23
Jul
2019

დასვენების დღეები ფსიქიკური ჯანმრთელობის მიზეზით – ახალგაზრდებმა ორეგონში კანონი შეცვალეს

23 Jul 2019

Alta
Alta


ორეგონის შტატში (აშშ) მცხოვრებ სტუდენტებსა და მოსწავლეებს შეეძლებათ აიღონ დასვენების დღეები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მიზეზით, ისევე, როგორც აქამდე, ფიზიკური ავადმყოფობის დროს თავისუფლდებოდნენ აკადემიური პროცესისგან. BBC-ის ცნობით, აღნიშნული სიახლე ორეგონში მიღებულ ახალ კანონს უკავშირდება, კანონის ინიცირება და მის მისაღებად ბრძოლა კი ოთხ ამერიკელ ტინეიჯერთან – ჰეილი ჰარდკასტლთან, სემ ადამსონთან, ლორი რიდლთან და დერეკ ევანსთანაა დაკავშირებული. სწორედ მათ მიმართეს შტატის მთავრობას საკანონდებლო ცვლილების მოთხოვნით. აქამდე, ორეგონის სკოლები ბავშვებს დასვენების დღეებს მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობის (გაციება, სიცხე, ვირუსული დაავადებები და ა.შ.) პრობლემის საფუძველზე აძლევდნენ.

ორეგონში მცხოვრებ მოსწავლეებს/სტუდენტებს უკვე შეეძლებათ აიღონ 5 დღიანი დასვენება, ყოველ 3 თვეში ერთხელ, ფსიქიკური  ჯანმრთელობის მიზეზით. კანონის ინიციატორი ახალგაზრდები ამბობენ, რომ ეს კარგი გზაა იმ სტიგმის შესამცირებლად, რაც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მათ შტატში არსებობს. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სტიგმის მოქმედების არეალი მხოლოდ ორეგონის შტატი არ არის. საინტერესოა, მიბაძავენ თუ არა მას სხვა შტატები, ან ქვეყნები?

კანონის მნიშვნელობის განხილვისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ მის მნიშვნელობას არამხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმების შესუსტების, არამედ, კონკრეტულ შემთხვევებში, შესაძლო თერაპიული გავლენის კუთხითაც. ფსიქიკურად მგრძნობიარე პერიოდებში დასვენების შეუძლებლობა და გარემოს მხრიდან, სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვის მოთხოვნა შესაძლოა სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობის მიმდინარეობის მასტიმულირებელიც კი იყოს. შესაბამისად, კანონის მნიშვნელობა დიდია როგორც სოციალური, ასევე ფსიქოლოგიური კუთხით.

კანონის ერთ-ერთი ინიციატორის – 18 წლის ჰეილი ჰარდკასტლის თქმით, მისი და გუნდის სხვა წევრების სურვილია დაეხმარონ ახალგაზრდებს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ღიად საუბარში. მით უფრო აქტუალურია ეს საჭიროება, როდესაც ორეგონის ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, 13-14 წლის მოსწავლეების 17%-ს სერიოზულად უფიქრია სუიციდზე, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში.

ჰეილი ჰარდკასტლი, სემ ადამსონი, ლორი რიდლი და დერეკ ევანსი

კანონს ჰყავს კრიტიკოსებიც – მშობელთა ნაწილის თქმით, ის წაახალისებს მოსწავლეებს, უმიზეზოდ გააცდინონ სასწავლებლები. თუმცა, ჰეილი მსგავს მოსაზრებას შემდეგნაირად პასუხობს: „რატომ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები მშობლებისა და მასწავლებლების მოტყუებაზე. ვიყოთ გახსნილები ამ საკითხებში და მივცეთ მოზარდებს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბრის შესაძლებლობა პროვოცირებს დიალოგს, რომელიც გვაახლოვებს ახალგაზრდებს იმ დახმარების მიღებასთან, რომელიც ასე გვჭირდება“.

მიუხედავად მომხრეებისა და მოწინააღმდეგეებისა, კანონი უკვე არსებობს. მოტყუება კი, ალბათ, ფსიქიკური პრობლემების მნიშვნელობის აღიარებისთვის ხელის შეშლა უფრო შეიძლება იყოს.

ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმები აქტუალურია საქართველოშიც. ალბათ, მეტად აქტუალური, ვიდრე ორეგონის შტატში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოშიც შეგვიძლია ფსიქოგანათლების მიმართულებით ონლაინრესურსების გამოყენება, სტიგმის შესუსტებისთვის ბევრი სხვა გზის პოვნაა საჭირო. მათ შორის, როგორც სამოქალაქო, ასევე საკანონმდებლო დონეზე, ისევე, როგორც ეს ორეგონის შტატში გააკეთეს, ან იქნებ, სხვაგვარად.

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა