in

როგორ ვიყოთ მენტორი ვირტუალურ სამუშაო გარემოში?

ოფისში სამუშაოდ დაბრუნებას ცხრიდან ხუთი თანამშრომელი არ აპირებს. დისტანციურად მუშაობა, გარკვეული ჰიბრიდული მოდელების პარალელურად, უცვლელი ალტერნატივაა. 2021 წლის სექტემბრისთვის ამერიკელ თანამშრომელთა 45% დისტანციურად მუშაობდა, მათი 91% ამ მოდელით მუშაობას პანდემიის შემდეგაც ისურვებდა. დასაქმებულთაგან, 58% სამსახურიდან წასვლას აპირებდა, დისტანციურად მუშაობის გაუქმების შემთხვევაში. არადა, სახლიდან მუშაობა პროდუქტიულობაზე დადებითად აისახება. ამრიგად, მენეჯერებსა და ლიდერებს კიდევ ერთ გამოწვევასთან მოუწევთ გამკლავება – ვირტუალურ მენტორინგთან. კვლევის 40-წლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თანამშრომლები, რომელთაც მენტორი ჰყავთ და დადებითი ურთიერთობები აქვთ, დიდ პირად და პროფესიულ სარგებელს იღებენ. როდესაც მენტორინგი კორპორაციული კულტურის მნიშვნელოვანი ელემენტია, ის ხელს უწყობს ტალანტების შენარჩუნებასა და მათ წინსვლას.

როგორ შეუძლიათ მენეჯერებს მიდგომის შეცვლა და ამ ურთიერთობების გაუმჯობესება, როდესაც პერსპექტიული ტალანტები ფიზიკურად არ არიან?

ბევრი ინდივიდი ცდება, როდესაც ფიზიკურ სიახლოვეს ურთიერთობის განვითარებისთვის გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევს. პასუხისმგებლობა, ნდობა, ურთიერთობების ხარისხი და მენტორის კომპეტენცია – რეალურად სწორედ ესაა ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი.

სამუშაოს გადააზრება

ვირტუალური მენტორინგი დისტანციური მუშაობის დიდი უპირატესობაა. ვირტუალური ურთიერთობების შესახებ ბოლოდროინდელი კვლევა აჩვენებს, რომ მენტორინგის ეს ფორმა კიდევ უფრო შეიძლება განვითარდეს და გაცდეს უბრალოდ, ეკრანიდან საუბარს. მეტიც, პირად შეხვედრებთან შედარებით, ვირტუალური ჩართულობის შესაძლებლობამ შეიძლება შეამციროს შფოთვა. ვირტუალური მენტორობა უფრო მეტ მოქნილობას იძლევა განრიგისა და გეოგრაფიული მდებარეობის თვალსაზრისით.

თუმცა, ვირტუალურ მენტორობას თავისი დაბრკოლებებიც აქვს და შეიძლება მეტ მიზანმიმართულობას საჭიროებდეს. თანაც, პირისპირ საუბრისას მეტია ინტერაქციის საშუალება და უკეთ აღიქმება ის არავერბალური გზავნილი, რასაც გადავცემთ.

ჩამოაყალიბეთ ნდობა

ნდობა ნებისმიერი ურთიერთობის განვითარების ფუნდამენტია და უფრო დიდ ძალისხმევას საჭიროებს ვირტუალურ სივრცეში. ის ისეთ უნარებს საჭიროებს, როგორიცაა ინიციატივის აღება შეხვედრებზე, ზრუნვისა და სანდოობის დემონსტრირება, გულწრფელობა და თანაგრძნობა. აქტიურად მოუსმინეთ, დაინტერესდით და თავი აარიდეთ შეშფოთების მკვეთრად გამოხატვას. ისაუბრეთ, როგორ უნდა აქციოთ ვირტუალური მენტორობა ორივე მხარისთვის კომფორტულ გამოცდილებად.

განსაზღვრეთ ჩართულობის წესები

პირისპირ შეხვედრების უფრო არაფორმალური ხასიათისგან განსხვავებით, ვირტუალური მენტორობა ბევრად დიდ ყურადღებას საჭიროებს, კომუნიკაციის ლოგისტიკის ირგვლივ მოლოდინების დასახვაზე. შეჯერდით კომუნიკაციის სიხშირეზე, განიხილეთ ურთიერთობის ციფრული არხები – ვიდეო, სატელეფონო თუ სხვა. რომელი უფრო კომფორტულია ორივე მხარისთვის და რა საზღვრები უნდა იყოს დაცული კომუნიკაციისთვის? მოქნილად გაანაწილეთ შეხვედრების განრიგი და არ დაგავიწყდეთ საჭიროებები, რაც ზრუნვას, სწავლას, უშუალო ჩართულობას ეხება, პირად და სამსახურებრივ საქმეებში.

მიზანმიმართულად მოეკიდეთ ურთიერთობის ჩამოყალიბებას

ურთიერთობის ჩამოყალიბების შესახებ კვლევიდან ვიგებთ, რომ მნიშვნელოვანია საერთო გამონახვაზე მუშაობა. დააკვირდით, რა ღირებულებები აქვს თქვენს თანამშრომელს, როგორია მისი პიროვნება და პროფესიული მისწრაფება. დაუსვით კითხვები, რომლებიც მათ გამოცდილებაზე, განცდებსა და ოცნებებზე ინფორმაციის მიღებაში დაგეხმარებათ. შესაბამისად, ბევრად გაგიადვილდებათ საერთო ღირებულებებისა და მიზნების განსაზღვრაც.

დააბალანსეთ საზღვრები

ერთი მხრივ, ვირტუალური მენტორობა უფრო ფორმალურია და მეტადაა ორიენტირებული მიზანზე. მეორე მხრივ, ის ჩვენს სახლებში მიმდინარეობს, ამდენად, პროცესში ოჯახის წევრების, პარტნიორების, ბავშვებისა და ცხოველების ჩართულობას თავიდან ვერ ავიცილებთ. მენტორებმა ეს პროცესი ბუნებრივად უნდა მიიღონ და ურთიერგაგებისა და ემპათიის გასაღრმავებლად მიმართონ. ასევე, მენტორებს უნდა ახსოვდეთ რაციონალური საზღვრებიც – ურთიერთობა არ უნდა იყოს უხერხული თანამშრომლისთვის, უნდა გავითვალისწინოთ ჩაცმულობა, ურთიერთპატივისცემა ერთმანეთისა და ოჯახის წევრების მიმართ და პირადი ინფორმაციის თქმამდე დავრწმუნდეთ, რომ თანამოსაუბრეს ამით დისკომფორტი არ ექნება.

ითანამშრომლეთ, როდესაც ეს შესაძლებელია

მენტორინგი ოფისში ერთობლივი მუშაობის საშუალებას იძლეოდა. ახლა კი, როდესაც ყველაფერმა ციფრულ რეჟიმში გადაინაცვლა, ეს გართულდა, თუმცა ციფრული პლატფორმების ერთობლივად გამოყენება მაინცაა შესაძლებელი.

მენეჯერულ უნარებთან ერთად, ვირტუალური მენტორინგიც ახალ უნარ-ჩვევებს საჭიროებს. მიზანმიმართული მომზადების საშუალებით, ვირტუალური სწავლება საკმაოდ ეფექტიანი შეიძლება აღმოჩნდეს, იმის მიუხედავად, ურთიერთობისთვის რა მედიუმებს იყენებთ.

 

წყარო: HBR



პლუტონზე გიგანტური ყინულის ვულკანები აღმოაჩინეს

როგორ გადავწყვიტოთ, სტარტაპში ვიმუშაოთ თუ რომელიმე დიდ კომპანიაში?