in

რატომ არის მენეჯერებთან ხშირი პირისპირ შეხვედრა აუცილებელი?

დაგეგმვა და მომზადება ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია…

პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა მუშაობის კონცეფცია, კერძოდ, სად და როგორ ვასრულებთ საქმეს. შესაძლოა, მუშაობდეთ ოფისიდან, სახლიდან ან ჰიბრიდულ ფორმატს ირგებდეთ.  თუმცა სამივე შემთხვევაში ხილვადობა აუცილებელია. ამასთან დაკავშირებით, საგულისხმოა მენეჯერთან ინდივიდუალური შეხვედრები — ეს საშუალებას გაძლევთ, განიხილოთ პრიორიტეტები, მიიღოთ გამოხმაურება, გაამყაროთ ნდობა და განამტკიცოთ კავშირები.

კიდევ ერთი რამ, რაც კორონავირუსმა გამოიწვია, გაზრდილ სამუშაო საათებსა და შეხვედრების რაოდენობას უკავშირდება. როგორც სამ მილიონ დასაქმებულზე ჩატარებული კვლევა მოწმობს, ამ კუთხით 13%-იანი ზრდა ფიქსირდება.

აშკარაა, ყოველდღიური სამსახურებრივი ცხოვრება მეტად დატვირთული გახდა.. თუმცა მსგავსი კრიტიკული სიტუაციის პარალელურად, რეგულარული შეხვედრების აუცილებლობა კვლავ გარდაუვალია. უფრო კონკრეტულად, მენეჯერთან პირისპირ შეხვედრები მნიშვნელოვანია იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი მიღწევები და პროფესიული განვითარების საჭიროებები კვლავ ყურადღების ცენტრშია. სტატიაში მოცემული სამი ტაქტიკა კი დაგეხმარებათ, უფროსთან დრო მაქსიმალურად გამოიყენოთ.

დაადგინეთ თქვენი განზრახვები

დასაქმებულებს ხშირად აქვთ კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რეალურად რამდენი მომზადებაა საჭირო მენეჯერთან შეხვედრამდე. ობიექტური პასუხი კი დაახლოებით ასე ჟღერს: დაგეგმვა და მომზადება ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია. ეს “დებულება” მაშინაც მოქმედებს, თუ შეხვედრა არაფორმალურია, რადგან მენეჯერის დრო ღირებულია და არ შეიძლება მისი ფუჭად გაფლანგვა. წინასწარ მომზადება კი მოცემულ მომენტში მაქსიმალური სარგებლის მიღებას უზრუნველყოფს. ასევე, გახსოვდეთ, ზოგ მენეჯერს ლიდერობა უყვარს. ზოგს ურჩევნია, თანამშრომელმა განსაზღვროს დღის წესრიგი. ზოგიერთი კი თანამშრომლობით მიდგომას ამჯობინებს.

Ergon USA-ის საერთაშორისო გაყიდვებისა და ოპერაციების ვიცე პრეზიდენტი ალბერტ იე აღნიშნავს: “ერთ-ერთზე შეხვედრები მნიშვნელოვანია. ზოგადად, ადამიანს აქვს კითხვები, რომელთა განხილვაც სურს. ზოგჯერ ამას ღრმად ჩაძიება და გარკვეული დროის დათმობა სჭირდება”. ხშირად შეხვედრისთვის მზადება გულისხმობს უშუალო პრიორიტეტების ანალიზს და მოხსენებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დრო შეზღუდულია.

ამასთანავე, მუშაობის უფრო ფართო კონტექსტზე იფიქრეთ — მაგალითად, როგორია თქვენი ამჟამინდელი ურთიერთობა უფროსთან? რა მუშაობს კარგად და რა არა? რა კუთხით გჭირდებათ მხარდაჭერა ან განვითარება? თუ გონებაში მიღებული პასუხები გიჩვენებთ, რომ სამსახურებრივი ურთიერთობა გაუმჯობესებას საჭიროებს, აუცილებლად ჩანიშნეთ მენეჯერთან პირისპირ შეხვედრა.

შეეცადეთ, ობიექტური იყოთ და გაითვალისწინეთ, არის თუ არა სამსახურში არსებული კავშირების დაზიანება მუშაობის პრობლემების, კომუნიკაციის შეფერხების, არასწორი მოლოდინების ან პირადი კონფლიქტების შედეგი. შემდეგ იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ დროის გამოყენება ძირეული მიზეზის მოსაგვარებლად. იყავით აქტიური და ფოკუსირდით იმაზე, რისი კონტროლიც შეგიძლიათ. ჰკითხეთ თქვენს უფროსს, სად შეგიძლიათ დახმარება, ყურადღებით მოუსმინეთ მათ მიზნებსა და უპირატესობებზე.

გარდა ამისა, აუცილებლად ჰკითხეთ თქვენს თავს: “რა მსურს მენეჯერმა ჩემსა და ჩემი სამუშაოს შესახებ იცოდეს, რაზე ვმუშაობ და რისკენ ვისწრაფვი?”. სწორედ ამ აზრის გათვალისწინებით გაარკვიეთ, როგორ გადმოსცეთ და განასახიეროთ საკუთარი პოზიცია. არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმატით ჩატარდება შეხვედრა, იქნება ეს სატელეფონო ზარი, ვიდეო ჩართვა თუ ფიზიკურად ნახვა.

ყურადღება მიაქციეთ თქვენი სხეულის ენას

ადამიანებთან კომუნიკაციისას დიდი აქცენტი კეთდება არავერბალური ნიშნების გაგებაზე, თუმცა ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი სხეული “ბევრს ამბობს”. ამიტომაც, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გამოჩნდებით შეხვედრაზე. მაგალითად, შეხვედრის დროს სკამზე მოხრილად, მოშვებულად ჯდომა იმაზე მიუთითებს, რამდენად დამღლელია იქ ყოფნა. ღიმილი და შესაბამისი თვალის კონტაქტი არა მხოლოდ აყალიბებს კარგ ურთიერთობას, არამედ სანდოდ და თავდაჯერებულად წარმოგაჩენთ. შესაბამისად, თქვენი ფიზიკური მინიშნებები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სიტყვიერი. ხოლო ტელეფონით საუბრისას დიდი ყურადღება ექცევა ხმის ტონს.

გაითვალისწინეთ, სხეულის ენა თქვენი საიდუმლო იარაღია. თავის ვირუსულ TED დისკუსიაში სოციალური ფსიქოლოგი ემი კუდი განმარტავს, რომ როდესაც სხეულის ძლიერ პოზიტიურ ენაზე ვარჯიშობთ, საკუთარ თავსაც აძლიერებთ — ტვინში სუბლიმინალური შეტყობინებების გაგზავნით. ეს უკანასკნელი პოზიტიური გრძნობების გაუმჯობესებაზეა პასუხისმგებელი.

მენეჯერს აჩვენეთ, რომ პრობლემების გადაჭრა შეგიძლიათ

პირისპირ შეხვედრებისას მზად იყავით თქვენი დასკვნების გასაზიარებლად და ახალი საკითხების განსახილველად. თუ უფროსისთვის პრობლემების მოგვარებას ცდილობთ, მის თვალში გამორჩეული თანამშრომელი იქნებით. ამიტომაც, ისწავლეთ, როდის მოუსმინოთ და იცოდეთ როდის უნდა გამოხვიდეთ რაიმე ინიციატივით. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიხმოთ ერთ-ერთი მენეჯერის სიტყვები, რომლითაც თავის თანამშრომელს მიმართა: “ნუ მოხვალ ჩემთან პრობლემით, არამედ მოდი გამოსავლით”. ხშირად გვგონია, რომ დაბრკოლებების მითითებით ვეხმარებით სხვას… ამის ნაცვლად კი პოტენციური პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების წამოყენებაა საჭირო.

როდესაც საქმე პრობლემის გადაჭრას ეხება, იფიქრეთ იმაზე, თუ რა კუთხით შეგიძლიათ თქვენი ძალისხმევის გამოყენება. ან, რა პოტენციალის მატარებელი ხართ, რათა საბოლოო მიზანზე იქონიოთ მნიშვნელოვანი გავლენა. უფრო ფართო შეფასებისას ნუ დაივიწყებთ თქვენს კოლეგებსა და გუნდის უმცროს წევრებს. ჰკითხეთ ხელმძღვანელს, თუ არის ისეთი სფეროები, რომლებშიც შეგიძლიათ, სხვებთან მუშაობის შედეგად გადაჭრათ პრობლემები.

გახსოვდეთ, აუცილებლად უნდა გქონდეთ უკუკავშირის მზაობა — როგორც უარყოფითი, ისე დადებითის. რა თქმა უნდა, უარყოფითი მიმოხილვები მიღება ადვილი არ არის, მაგრამ ინსტრუქციული კრიტიკის გამოყენება თქვენს სასარგებლოდ შეგიძლიათ. რაც არ უნდა რთული იყოს მიღება, აუცილებლად შეინარჩუნეთ პროფესიონალიზმი და შედეგად, უკეთესი გზები ეძიეთ.

დაბოლოს, იყავით პასუხისმგებელი თქვენს შედეგებსა და კარიერულ მიზნებზე. საბოლოოდ არაფერი დარჩება შეუმჩნეველი.

წყარო: HBR



Tesla-ს სინათლის შოუ და S3XY0-ის „ცეკვა“ საშობაო მელოდიაზე!

„საირმესა“ და „ევექსი ჰოსპიტლების“ წარმატება ევროპის სპათა ასოციაციის კონკურსში