in

მენტალური ჯანმრთელობა – რა ასაკიდან უნდა მივაქციოთ მას ყურადღება

საქმეები, ცხოვრების დაძაბული რიტმი, ყოფითი პრობლემები, სოციალურ-საზოგადოებრივი ფაქტორები, ოჯახური პირობები – იმ მიზეზთა ძირითადი და არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზეგავლენას ახდენს. ამ თემისადმი დაინტერესება ბოლო დროს უფრო და უფრო აქტუალური ხდება, რადგან, ალბათ დაგვეთანხმებით, რამდენიმე წლის წინ მენტალურ ჯანმრთელობასა და მის მკურნალობაზე არასწორი წარმოდგენებიც არსებობდა და ბევრი არც მიიჩნევდა, რომ მას დიდი ყურადღების დათმობა ესაჭიროება, მით უმეტეს, ადრეულ ასაკში.

ჩვენი მოზარდობის პერიოდს თუ გადავხედავთ, იმასაც გავიხსენებთ, რომ ხშირად უთქვამთ უფროსებს შემდეგი ფრაზები: „რა დროს შენი ნერვებია” , „ნეტავ, შენ რა გადარდებს”, „შენი პრობლემები მომცა” და მრავალი სხვა…რეალურად, ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ მენტალური პრობლემები ადამიანს ადრეული ასაკიდანვე შეიძლება დაეწყოს და ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს სწორედ უფროსის, მშობლის ან სხვა ახლობლის ჩარევა, რომელიც სწორ რეაგირებას მოახდენს. მნიშვნელოვანი ფაქტორი აქ ისაა, რომ უფროსი ბავშვს აღიქვამდეს, როგორც პიროვნებას და მისი ფსიქიკური მდგომარეობა არ უგულებელყოს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის ბავშვია და პრობლემები ვერ ექნება.

როგორია რეალობა?

ბავშვები სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე უსუსური არსებები არიან იმის გამო, რომ ბევრ ასპექტში დამოკიდებულნი არიან უფროსებზე და სენსიტიურად იღებენ ყველა წვრილმანს, აქვთ დაძლევის ნაკლები უნარი, ვიდრე უფროსებს. ადრეულ ასაკში შეიძლება განვითარდეს ისეთი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, როგორებიცაა შფოთვა და დეპრესია და მათი უგულებელყოფა არ შეიძლება.

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა თავი დაცულად იგრძნოს და ხვდებოდეს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მის გვერდით სანდო ადამიანები არიან. თუმცა ეს ძალიან ზოგადი ნათქვამია და მოდი, უფრო ჩავშალოთ…

ადრეულ ასაკშივე რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები არ განვითარდეს, საჭიროა თავისუფლება და ინტეგრაცია. პირველში, ძირითადად, საკუთარი ხმისა და არჩევანის უფლება მოიაზრება. როდესაც ბავშვმა იცის, ვინ არის და რა საზღვრების დადგენა შეუძლია, ეს ეხმარება მას სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებაში. როდესაც ბავშვებს არ აქვთ გარკვეული ინდივიდუალიზმის შეგრძნება, ხდებიან უმწეონი, არ შეუძლიათ უარის თქმა და ვერ გამოხატავენ გრძნობებს. დაეხმარეთ თქვენ ირგვლივ მყოფ მცირეწლოვნებს, ჰქონდეთ თავიანთი ასაკის შესაფერისი თავისუფლება.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ზევით ვახსენეთ, ინტეგრაციაა და რას გულისხმობს ის…

ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანს შეუძლია ცხოვრების დადებით და უარყოფით მხარეებთან ინტეგრაცია. ეს უნარი კი ბავშვობიდანვე უნდა ჩამოყალიბდეს. როდესაც ბავშვს ინტეგრაციის უნარი არ გააჩნია, ის ხშირად პერფექციონისტად ყალიბდება, რომელიც ვერ აფასებს საკუთარ თავს. ამ დროს აუცილებელია, ბავშვებს დავეხმაროთ იმის გააზრებაში, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში, ისინი მაინც მისაღები და ძვირფასები იქნებიან ყველასთვის და არ გაუჩნდეთ ამის გამო შიში ან კომპლექსი. ამისგან თავის დასაღწევად ყოველთვის შეახსენეთ მათ, რომ ისინი ჯერ კიდევ სწავლის პროცესში არიან და წინ აქვთ ყველაფერი.

ეს თავი რომ შევაჯამოთ, გეტყვით, რომ: ადრეულ ასაკში შემჩნეული მენტალური პრობლემები ბევრად უფრო მარტივად აღმოფხვრადი და დაძლევადია, ვიდრე ზრდასრულში. ფსიქოლოგები  გვასწავლიან, რომ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება წავაწყდეთ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემას და ჩვენი ტვინისთვის ეს სამყარო ყოველთვის ახალი გამოწვევაა. აუცილებელია, ვიცოდეთ, რომ თუკი დიდი ხნის განმავლობაში უგულებელვყოფდით საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობას და სწორ სახელებს არ ვარქმევდით ჩვენს ფსიქიკურ მდგომარეობას, როცა საქმე ნამდვილად გასერიოზულდება, შეიძლება გაგვიჭირდეს კიდეც იმის მიხვედრა, რომ ვდგავართ მენტალური ჯანმრთელობის დარღვევის საფრთხის წინაშე, რომლის მკურნალობაც აუცილებელია.

როგორ დავიცვათ თავი და ჩვენი გარშემომყოფები

შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებისგან თავის დაცვა მის შესახებ სწორი ინფორმაციის ცოდნითაა შესაძლებელი. როდესაც გაცნობიერებული გვაქვს, რა ნიშნები ახასიათებს ამ პრობლემას, ადვილად ამოვიცნობთ და დავეხმარებით როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს.

მეორე ყურადსაღები ფაქტორი დახმარების მიღებაა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზოგს უხერხულობას უქმნის ამ თემაზე საუბარი, ფსიქოლოგთან მისვლა, არადა, შესაძლოა ისეთი მარტივი პრობლემა იყოს, რომ 1-2 ვიზიტშიც კი აღმოიფხვრას და მინიმალური ჩარევა გახდეს საჭირო.

მესამე და ასევე საყურადღებო რჩევაა ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბება. პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ ფიზიკური სიჯანსაღეც ხშირად დადებითად მოქმედებს სულიერ ჯანმრთელობაზე. ამასთან ერთად კი, იპოვეთ კავშირი სხვა ადამიანებთან, გამოიმუშავეთ სარელაქსაციო ტექნიკები, უსმინეთ საკუთარ ხმას და ის ყოველთვის მიგახვედრებთ, რა გჭირდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ მენტალური ჯანმრთელობა ადრეული ასაკიდანვე უნდა ექცეოდეს ყურადღების ქვეშ, თუკი პრობლემა ზრდასრულ ასაკში გამოგივლინდათ, არ ინერვიულოთ –
ყოველთვის არსებობს გზა მის გასაუმჯობესებლად. ნებისმიერ ეტაპზე, სწორი აქცენტების დასმით, შესაძლებელია გამოვისწოროთ ფსიქიკური მდგომარეობის ხარისხი და თუ ამას მარტო ვერ ვახერხებთ, გვახსოვდეს, რომ არსებობენ არაჩვეულებრივი სპეციალისტები, რომლებიც მზად არიან დასახმარებლად, მთავარი ამ ადამიანებამდე მისვლა და პრობლემაზე სერიოზულად მუშაობაა.

რუბრიკას ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ PSP

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება — ავტოინდუსტრიაში პირველად „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო საწარმოს სტატუსი მიიღო

„წინანდლის მამულის რადისონ ქოლექშენი“ ტრადიციულად ქცეულ გიორგობისთვეს SOLO-სა და Mastercard-თან ერთად მასპინძლობს