გამორჩეული კომპანიები პრინციპული და მომთხოვნი ლიდერების მიერ იქმნება. თუმცა ბიზნესში სიმკაცრის ცნება ხშირად არასწორად ესმით. ნამდვილი სიმკაცრე მისიის ერთგულებას, გამოწვევების წინაშე სიმტკიცესა და სხვების უმაღლესი შედეგებისკენ წახალისებას ნიშნავს. ეს არ გულისხმობს მოჩვენებით მოწყვლადობას. საქმე ისაა, რომ ბაზრის ვითარების ცვლილებისას ლიდერმა საკუთარ სტანდარტებს არ უნდა უღალატოს, წარუმატებლობის შემდეგ გზა გააგრძელოს და კომფორტულ თავის მართლებას მოერიდოს.
სიმტკიცე შინაგანი უნარებისა და გამომუშავებული აზროვნების ერთობლიობაა. ის მოიცავს მენტალურ გამძლეობას, კამათის მზაობას, გაბედულებას, მიზანმიმართულობასა და ტკივილის ატანის უნარს, ისევე როგორც ურთიერთობის ხელოვნებას. ეს არის კონფლიქტში პროდუქტიულად შესვლა, რთული ემოციების გააზრებულად გაზიარება, კონსტრუქციული უკუკავშირი, მაღალი მოთხოვნების დაცვა და უხერხული საუბრების გაძლება. საერთო ჯამში, სიმკაცრე დიდი მისიისთვის რთული საქმეების კეთებას ნიშნავს.
ამავდროულად, ეს არ გახლავთ აგრესიული პოზირება, თანამშრომლების დაშინება, ემოციების ჩახშობა, დამცირება ან პირადი თავდასხმები. თუ ქცევა შიშს ზრდის, სტანდარტებს კი ამცირებს, ან ლიდერის ეგოს ემსახურება მისიის ნაცვლად, საქმე მოჩვენებით სისასტიკესთან გვაქვს და არა რეალურ სიმტკიცესთან.
შეუვალობის ფასი
მაღალი მიზნებისკენ სვლა ხშირად მოითხოვს მოკლევადიანი რეპუტაციული დისკომფორტის ატანას, როდესაც კომპრომისზე წასვლა გამორიცხულია. The Laundress-ის დამფუძნებლები პრემიუმ ბრენდის იმიჯს უდიდესი სიზუსტით იცავდნენ. მენეჯმენტს შეეძლო არაპრემიუმ რითეილერებისთვის შეკვეთის გაგზავნა რამდენიმე წუთით ადრე გაეუქმებინა, ან პროდუქტის ეტიკეტი უმნიშვნელო, რამდენიმე მილიმეტრიანი გადახრის გამო დაებრუნებინა უკან.
გუნდის წევრები ასეთ უკომპრომისოდ მაღალ მოთხოვნებს ხშირად გადამეტებულად და რთულად აღიქვამდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც Unilever-მა კომპანია ას მილიონ დოლარად შეიძინა და ძველმა ხელმძღვანელობამ კონტრაქტი დაასრულა, ახალი მენეჯმენტის პირობებში სტანდარტები შესუსტდა, რამაც პროდუქციის მასშტაბური გაწვევა გამოიწვია. თანამშრომლებმა მოგვიანებით აღიარეს, რომ ხარისხის დაცემის შემდეგ სრულად გააცნობიერეს პირვანდელი მკაცრი გადაწყვეტილებების სისწორე. ნამდვილი სიმკაცრე ხარისხის სადარაჯოზე დგომას ნიშნავს მაშინაც კი, როდესაც ეს დროებით არაპოპულარულს გხდის.
ეს მიდგომა თანაგრძნობასა და სიკეთეზე უარის თქმას არ გულისხმობს. მთავარია იმის ცოდნა, როდის უნდა მიენიჭოს უპირატესობა გაგებას, როდის არის საჭირო პირდაპირობა და როგორ უნდა შენარჩუნდეს ორივე მიმართულება ერთდროულად.
შედეგზე ორიენტირებული ლიდერის შვიდი ჩვევა
წარმატებული ბიზნესგამოცდილება შვიდ მთავარ ქცევას გამოკვეთს, რაც ლიდერში ნამდვილ სიმტკიცეს აყალიბებს.
პირველი საკუთარი მანიფესტით ცხოვრებაა, რაც ისეთი შთამაგონებელი ხედვის შექმნას გულისხმობს, რომელიც ადამიანებს საერთო საქმის რწმენასა და სრულ ჩართულობას უჩენს.
მეორე მიმართულება მიზნის დაუღალავი დევნაა, სადაც უმნიშვნელოვანეს საკითხებზე არაჩვეულებრივი ფოკუსი, ძალისხმევა და ინტენსივობა მუდმივად ნარჩუნდება.
მესამე პრინციპი განსაკუთრებული გუნდის შეკრებაა, როდესაც გარშმო იკრიბებიან ადამიანები, რომლებსაც ღრმად სწამთ კომპანიის მისია და მუშაობის წესი.
მეოთხე ეტაპი ემოციური მუხტის მართვა გახლავთ, რაც გრძნობების კონსტრუქციულად გამოყენებას ნიშნავს შედეგების გასაუმჯობესებლად და გუნდის სამოქმედოდ დასაძრავად.
მეხუთე ჩვევა სიმართლის შეუპოვარი ძიებაა, სადაც პატიოსნება, ჯანსაღი დებატები და რეალობის სწორი აღქმა გუნდს სწრაფი და უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
მეექვსე ფაქტორი ანგარიშვალდებულების სისტემის შექმნაა, რაც ისეთ გარემოს აყალიბებს, სადაც პროგრესი გარდაუვალი ხდება.
მეშვიდე მიდგომა გადამწყვეტ მომენტებში მობილიზაციის უნარია, როდესაც მაღალი ფსონების დროს ადამიანური და მატერიალური რესურსები სწრაფად ერთიანდება.
ეს ჩვევები ეტაპობრივად ეფუძნება ერთმანეთს. სისტემის გააზრება და თითოეულ მიმართულებაზე მიზანმიმართული მუშაობა ლიდერს უფრო ეფექტიანს ხდის, თანაც ისე, რომ ქცევა ყოველთვის ადამიანური, პატივისცემაზე დაფუძნბული და ინდივიდუალური რჩება.
სიმტკიცის მთავარი მტერი
კომფორტი სიმტკიცის უპირველესი მოწინააღმდეგეა. სიმკაცრე ნიშნავს გუნდის წინაშე შეცდომის აღიარებას, სამუშაოს ხარვეზის შემჩნევისას ზუსტი და პატივისცემით სავსე უკუკავშირის მიცემას, ზედმეტი თავაზიანობის ნიღბის მოხსნას და თანამშრომლის სხვა განყოფილებაში უმიზნოდ გადაყვანის ნაცვლად მასთან განშორებას.
კომფორტული მიდგომა კი ზედაპირულ მეგობრულობას, ბუნდოვან შექებას, სათქმელის შერბილებასა და გადაწყვეტილებების უსასრულოდ გადადებას გულისხმობს. ეს გზა კომპანიას საშუალო შედეგებამდე მიჰყავს.
წყარო: Fastcompany











