24
Sep
2019

ოპერაციის გზით, შესაძლებელია მენოპაუზის 20 წლით დაპაუზება

24 Sep 2019

Alta
Alta


ბევრისთვის მენსტრუაცია, თუ პრემენსტრუალური სინდრომი (PMS) ისეთ ტკივილსა და დისკომფორტს უკავშირდება, რომ მათთვის რთული წარმოსადგენია, ვინმეს ციკლის 20 წლით გახანგრძლივება მოუნდეს. თუმცა, მენოპაუზის დროს, როცა ქალის ორგანიზმი ნაკლებ ესტროგენს გამოყოფს და მენტრუალური ციკლიც იწყებს შეჩერებას, ქალის სქესობრივი ცხოვრებაც, ნელ-ნელა, ქრობას იწყებს. როგორც წესი, მენოპაუზა 45-დან 55 წლამდე ქალებში იწყება და ახალ პრობლემებს აჩენს – სიმპტომების ერთობლიობას, რომელსაც კლიმაქსს ვუწოდებთ.

გაერთიანებულ სამეფოში, რეპროდუქციული კლინიკის მეცნიერებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომლის დახმარებითაც პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა, 30 წუთიანი ოპერაციის შემდეგ, გადადონ მენოპაუზა 20 წლით. ამისათვის, საჭიროა პრემენოპაუზურ პერიოდში (რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი რეპროდუქციულად აქტიური პერიოდი ქალის ცხოვრებიდან), პაციენტის საკვერცხიდან ქსოვილის მცირე ნაწილის ამოღება. ეს ქსოვილი იყინება მანამ, სანამ პაციენტს მენოპაუზის სიმპტომები არ დაეწყება, რაც, ჩვეულებრივ, 45 წლის შემდეგ ხდება. მენოპაუზის დაწყების დროისათვის, ექიმები მოათავსებენ ამ ქსოვილს პაციენტის ორგანიზმში, ისეთ ადგილას, სადაც სისხლის მიმოქცევა კარგია (მაგალითად, კიდურებში). თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ქსოვილი ჰორმონების (ესტროგენის) წარმოებას დაიწყებს, რაც მენოპაუზის შეჩერებას მოასწავებს.

რა თქმა უნდა, შედეგი დამოკიდებულია ქალის ასაკზე – იმაზე, თუ რა დროს აიღო მან ქსოვილი საკვერცხიდან. მაგალითად, თუ ამ პროცედურას 25 წლის ასაკში გაიკეთებთ, შესაძლებელი ხდება მენოპაუზა 20 წლით დააპაუზოთ. ანუ, ნაცვლად 45 წლის ასაკისა, ის 65 წლის ასაკში დაგეწყებათ. The Guardian-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ქსოვილი 40 წლის ქალის საკვერცხიდან იქნება აღებული, ის მხოლოდ 5 წლით შეძლებს მენოპაუზის შეჩერებას.

ამ ეტაპზე, ოპერაციის ჩატარება მხოლოდ ProFam-ში, გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ბირმინგემში ფუნქციონირებად კლინიკაშია შესაძლებელი. მისი ხელმძღვანელი სიმონ ფიშელია – ერთ-ერთი პიონერი ინ ვიტრო განაყოფიერების კუთხით. ოპერაციის ხარჯები 8500-დან 13300 დოლარამდეა. საფასურში შედის ოპერაციიდან წლების შემდეგ, როცა პაციენტის ორგანიზმში მენოპაუზის დრო დადგება, საკვერცხის გაყინული ქსოვილის იმპლანტირებაც.

ცნობილია, რომ ამ ეტაპზე, ცხრა ადამიანმა უკვე ჩაიტარა ოპერაცია, რომელიც საკვერცხიდან ქსოვილის აღებას გულისხმობს. მენოპაუზის გადადების მიღმა, მსგავსი პროცედურა შესაძლოა დაეხმაროს ქალებს, გააჩინონ შვილი 45 წელს ზემოთ. ფიშელი გარდიანთან ინტერვიუში ამბობს, რომ 30 წლამდე ასაკში, ქალის საკვერცხიდან აღებული ქსოვილის შენახვამ შესაძლოა მათ მენოპაუზის და შემდეგ ასაკში „ათასობით კვერცხუჯრედზე“ გაუხსნას წვდომა. ფიშელის თქმით, 20-დან 30 წლამდე ასაკის ქალების საკვერცხიდან აღებულ ქსოვილს, 20-30 წლის შემდეგ, მენოპაუზის შეჩერების საჭიროებისას, ახალი კვერცხუჯრედების წარმოება შეეძლება.

განხილვა