მილიარდერი ენტრეპრენერები: ბილ გეითსი, უორენ ბაფეტი და რიჩარდ ბრენსონი ამბობენ, რომ კომუნიკაციის უნარი იმ მნიშვნელოვანი შესაძლებლობებიდან ერთ-ერთია, რომელიც ნამდვილად ძალიან სჭირდებათ ადამიანებს. კომუნიკაციით ბრუნავს მსოფლიო. ის ამყარებს ადამიანურ კავშირებს და საშუალებას გვაძლევს, ვისწავლოთ, გავიზარდოთ და პროგრესი განვიცადოთ. კომუნიკაცია არ არის მხოლოდ საუბარი, კომუნიკაცია არის მოსმენილის გაგება და რაღაც შემთხვევებში, იმის მიხვედრაც, რაც არ ითქვა. კომუნიკაცია არის ლიდერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნა და უნარი. კარგი ლიდერი ხარ მაშინ, როცა ორმხრივი კომუნიკაციის პირობებში, გულისყურით უსმენ თანამოსაუბრეს. მოუსმინე, სანამ რამეს იტყვი
ლიდერმა მთელი გულითა და გონებით უნდა უსმინოს თავის თანამშრომლებს იმისთვის, რომ მოიპოვოს მათი ნდობა. ციფრულმა ერამ ვერბალური კომუნიკაციის დასამყარებლად არსებული უნარების დეგენერაცია გამოიწვია იმიტომ, რომ ადამიანები ერთმანეთს ვეკონტქატებით არავერბალურად – ისე, რომ სიტყვიერი საუბარი არ გვჭირდება. როცა 24/7-ზე მობილურ აპლიკაციებს ვიყენებთ, ვგზავნით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და ელ-ფოსტას, ადამიანებთან კომუნიკაცია გვაქვს 140 ან კიდევ უფრო ნაკლები სიმბოლოთი, თუმცა ჩვენ მაინც გვჭირდება ვერბალური კომუნიკაცია – კოლეგებისა და კლიენტების მოსმენა მაშინ, როცა საჭიროა.
შეცდომები, რომელსაც ბევრი მენეჯერი უშვებს
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ლიდერს მიაჩნია, რომ მას მოსმენის კულტურა აქვს, სინამდვილეში, უმეტესობა ჩვენგანი არის ცუდი და უყურადღებო მსმენელი. ხალხის ძირითადი ნაწილი უსმენს შერჩევით. ჩვენ გვესმის ვიღაცის სიტყვები, მაგრამ ჩვენთვის ვფიქრობთ, „ნეტავ, როდის შეწყვეტს ლაპარაკს, რომ ვუთხრა, მე უკეთესი ხედვა მაქვს და რომ მართალი ვარ?“ „ლინკდინზე“ შექმნილი არაფორმალური გამოკითხვის პირობებში – „შეცდომა, რომელსაც მენეჯერები უფრო ხშირად უშვებენ, ვიდრე სხვები?“ – ასობით მიღებული პასუხებიდან გაირკვა, რომ ლიდერები, უბრალოდ, არ უსმენენ თანამშრომლებს. ორმხრივი კომუნიკაციის ნაკლი – გაგზავნა, მიღების გარეშე – იყო თანამშრომლების მხრიდან დასახელებული მთავარი მენეჯერული შეცდომა. ერთმანეთის მოსმენა უნდა ისწავლებოდეს ბიზნეს სკოლებში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად სწავლებადი უნარი ლიდერობაში, თუმცა კი ყველაზე პრაქტიკულია. როგორც კვლევებმა აჩვენა, ჩვენი თავისუფალი დროის 70-დან 80%-მდე რაღაც ფორმით კომუნიკაციას ვახმართ და ამ დროში, 45%-ს ვუთმობთ მოსმენას. 10 წუთით საუბრისას, ბოსთან, თანამშრომლებთან თუ მომხმარებლებთან, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ დიალოგის ნახევარზე ცოტას, შესაბამისად, 48 საათის განმავლობაში, რა ინფორმაციაც ჩვენ გვრჩება, საბოლოოდ, იკლებს 25 %-მდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ხშირად გვესმის რაღაც, თუმცა ვიტოვებთ მოსმენილის მეოთხედს.
4 გზა მოსმენის უნარების განსავითარებლად
როგორც ლიდერისთვის, მოსმენის კულტურის შენების პროცესში, მნიშვნელოვანია ადამიანების ნდობის მოპოვება, რისთვისაც გთავაზობთ 4 განსხვავებულ საშუალებას:
უსმინე იმისთვის, რომ გაიგო
პიტერ დრაკერმა ერთხელ თქვა: „ყველაზე მნიშვნელოვანი რამ კომუნიკაციაში არის იმის გაგება, რაც არ ითქვა“. ეფექტური კომუნიკაციის პროცესში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის, რამდენად ადეკვატურად აღიქვი სხვისი ნათქვამი (რაც მე გავიგე, რომ თქვი, არის…), ამიტომ უნდა დასვა შეკითხვები და გამოიძიო სხვა ადამიანის გრძნობები ან აზრები თქვენი დიალოგის თემაზე. გამოძიება შესაძლოა, იყოს ისეთივე უბრალო, როგორც, მაგალითად: „მითხარი, რას ფიქრობ ამაზე?“
უსმინე ისე, როგორც ინტელექტუალს შეჰფერის
მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ხალხი, როგორც წესი, კულტურული მსმენელია. მათ იციან ხალხის ბუნება, რომ ადამიანების უმეტესობას უყვარს საკუთარ თავზე საუბარი და მათი მაღალი ემოციური ინტელექტის ფარგლებში, შესაბამისად, აქტიური მოსმენის პირობებში, მათი თანამოსაუბრეები შეძლებენ საკუთარი თავის წარმოჩენას. ინტელექტუალი ადამიანები ახალ ნაცნობებს აგრძნობინებენ საკუთარ კეთილგანწყობას, ამიტომ მათთან საუბარი მეტად სასიამოვნოა. მოსმენის პროცესში შესაძლებელია თანამოსაუბრისგან იმ ინფორმაციის აღება, რაც მოგვიანებით გამოგვადგება, მაგალითად პოტენციურ კლიენტებთან, თუ ახალ ნაცნობებთან ურთიერთობისას. მთავარია, ნერვიულობამ ხელი არ შეგვიშალოს და არ შევიქმნათ არაპროფესიონალისა და წარუმატებელი ადამიანის იმიჯი.
მოუსმინე სხვას მისი ინტერესის გათვალისწინებით
მოსმენის ასეთი მეთოდიც არსებობს: „როგორ შემიძლია, დავეხმარო სხვა ადამიანს?“ – სამუშაო გარემოში მენეჯერის ბენეფიტი განპირობებულია ამ სტილის მოსმენით იმიტომ, რომ რაც უფრო თანამგრძნობია ლიდერი თანამშრომლების დახმარების პროცესში, მით უფრო მარტივად გამოიწვევს მათ ღიაობას იმისთვის, რომ გაუზიარონ ლიდერს დიდებული იდეები.
უსმინე ემპათიურად
ემპათიური მოსმენა არის უნარი, წარმოიდგინო საკუთარი თავი სხვის ადგილას და მისი გადმოსახედიდან შეხედო კონკრეტულ საკითხს. რთულია, საკუთარი დამოკიდებულებებისა და აზრებისგან გათავისუფლება, თუმცა ასე მოქცევა რთული და ამავდროულად, საიმედო გზაა, დაგეხმარება ნდობის მოპოვებაში.