Menu.ge-ს მფლობელმა Menu Group-მა, უკრაინის ბაზრის წამყვანი მოთამაშე eda.ua შეიძინა, რომელიც ქვეყნის 29 ქალაქში ოპერირებს. კომპანია მიზნად ისახავს, ყაზახეთის, მოლდოვას, უზბეკეთისა და ყირგიზეთის ბაზრებზე შესასვლელად, უახლოესი 2 წლის განმავლობაში, დამატებით, $10 მილიონზე მეტი ინვესტიცია განახორციელოს.
„დღეს, Menu Group საქართველოში, სომხეთსა და ბელარუსში 2000-ზე მეტ რესტორანს ემსახურება. საქართველოში კომპანია უკვე მუშაობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, რუსთავში და 500-ზე მეტი რესტორნის პარტნიორია. წლის ბოლოს გეგმავს, GMV-ს პარამეტრით, 35 მლნ დოლარზე გასვლას. Menu Group-ს ასევე სურს, მიაღწიოს 10 მლნ დოლარის ოდენობის მოგებას. უკრაინაში სერვისი ჰიბრიდული ბიზნეს მოდელის მიხედვით იმოქმედებს – კომპანია დამოუკიდებლად მიაწოდებს შეკვეთებს 10 ქალაქში და იმუშავებს როგორც გაყიდვების ოპერატორი ვებგვერდი (marketplace), კიდევ 19 ქალაქში. Eda.ua-ს 1500-ზე მეტი პარტნიორი რესტორანი კი, ეტაპობრივად, გადმოვა Menu.ua-ს პლატფორმაზე“.
როგორც Menu Group-ის წარმომადგენლები ამბობენ, უკრაინაში საკვების მიწოდების ბაზარი, საქართველოს მსგავსად, მუდმივად იზრდება, რაც პირდაპირ კავშირშია მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდასთან. მათი თქმით, დღეს, უკრაინის მოსახლეობის 60%-ზე მეტი (25 მლნ ადამიანი) მობილური ინტერნეტის მომხმარებელია, აქედან, 15-20% (4-5 მლნ ადამიანი) უკვეთავს საჭმელს „ონლაინ“.
„ახლა „ონლაინ“ გაყიდვები აგენერირებს რესტორნების საერთო მოგების 20%-ს, თუმცა მაჩვენებელი იზრდება, რადგან ინტერნეტით შეკვეთების სიხშირე უკვე 2-3-ჯერ აღემატება ადგილზე მიმსვლელთა რაოდენობას. უკრაინის საკვების მიწოდების ბაზარი, ჩვენთვის ისევე საინტერესოა, როგორც საქართველოსი. ვხედავთ დიდ პოტენციალს არა მარტო დედაქალაქში, არამედ რეგიონებში. ბაზრის მოცულობა სწრაფად იზრდება, მინუმუმ, 20%-ით, წელიწადში. Eda.ua-სთან ერთად, ვგეგმავთ, მივაწოდოთ ხარისხიანი სერვისი ჩვენს კლიენტებს, პარტნიორ რესტორნებსა და კურიერებს. ვქმნით რა საჭმლის მიწოდების მომსახურებას უფრო ხელმისაწვდომს, ყოველდღიურად ვავითარებთ ჩვენს პროდუქტს“- ამბობს Menu.ge-ს დირექტორი თამარ არევაძე.
როგორც Menu Group-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა და ვენჩურული ფონდის, Perea Capital-ის მმართველმა პარტნიორმა ომარ მუსამ აღნიშნა, „სხვადასხვა ბაზარზე აქტიური ექსპანსია Menu Group-ის დირექტორთა საბჭოს უახლოესი 3 წლის სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს.“
„ Chernovetskyi Investment Group, როგორც Eda.ua-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ყოველთვის ცდილობდა, თავისი ბიზნეს პორტფოლიოს გაზრდას და ახალი პარტნიორების მოძიებას, ზუსტად ამიტომ Menu Group-თან თანამშრომლობაში ჩვენ ვხედავთ დიდ პერსპექტივას” – ამბობს ფონდის მმართველი პარტნიორი ვლადიმერ კრივკო.
Menu Group UK საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც აერთიანებს საკვების მიწოდების სერვისს სომხეთის, საქართველოსა და ბელარუსის რესტორნებიდან და მისი წარმომადგენლების თქმით, აღნიშნულ ქვეყნებში უპირობო ლიდერია.
„თითქმის, 7 წლიანი არსებობის განმავლობაში, სერვისმა მიაღწია უმაღლეს შედეგებს და პოსტ-საბჭოთა სივრცეში უჭირავს პირველი ადგილი, საკვების მიწოდების კუთხით. დღეისთვის, პროექტი, 2000-ზე მეტ პარტნიორ-რესტორანს აერთიანებს“.
[R]