სულიერი სიძლიერე ემოციების და ტკივილის იგნორირებას სულაც არ ნიშნავს. ასე მხოლოდ უარესია – რაც უფრო შეიკავებთ თავს, მით მეტ ბრაზს, სევდასა და დარდს იგრძნობთ. არა და, განცდების კონტროლი საჭიროა. როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს?

სულიერად ძლიერი ადამიანები ამას სხვადასხვანაირად ახერხებენ :
სანერვიულოდ კონკრეტული დრო აქვთ გამოყოფილი. შესაძლოა, ერთი შეხედვით, აბსურდულად ჟღერდეს, მაგრამ ძალიან ეფექტურია. მხოლოდ ვარაუდი კი არა, ეს მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია. როცა რაღაცას განიცდით, გამოყავით, პირობითად, 20 წუთი. ამ დროში დაიხარჯეთ ემოციებისგან, შემდეგ კი შეწყვიტეთ ფიქრი და დაუბრუნდით საქმეს.
თითოეულ განცდასა და შეგრძნებას სახელს არქმევენ. როცა ზუსტად იცით, რა გაწუხებთ, რაზე ნერვულობთ და რას განიცდით, უფრო მარტივია ამ პრობლემის გადაწყვეტა, გამოსავლის მოძებნა. იდენტიფიცირებით ბევრად შეგიმსუბუქდებათ დარდი, სირცხვილის გრძნობა ან იმედგაცრუების განცდა.
ზუსტად განსაზღვრავენ, რამეში ეხმარება, თუ პირიქით, ხელს უშლის კონკრეტული ემოცია. არ არსებობს, ცალსახად, ნეგატიური ან პოზიტიური განცდა. მაგალითად, ბრაზი შეიძლება დაგეხმაროთ – მეტი ენერგია მოიკრიბოთ და ბოლომდე გაიტანოთ თქვენი, საკუთარი სიმართლე დაამტკიცოთ. ან გაბრაზებულმა ისეთი რამ თქვათ, სხვას გული ატკინოთ. როგორც ხედავთ, მისი დადებითი თუ უარყოფითი გავლენა სიტუაციაზეა დამოკიდებული. ამიტომ, როცა საკუთარი განცდებს სახელს დაარქმევთ, შემდეგ განსაზღვრავთ, ნეგატიურია თუ პოზიტიური, ლოგიკურად მიხვალთ იმ დასკვნამდე, დაგეხმარებათ ეს განცდა პრობლემის გადაჭრაში, თუ პირიქით – ხელს შეგიშლით.
მუდმივად ცდილობენ, კარგ ხასიათზე იყვნენ. ეს შესაძლებელია. მაგალითად, გაიღიმეთ, თუნდაც, არ გეღიმებოდეთ. ან ღრმად ჩაისუნთქეთ და რომც ნერვიულობდეთ, ცოტა, აუცილებლად, დამშვიდდებით. თუ უარყოფით განცდებს ქცევით დაუპირისპირდებით, ნამდვილად უკეთ იგრძნობთ თავს, უკეთეს განწყობაზე დადგებით.
იქმნიან დისკომფორტს. ზოგ ადამიანს დისკომფორტს სირცხვილის გრძნობა უქმნის, ზოგს – ბრაზის. ეს ინდივიდუალურია. კომფორტის ზონა სპეციალურად უნდა დატოვოთ. ასეთ დროს უკეთ კონცენტრირდებით, რომ სტრესს, უარყოფით განცდებსა და მდგომარეობას თავი დააღწიოთ.
წყარო: Inc.com










