რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კვლევა, რომელზე დაყრდნობითაც მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა Memristor, რომელიც ტვინის ფუნქციას იმეორებს. ის ადამიანის მსგავსად, გარკვეული დროის განმავლობაში, იმახსოვრებს და ივიწყებს (კარგავს) ინფორმაციას, შემდეგ კი, შეუძლია „მოაგონდეს“. მოწყობილობა, რომელზეც ვსაუბრობთ „მემრისტორის“ მეორე ვარიანტია, რომელზეც მოსკოვის ტექნოლოგიების ინსტიტუტში წლებია მუშაობენ.

აქამდე „მემრისტორში“ ნანოხიდებს იყენებდნენ, რომლებიც დროთა განმავლობაში ქრებოდნენ, იმავე გზით, რა გზითაც დროთა განმავლობაში, მოგონებები იშლება ადამიანის გონებაში. „პირველადი „მემრისტორის“ შემთხვევაში პრობლემა იყო ის, რომ მოწყობილობა დროთა განმავლობაში იცვლიდა ქცევას და ხანგრძლივი ოპერაციის შემდეგ, ფუნქციას კარგავდა“, – ამბობს მოსკოვის ტექნოლოგიების ინსტიტუტის ფიზიკოსი, ანასტასია ჩოუპრიკი. ამიტომ, მეცნიერებმა სინაფტიკური პლასტიურობის მისაღწევად დაიწყეს მუშაობა. აღსანიშნავია, რომ სინაფსების მეშვეობით, რომლებიც ნეირონების შეერთების უბნებია, ადამიანის ტვინში ნეირონთაშორის ინფორმაციის, იმპულსის გაცვლა ხდება შესაძლებელი.

ნანოხიდების ნაცვლად, გუნდმა გამოიყენა მასალა, რომელიც ჰაფნიუმის ოქსიდს შეიცავს. მასალას ახასიათებს ელექტრული პოლარიზაცია და საპასუხო ცვლილება, გარე ელექტრულ გავლენებზე. ეს ნიშნავს, რომ ელექტრო იმპულსების მეშვეობით, მაღალი და დაბალი რეზისტენტულობის უბნები შეიძლება გაჩნდეს. ამ მასალას მიკროჩიპების შესაქმნელად იყენებენ, ისეთი კომპანიები, როგორიცაა Intel. ეს ნიშნავს, რომ ნეიროკომპიუტერში მსგავსი მოწყობილობის გამოყენება/ინტეგრაცია მარტივი იქნება.

გამომდინარე იქიდან, რომ „მემრისტორს“,, ამ ეტაპზე პრაქტიკული გამოყენება არ აქვს, ის შეიძლება იქცეს დამხმარედ ახალი სახის ნეიროკომპიუტერის შექმნის კუთხით, ანუ ხელოვნური ინტელექტის ერთგვარი ბაზის, რომელიც იმავე ფუნქციას შეასრულებს, რასაც ადამიანის ტვინი. თუმცა, დღეს, ნეიროკომპიუტერების არსებობა ჰიპოთეტურია, რადგან საჭიროა იმაზე მუშაობა, რომ ელექტრონულმა მოწყობილობამ შეძლოს ნეირონული სინაფსების პლასტიკურობის გამეორება. ადამიანის ორგანიზმში ზოგი სინაფსი დროთა განმავლობაში ძლიერდება, ზოგი კი სულ უფრო სუსტდება. სწორედ ესაა მიზეზი, რომ ზოგიერთი მოგონება ჩვენს მეხსიერებაში ძალიან მკაფიოა, ზოგიერთი კი ძალიან ბუნდოვანი.

ამ ეტაპზე, ნეიროკომპიუტერში „მემრისტორის“ ინტეგრირების შემთხვევაში, ჩიპზე განთავსებულმა ელექტრონულმა კომპონენტებმა შესაძლოა შეითავსონ ნეირონებისა და სინაფსების როლი. ამ გზით კი ერთი მხრივ, შემცირდება კომპიუტერის მიერ ენერგიის მოხმარების მაჩვენებელი, მეორე მხრივ კი დაჩქარდება გამოთვლითი ოპერაციები. ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

განხილვა