ტვინი არის სხეულის ყველაზე ძლიერი და რთული ორგანო. თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა არა მხოლოდ აკონტროლებს თქვენს ცნობიერებას, არამედ განსაზღვრავს თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას და სხეულის ფუნქციონირებას.
ცხოვრება იშვიათად მიმდინარეობს ისე მშვიდად, როგორც გვსურს, რომ მიდიოდეს. ჩვენ ხშირად ვხვდებით იმედგაცრუებას, სტრესს, მწუხარებასა და ნეგატივს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტის სამკურნალო საბჭოს თავმჯდომარის, დანიელ ფუნგის თქმით, სინგაპურელთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 82 წელია. მაგრამ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და დაავადებების მქონე ადამიანები იღუპებიან დაახლოებით 20 წლით ადრე, ვიდრე ჩვეულებრივი მოსახლეობა.
მაშ, როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი მენტალური კეთილდღეობა? აქ არის რამდენიმე აუცილებელი პირობა, რომლებიც დაგეხმარებათ გონებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
იძინეთ საკმარისად

ძილის ნაკლებობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ფიზიკურ და გონებრივ კეთილდღეობაზე, ასევე, ცხოვრების საერთო ხარისხზე. სათანადო ძილი არა მხოლოდ გვეხმარება სტრესის შემსუბუქებაში, არამედ ის ჩვენს გონებას აფხიზლებს და ფოკუსირების უნარს აძლიერებს. ის, ასევე, აუმჯობესებს ჩვენს მეხსიერებას – საკმარისი ძილი გრძელვადიან პერსპექტივაში ეხმარება ტვინს ინფორმაციის დამუშავებაში, შენარჩუნებასა და მეხსიერების გამყარებაში.
იკვებეთ სწორად

ჯანსაღი კვება იწვევს გონების გაჯანსაღებას და ზრდის ფსიქიკურ კეთილდღეობას. დაბალანსებული კვება ბუნებრივად გვიცავს სტრესისგან. დაიწყეთ დღე სწორად საუზმით და შეეცადეთ შეინარჩუნოთ დაბალანსებული კვება მთელი დღის განმავლობაში. ჩართეთ საკვები, როგორიცაა მარცვლეული, ბოსტნეული და ხილი.
ფიზიკური აქტივობა

ფიზიკური აქტივობა არა მხოლოდ ფიზიკურად გაგაძლიერებთ, არამედ გონებრივად გაგაჯანსაღებთ და შეგიმცირებთ სტრესს. როდესაც ვარჯიშობთ, შეგიძლიათ უკეთ იფიქროთ, რაც საშუალებას მოგცემთ, იყოთ უფრო ეფექტურად მოაზროვნე და პროდუქტიული. სცადეთ იოგა, დარეგისტრირდით ზუმბაზე ან გაისეირნეთ პარკში, რადგან ამგვარმა საქმიანობამ შეიძლება აამაღლოს თქვენი იმუნიტეტი და ჯანმრთელობის მდგომარეობა. უმჯობესია, ივარჯიშოთ რეგულარულად.
ჰობი

არასოდეს არის გვიან, გამოავლინოთ ახალი უნარები და აქტივობებით დაკავების შედეგად გაიუმჯობესოთ გონებრივი კეთილდღეობა. ახალი საქმიანობის სწავლა, როგორიცაა ფორტეპიანოზე დაკვრა, კომპიუტერის ახალი უნარ-ჩვევების შეძენა და თამაშებში ჩართვა, ხელს უწყობს ტვინისა და ნერვული უჯრედების სტიმულირებასა და ტვინის განახლებას.
უარი თქვით მავნე ჩვევებზე

თუ თქვენ გაქვთ ემოციური პრობლემები, ალკოჰოლი, თამბაქო ან ნარკოტიკი არ არის გამოსავალი. ისინი მხოლოდ დროებით ათავისუფლებს სტრესს. იდეალურ შემთხვევაში, სტრესის დასაძლევად თქვენ შეგიძლიათ დაიხმაროთ ოჯახი ან მეგობრები, ან შეგიძლიათ განიხილოთ პროფესიონალური დახმარების ძებნა.
რუბრიკას ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ PSP











