in

„ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ – ახალი საბავშვო წიგნი კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, ახალი საბავშვო წიგნი „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ გამოიცა. ის ერთი ჩვეულებრივი ოჯახის თავგადასავალზე მოგვითხრობს. ოჯახში, რომლის გარშემოც ჯადოსნური ამბები ხდება, დედა და მამა თანაბრად ინაწილებენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს. უახლოეს ადამიანებზე ყოველდღიური ზრუნვა და საერთო გამოწვევების გააზრება ამ ოჯახის ბედნიერებისა და ჰარმონიის საფუძველია.

ფოტოს ავტორი: გაგა კაპანაძე

„ლუნა და ციცინათელების პლანეტა”, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივითა  და ევროკავშირის მხარდაჭერით, გამომცემლობა „პალიტრა L-მა” გამოსცა.

გამოცემის მიზანია, ხაზი გაუსვას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მამაკაცების, როგორც მზრუნველი მამების, მეუღლეებისა და პარტნიორების ჩართულობა შვილების აღზრდასა და საოჯახო საქმეებში. რაც თავის მხრივ, უპირველესი პირობაა ქალთა, ბავშვთა, ოჯახების კეთილდღეობისათვის, ნამდვილი გენდერული თანასწორობის მისაღწევად. მონაცემები გენდერული ურთიერთობების შესახებ გვიჩვენებს, რომ ტრადიციული გენდერული როლების ირგვლივ არსებული სტერეოტიპები და დამკვიდრებული კლიშეები ხელს უშლის მამაკაცებს, თანაბრად გაინაწილონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები გახდნენ.

„ტექსტის მიზანია, იმ სტერეოტიპების მსხვრევა, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს, ოჯახის მოწყობასთან და ოჯახში საქმეების გადანაწილებასთან დაკავშირებით. საზოგადოებაში ჯერ კიდევ ძლიერია აზრი, რომ არსებობს ქალის საქმეები და კაცის საქმეები. ბავშვებზე ზრუნვა, მათთვის საფენების გამოცვლა, მათი საჭმლის მომზადება და გამოკვება, მათთან თამაში – ეს უპირველესად დედის საქმეა და მამას ამის გაკეთება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა მოიცლის”, – ამბობს ტექსტის ავტორი, მწერალი დათო გორგილაძე.

წიგნის ავტორი: დათო გორგილაძე, ფოტოს ავტორი: გაგა კაპანაძე

გამომცემლობა პალიტრა L-ის” მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური ამბობს, რომ ამ წიგნში არის პატარა, თითქოს, უბრალო ამბები ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ თემებზე: 

„ეს უკვე მეორე წიგნია, რომელიც ამ პროექტთან თანამშრომლობით გამოვეცით. პროექტთან ვთანამშრომლობთ სრულიად შეგნებულად და ხელს ვუწყობთ იმ მნიშვნელოვან იდეას, რომელსაც „კაცები ზრუნავენ“ კამპანია ისახავს მიზნად. ამ ერთი შეხედვით ძალიან მარტივ ტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი შეტყობინებებია – ოჯახი, სადაც ერთმანეთზე ზრუნავენ, ურთიერთგაგებაა და პასუხისმგებლობებსაც ინაწილებენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უფრო საოჯახო წიგნია, არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვისაც. ისინი აქ ამოიკითხავენ ტექსტის მთავარი იდეის მნიშვნელოვან გზავნილებს“.

წიგნის ილუსტრაციები თათია ნადარეიშვილს ეკუთვნის. მისი თქმით, ილუსტრაციები ასახავს მზრუნველობასა და ჰარმონიულ ურთიერთობებს, ხოლო ადრეული ბავშვობიდან ამ დადებითი შინაარსის მატარებელი გამოსახულებების დათვალიერება ძალიან მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს არსებულ სტერეოტიპებთან ბრძოლაში.

წიგნის ილუსტრატორი: თათია ნადარეიშვილი, ფოტოს ავტორი: გაგა კაპანაძე

წიგნი მომზადდა პროგრამის ფარგლებში „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული ნორმების დაძლევას, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას ქალებისა და მამაკაცებისთვის და კაცების აქტიურ მონაწილეობას გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესში.

 

[R]

Google Assistant-ს თასმების შეკვრა შეუძლია, თუ Nike Adapts გაცვიათ [ვიდეო]

„აჭარაბეთი“ სპორტის მხარდაჭერას განაგრძობს და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის  გენერალური სპონსორი გახდა