თუ ხელის დაბანით ფიზიკურ კეთილდღეობას უზრუნველყოფთ, ასევე მარტივი ჩვევები არსებობს, რომლებიც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს აგარიდებთ თავიდან, იქნება ეს შფოთვა, ნაკლები თავდაჯერება თუ პერფექციონიზმი. ეს განსაკუთრებით შემოქმედებით ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებს ეხებათ, რომელთათვისაც გონება მთავარი ინსტრუმენტია…
ახლა კი ექვს სასარგებლო ჩვევას გაგიზიარებთ, რომლითაც თქვენი მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ:
1. დააწესეთ მკაფიო საზღვრები
შემოქმედებით ადამიანებს ხშირად სურთ, სხვებს ასიამოვნონ, თუმცა ზოგჯერ ეს წნეხის ქვეშ აქცევს მათ, ამიტომ მნიშვნელოვანი ჩვევა იქნება, თუ ისინი მომხმარებლებთან მკაფიო საზღვრების დაწესებას ისწავლიან. ეს პროექტის მასშტაბის განსაზღვრას ნიშნავს, იმის დაზუსტებას, თუ რომელი მომსახურება შეგიძლიათ, შესთავაზოთ და რომელი, არა, იმის გაზიარებასაც, რა დროს შეძლებთ ელ.ფოსტაზე პასუხის გაცემას და ა. შ.
ასე არც ბევრი საქმით დაიტვირთებით და თვითშეფასებასაც გაზრდით, რადგან აღნიშნული ქმედებები იმაზე მეტყველებს, რომ თქვენს დროს, ენერგიასა და კეთილდღეობას აფასებთ. სხვებისგანაც იღებთ პატივისცემას და კონფლიქტებსაც არიდებთ თავს. ამგვარად, მოგიწევთ „არას” თქმაც ისწავლოთ.
2. ფოკუსირდით ცხოვრების 7 სფეროზე
პირადი და პროფესიული ცხოვრების ბალანსზე ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ ხშირად მნიშვნელოვანი საკითხები ყურადღების მიღმა რჩება, ამიტომ ექსპერტები ცხოვრების 7 სფეროზე გვესაუბრებიან, რომლითაც რეალურად ბალანსის მიღწევა შესაძლებელი გახდება, მათ შორისაა კარიერა, ურთიერთობები, ფიზიკური, მენტალური და ემოციური ჯანმრთელობა, სულიერი განვითარება, ფინანსური სტაბილურობა, გართობა და დასვენება.
თითოეული სფეროსთვის განსაზღვრული მიზნები უნდა გქონდეთ, რომელთა მიღწევას პატარა ნაბიჯებითა და მუდმივი მუშაობით შეძლებთ — სისტემურობა კი აქ წარმატების გასაღებია.
3. იყავით დისციპლინირებული და აკონტროლეთ საკუთარი თავი
უნდა ვაღიაროთ, რომ სინამდვილეში თავს ბედნიერად კარგად შესრულებული სამუშაო, ახალი უნარების სწავლა, პრობლემების გადაჭრა და მიზნების მიღწევა გვაგრძნობინებს. სიმშვიდის მოპოვებაშიც გვეხმარება, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ დისციპლინითაა შესაძლებელი. ერთ ამოცანაზე ფოკუსირება და საქმის კარგად შესრულება უნდა შეგეძლოთ, უნდა ეცადოთ ყურადღების გამფანტავ საკითხებსაც აარიდოთ თავი. თქვენი იმპულსებისა და შეგრძნებების კონტროლიც ისწავლოთ და სამუშაო დატვირთვაც სწორად გადაანაწილოთ.
4. იკვებეთ ჯანსაღად, ივარჯიშეთ და დაისვენეთ
ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა რომ პირდაპირ ებმის ერთმანეთს, ამით, ალბათ, ახალს არაფერს გეტყვით. თუმცა არც აქტიური ვარჯიშისკენ მოგიწოდებთ, ყველაფერი პატარა ნაბიჯებით შეგიძლიათ დაიწყოთ, უბრალოდ არ ისხდეთ ერთ ადგილზე და არ აკეთოთ ერთი და იგივე, გაატარეთ დრო თუნდაც ოჯახთან ერთად, გაისეირნეთ პარკში, ეწვიეთ გამოფენებს, ესაუბრეთ მეგობრებს, რაც განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. ეძიეთ ადგილები, სადაც ამას საუკეთესოდ მოახერხებთ, და ეცადეთ, თავი აარიდოთ გამოფიტვას.
5. გააკეთეთ რაღაცები თქვენთვის და არა, მომხმარებლებისთვის
კმაყოფილი მომხმარებელი კი კარგია, მაგრამ აქ ხშირად ვკარგავთ შექმნის პროცესით სიამოვნების მიღების შეგრძნებას. ამიტომ კიდევ ერთი კარგი ჩვევა რაღაცების საკუთარი თავისთვის კეთებაა და არა, სხვებისთვის.
„ცხოვრება უცნაურია, განსაკუთრებით მაშინ, თუ შემოქმედებითი ადამიანი ხარ. ხშირად სხვების პრობლემების გადაჭრით დაკავებულებს გვავიწყდება, რომ ჩვენი ცხოვრების წინა ხაზზე თავადვე ვდგავართ, რომ ჩვენ ვართ საკუთარი თავის მომხმარებლები. ვიღაცამ დახატა იმიტომ, რომ ხატვა მოსწონდა, ვიღაცამ დაწერა იმიტომ, რომ წერა მოსწონდა. ასე რომ, ისწავლეთ, როგორ გამოაცხოთ, დახატოთ ან აკეთოთ ნებისმიერი რამ, რაც გსურთ, თუმცა ეს თქვენი თავისთვის გააკეთეთ“, — ამბობს აბჰინავ იადავი, დიზაინერი.
6. გააზიარეთ თქვენი გრძნობები
ბოლო დროს ცუდ მენტალურ ჯანმრთელობაზეც ბევრი საუბრობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, იპოვოთ ადამიანი, რომელთანაც საუბარს შეძლებთ, რათა გაიხსნათ და გაუზიაროთ თქვენი გრძნობები, იქნება ეს კარგი თუ ცუდი. ზოგჯერ, შესაძლოა, ვერც აცნობიერებდეთ, რომ პრობლემა გაქვთ მანამ, სანამ ამაზე საუბარს თავადვე არ დაიწყებთ. თანაც ასე ბევრჯერ აღმოაჩენთ, რომ კონკრეტული საკითხი თქვენ გარდა სხვებსაც აწუხებს…













