in

„მენსა“ – როგორ იქცა სამეგობროსთვის საღამოების დაგეგმვა მაგიდის აქსესუარების სტარტაპად

Startauperi
Startauperi

ყოველდღიურობის სილამაზე და განსაკუთრებული მომენტების შექმნა – ეს არის ფილოსოფია, რომელზეც დაფუძნებულია ქართული ბრენდი „მენსა“. ის, რაც თავიდან მეგობრული საღამოების დაგეგმვისა და ბავშვის დაბადების დღისთვის მომზადების ნაწილი იყო, დღეს სრულფასოვან სტარტაპად იქცა. მარიამ ბოჭორიშვილი და სოფო ზალკალიანი, რომლებსაც სხვადასხვა სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ერთი საერთო მიზნით გაერთიანდნენ: სუფრების ირგვლივ შეკრებილ ადამიანებში განსაკუთრებული ემოციები გაეღვივებინათ. მარიამის მარკეტინგული ექსპერტიზა და სოფოს გამოცდილება კომუნიკაციის სფეროში, იდეალური კომბინაცია აღმოჩნდა.

„მენსა“ ყოველდღიურ რიტუალს – სუფრაზე დაჯდომას – განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს. ბუნებრივი მასალები, ხელით შექმნილი დიზაინი და ყურადღება თითოეულ დეტალზე – ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც „მენსას“ კონკურენტებისგან განასხვავებს. მეწარმეობის გზა, როგორც ყოველთვის, გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა – განსაკუთრებით მაშინ, როცა ორივე თანადამფუძნებელს მთავარი სამსახური და ოჯახური პასუხისმგებლობები აქვს. თუმცა მათი ისტორია ცხადყოფს, რომ ნამდვილი ვნება და მოტივაცია ყველა ბარიერს სძლევს.

დღეს, „მენსა“ უკვე მზადაა განვითარების ახალი ეტაპისთვის – ახალი კოლექციები, საერთაშორისო ბაზარზე გასვლის გეგმები და ისეთი ხედვა, რომელიც ქართულ ბრენდს გლობალურ სცენაზეც გაიყვანს.

M: როგორ გადაწყვიტეთ ძალების გაერთიანება, საქმის ერთად სამართავად?

სოფო ზალკალიანი: „მენსას“ იდეა მაშინ გაჩნდა, როცა ჩემი შვილის, მაშოს დაბადების დღისთვის ვემზადებოდი. მინდოდა რაიმე განსაკუთრებული შემექმნა, რაც ამ დღეს უფრო დასამაახსოვრებელს გახდიდა. გადავწყვიტე, ხელით თავად მომექარგა სუფრა – ისეთი, რაც მთელი დღის ხასიათს შექმნიდა და სულ დაგვრჩებოდა სამახსოვროდ. სწორედ ერთ-ერთ საღამოს, როდესაც მაშო დავაძინე და შევუდექი სუფრის ამოქარგვას, მარიამი მესტუმრა და სიხარულით შემომიერთდა. პროცესი იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა და საბოლოო შედეგით იმდენად კმაყოფილები ვიყავით, რომ გავიფიქრეთ: იქნებ ეს ერთჯერადი იდეა ყოველდღიურობად გვექცია? 

მარიამ ბოჭორიშვილი: მე და სოფოს დიდი საერთო სამეგობრო გვყავს და ყოველთვის ჩვენ ორნი ვართ ის ადამიანები, რომლებიც ვგეგმავთ მეგობრების შეკრებას, ვახშმებს და დღესასწაულებზე გაერთიანებას. ნებისმიერი შეკრების დროს, სულ ვცდილობდით განსაკუთრებული გარემო შეგვქემნა, რომელსაც ხასიათი ექნებოდა, იქნებოდა ეს სხვადასხვა საკვებით, ოთახის დეკორაციით თუ მაგიდის ვიზუალით. განსაკუთრებულ დღეებზე – დაბადების დღეებზე, წვეულებებსა თუ პატარა წარმატებების აღნიშვნისას – თითქმის ყოველთვის რაღაც არასტანდარტულს ვაკეთებდით: ჩვენს მეგობრებზე მორგებულ, იმ დღისთვის დამახასიათებელ პატარა დეტალებს, რომლებიც ყველას ემახსოვრებოდა. მივხვდით, რომ ეს მხოლოდ ესთეტიკა კი არა – დამოკიდებულებაა. ყოველდღიური სივრცეებისადმი, ურთიერთობებისადმი და რაც მთავარია ერთმანეთისადმი.

M: როგორ ჩამოყალიბდა „მენსა“ და მომხმარებლის რა საჭიროებების დაკმაყოფილება გსურდათ ამ სტარტაპით?

სოფო ზალკალიანი: „მენსა“ თავიდანვე შეიქმნა იდეით, რომ ადამიანების ყოველდღიურობა ყოფილიყო დადებითი, ნათელი, და სასიამოვნო. ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეულმა მომხმარებელმა – ან თუნდაც ადამიანებბმა ვინც სოციალური მედიით გვადევნებს თვალს, ჩვენი ნივთებით ინსპირაცია და დადებითი განწყობა მიიღოს.

სუფრის გაწყობა ჩვენთვის მხოლოდ ესთეტიკა არ არის – ეს არის პროცესი, რომელსაც შეუძლია დილა განსაკუთრებულად დაიწყოს ან საღამო დარჩეს ზუსტად ისეთად, როგორიც ადამიანს ფიქრებში ჰქონდა წარმოდგენილი. მენსას სურვილია, ამ პატარა დეტალებით ადამიანებს მივცეთ ის კმაყოფილება, რომელიც ყოველთვის თან ახლავს სილამაზით შექმნილ გარემოს.

სუფრა ის ადგილია, რომელიც გვაერთიანებს – ოჯახს, მეგობრებს, ადამიანებს, რომლებსაც ერთმანეთთან ყოფნა უხარიათ. სწორედ მაგიდის გარშემო იქმნება ის განსაკუთრებული მომენტები და მოგონებები, რომლებიც წლების შემდეგაც გვახსენდება. ჩვენ გვჯერა, რომ სილამაზით და ყურადღებით გაწყობილ სუფრას აქვს ძალა, ამ შეხვედრებს მეტი სითბო და მნიშვნელობა შემატოს.

ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის უკუკავშირი, რასაც ვიღებთ როგორც მეგობრებისგან, ისე სრულიად უცნობი ადამიანებისგან – თითოეული კომპლიმენტი და ფოტო, რომელსაც გვიზიარებენ, გვახსენებს, რატომ დავიწყეთ ეს საქმე თავიჩვდანვე.

M: როგორია ხარისხი და რა განგასხვავებთ ბაზარზე?

მარიამ ბოჭორიშვილი: „მენსა“ ქმნის სუფრებსა და მაგიდის აქსესუარებს – თეფშის ქვეშ დასადებებს, ნაჭრის ხელსახოცებსა და პიკნიკისთვის განკუთვნილ ტექსტილურ ელემენტებს. ჩვენი სურვილია, უბრალო სუფრა იქცეს განსაკუთრებულ რიტუალად – ასეთად, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, მეტი სითბო და ხასიათი შემატოს ყოველდღიურობას.

გარდა ვიზუალური ესთეტიკისა, ჩვენთვის ხარისხი არანაკლებ მნიშვნელოვანია. თითოეული ნივთი დამზადებულია ბუნებრივი მასალებისგან – ვიყენებთ ბამბასა და ტილოს, რომლებსაც ახასიათებთ გამძლეობა, პრაქტიკულობა და ამავე დროს – სასიამოვნო ტექსტურა.

„მენსას“ აქვს ორი ძირითადი მიმართულება:

პირველი – ამოქარგული პროდუქცია, რაც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ პერსონალიზებული ნივთები, მაგალითად, ინიციალების ან სიმბოლოების დამატებით. ეს მიმართულება განსაკუთრებით ახლოს დგას იმ მომხმარებელთან, ვისაც უნიკალური, მხოლოდ მისთვის შექმნილი ნივთი სურს.

მეორე მიმართულებაა ჭრელი ნაჭრებისგან შექმნილი კოლექციები, სადაც თავისუფლად ვთამაშობთ ფერებით, ფაქტურებით და კომპოზიციებით. ეს პროცესი – ქსოვილების შერჩევა, შეხამება და დიზაინის ჩამოყალიბება – ჩვენთვის ყოველთვის შემოქმედებითი თავგადასავალია.

განსაკუთრებული სიამოვნება კი ჩვენ მიერ შექმნილი დიზაინებია – ილუსტრაციები, რომლებსაც თავადვე ვქმნით იმისთვის, რომ საბოლოო პროდუქტს ჰქონდეს ის განწყობა, რისიც გვჯერა, რომ თქვენს მაგიდებს დადებით ხასიათს შესძენს.

M: რა გამოცდილებით დაიწყეთ „მენსა“?

სოფო ზალკალიანი: ზოგადად სტარტაპის დაწყება არც ისე მარტივია, განსაკუთრებით, როდესაც გაქვს სამსახური, ხარ დედა და გაქვს საკმაოდ დატვირთული დღის განრიგი. თუმცა ჩვენმა გამოცდილებებმა და სურვილმა მოგვცა საშუალება, გაგვეერთიანებინა ძალები და ისე გაგვენაწილებინა სამუშაო, რომ ერთმანეთისთვის ხელი შეგვეწყო. 

იქიდან გამომდინარე რომ 3 წლის წინ გავიარე მსგავსი პროცესი, როდესაც საბავშვო ბრენდი დავაარსე, ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარა მენსას შექმნის საწყის ეტაპზე.

მარიამის მრავალწლიანი გამოცდილება მარკეტინგში დაგვეხმარა ეს ცოდნა ჩვენს პირად სტარტაპზე გამოგვეყენებინა- სტრატეგიიდან დაწყებული, მომხმარებელთან კომუნიკაციით, პოზიციონირებითა და ვიზუალური სტილის ჩამოყალიბებით დასრულებული.

რა თქმა უნდა კარგად ვიცოდი, როგორი დატვირთულია სტარტაპის ყოველდღიურობა და რამდენად მნიშვნელოვანია პროცესების სწორად დაგეგმვა, როლების განაწილება და ერთმანეთის ძლიერი მხარეების გამოყენება.

ჩვენს შემთხვევაში ეს თანამშრომლობა ძალიან ბუნებრივად ჩამოყალიბდა – ორივეს გვაქვს კონკრეტული გამოცდილება, რაც ამ ბრენდის შესაქმნელად საჭირო იყო.

M: ვის მოიაზრებთ სამიზნე სეგმენტად?

მარიამ ბოჭორიშვილი: ჩვენი სამიზნე სეგმენტია მომხმარებელი, ვისაც უყვარს ხარისხიანი, ესთეტიკურად გამართული და ფუნქციური ნივთები-  ის, ვინც ყოველდღიურობაში სიმყუდროვეს, სილამაზეს და სუფრის ირგვლივ გაჩენილ განსაკუთრებულ მომენტებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ეს ადამიანები განწყობაზე ზრუნვას ცხოვრების წესად თვლიან: აფასებენ დეტალებს, უყვართ მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად შეკრება და მასპინძლობა მათთვის ემოციური ღირებულებაა.

ხშირად არიან ახალგაზრდა ოჯახები ან ქალაქში მცხოვრები ადამიანები, ვისაც უნდა, რომ საკუთარი სახლი პატარა, თბილი დღესასწაულივით მოაწყონ – ყოველდღიურად და განსაკუთრებული მომენტებისთვის. 

M: სად და როგორ არის ხელმისაწვდომი თქვენი პროდუქცია?

სოფო ზალკალიანი: ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქციის შეკვეთა შესაძლებელია სოციალური მედიის საშუალებით – Instagram-ისა და Facebook-ის ოფიციალური გვერდებიდან. მომხმარებლებს შეუძლიათ ჩვენთან პირდაპირ დაკავშირება, შეკვეთის დეტალებზე შეთანხმება და საჭიროების შემთხვევაში – პროდუქტის პერსონალიზაციაც.

ამასთანავე, უკვე მიმდინარეობს ვებგვერდის დამუშავება, სადაც მომავალში სრულად იქნება წარმოდგენილი ჩვენი კოლექცია და შესაძლებელი გახდება ონლაინ შეძენაც, კომფორტულად და ნებისმიერი ადგილიდან.

M: რა იყო ყველაზე რთული ეტაპი ამ დრომდე?

მარიამ ბოჭორიშვილი: ყველაზე რთული, ალბათ, ის მომენტი იყო, როცა იდეა რეალურ პროდუქტად უნდა გადაგვექცია –  მაშინ, როცა ორივეს გვაქვს სხვა ძირითადი სამსახური და საკმაოდ დატვირთული ყოველდღიურობა. ასევე სირთულე იყო იმ სტანდარტების შენარჩუნება, რაც თავიდანვე დავისახეთ: რომ ყველა პროდუქტი იყოს მაღალი ხარისხის, ფუნქციური და ვიზუალურად გამორჩეული. ამის მიღწევა მცირე რესურსით მარტივი არ არის. ასევე, გამოწვევად იქცა მასალების მოძიება – ადგილობრივ ბაზარზე ბევრი იმ ტექსტილის ან დეტალის შოვნა, რაც გვინდოდა, შეუძლებელი აღმოჩნდა და მოგვიწია მათი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანა. თუმცა, რადგან ორივეს გვჯერა მენსას ღირებულებების, ყველა სირთულე ეტაპობრივად გადავლახეთ და ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც თავიდან ვთვლიდით სწორად.

M: რას ნიშნავს ეს საქმე თქვენთვის?

სოფო ზალკალიანი: „მენსა“ ჩვენი ყოველდღიურობის უკვე განუყოფელი ნაწილია – ეს არის შესაძლებლობა,შევქმნათ ის, რაც სხვა ადამიანების ცხოვრებაში დადებით ემოციებს შეიტანს. „მენსა“ ჩვენთვის არის ურთიერთობების, მეგობრობის, ერთად გატარებული დროის ემოცია. ყოველი ნივთი, რომელსაც ვქმნით, ასახავს ზუსტად იმ განწყობას, რაც თავიდანვე ჩავიფიქრეთ, რომ პატარა დეტალებს შეუძლიათ დიდი ხასიათის შექმნა.

„მენსა“ სწორედ ამისთვის შეიქმნა – made for your moments. განსაკუთრებული დღეებისთვისაც და ჩვეულებრივ საღამოსთვისაც, რომელიც სუფრის აქსესუარების მეშვეობით შეიძლება დაუვიწყარი გახდეს.

M: როგორია პერსპექტივა, ბიზნესის თვალსაზრისით?

მარიამ ბოჭორიშვილი: ბიზნესის თვალსაზრისით, „მენსასთვის“ ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს – პირველ რიგში, პროდუქტის მიმართულებით ვგეგმავთ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას. კონკრეტულად კი, სხვადასხვა სეზონისა და დღესასწაულისთვის ლიმიტირებული კოლექციების შექმნას, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, პერიოდულად აღმოაჩინოს „მენსას“ ახალი განწყობა, ფორმა და ფერი.

ამ ეტაპზე, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ბრენდის ხელმისაწვდომობის გაზრდა – ვმუშაობთ იმაზე, რომ „მენსას“ პროდუქცია წარმოდგენილი იყოს როგორც სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე, ასევე ფიზიკურ მაღაზიებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

პარალელურად, ვავითარებთ ახალ მიმართულებასაც – გეგმაში გვაქვს ღონისძიებებისთვის პერსონალიზებული პროდუქციის შეთავაზება. ქორწილებისთვის, ნათლობებისთვის და სხვა განსაკუთრებული დღეებისთვის – ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც კონკრეტულ ღონისძიებაზე იქნება მორგებული და მას უნიკალურ ხასიათს შესძენს.

გრძელვადიან პერსპექტივაში კი ვფიქრობთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლასაც – ვხედავთ, რომ „მენსას“ ესთეტიკა და იდეა პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც ხარისხიან და გამორჩეულ პროდუქციას საზღვარგარეთ აქვს.

პროკრედიტ ბანკის რეგიონული ბიზნესშეხვედრები გრძელდება, 10 ივლისს ღონისძიებას ზუგდიდი უმასპინძლებს

BybitGeorgia.ge – Bybit-ის კრიპტოსერვისები უკვე საქართველოში