31
Oct
2018

მეოთხედი ცხოვრების კრიზისი, ანუ რა აწუხებთ 25-33 წლის ადამიანებს

31 Oct 2018

თანამედროვე მსოფლიო, დღეს, ადამიანებს სთავაზობს პროფესიების მრავალფეროვან არჩევანს, რაც დღითი დღე ზრდის შესაძლებლობას, აღმოვაჩინოთ საკუთარი უნარები და მოვერგოთ რომელიმე საქმიანობას მაინც. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სწორედაც, არჩევანის მასშტაბების ზრდამ გამოიწვია ახალგაზრდებში შიში. შიში იმისა, თუ „რა გამოვალ მომავალში“. სპეციალისტების სახელით, ამას „მეოთხედი ცხოვრების კრიზისი“ ჰქვია და გულისხმობს „პიროვნების თავისებურ კრიზისს, რომელსაც ახალგაზრდები განათლების მიღების შემდეგ განიცდიან; ისინი საკუთარ ადგილს ეძებენ ცხოვრებაში და იმის გადაწყვეტა უწევთ, თუ რა გზას დაადგნენ“. ზოგიერთ ახალგაზრდას არასწორი გადაწყვეტილების მიღების ეშინია, თუმცა იმის გააზრებას, რომ მიღებული გადაწყვეტილებები სულაც არ არის საბოლოო და არაფერია ცუდი იმაში, რომ „ცხოვრებაში სხვადასხვა გზა მოსინჯო“, დრო და გამოცდილება სჭირდება.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მთავარი, ამ შემთხვევაში არის ის, რომ თუ მეოთხედი ცხოვრების კრიზისი გაქვს, შენ მარტო არ ხარ.

Linkedin-ის ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, კარიერული შფოთი, ყველაზე ხშირად, 25-33 წლის ადამიანებში გვხდება და კვლევის თანახმად:

  • 59% არ არის გარკვეული, რას გააკეთებს მომავალში;
  • 59% არის დათრგუნული იმის გამო, რომ ვერ გააკეთა სწორი კარიერული არჩევანი;
  • 49 % გრძნობს, რომ ვერ გამოიმუშავებს იმდენს, რაც რეალურად, შეუძლია;
  • 44% ფიქრობს, რომ მისი საქმიანობა იქცა რუტინად.

თითოეული ზემოჩამოთვლილი ნამდვილად კარგი მიზეზია შფოთისა და სტრესისთვის. გრძნობ, რომ რაღაც რიგზე ვერაა, თუმცა, ვერ ხვდები, რა უნდა შეცვალო. საიდან უნდა დაიწყო, რადგან არ იცი პრობლემასთან გამკლავება.

უნივერსალურად პრესტიჟული პროფესია არ არსებობს
როცა დაიწყებ იმაზე ფიქრს, რეალურად, რა გეხერხება, რისი კეთება განიჭებს სიამოვნებას და გარეფაქტორების, აღიარებული და პრესტიჟული პროფესიების ზეგავლენისგან დამოუკიდებლად მიიღებ გადაწყვეტილებას, გეშველება. მაგალითად, თუ 17 წლის ასაკში ვერ განსაზღვრე სწორად პროფესია და სხვა ადამიანების მაგალითით გადაწყვიტე, რომ გაყიდვების სპეციალისტი გამხდარიყავი, არ არის ტრაგედია, რომ დღეს ეს საქმე აღარ აკეთო. შეგიძლია დამაჯერებლად საუბარი? გამოგდის ადამიანებთან კომუნიკაცია? ოდესმე, ვინმე დაგირწმუნებია რამეში? იქნებ, ამ ეტაპზე, გირჩევნია უფრო დაბალშემოსავლიან, ნაკლებად პრესტიჟულ კომპანიაში დასაქმება, საკუთარი თავის რწმენის დაბრუნების ხარჯზე?

წარმატება განსაზღვრე შენით. და თუ აღმოაჩინე, რომ შეგიძლია, იზრუნო სხვების აღზრდაზე, განვითარებაზე, განათლებაზე, ეს არის ძალიან კარგი. მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგის პროფესია, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია, საერთოდ არ არის მიმზიდველი დღეს, შენ უნდა იპოვნო ამ სფეროში ადგილი. იმიტომ, რომ არასდროს გექნება კმაყოფილების შეგრძნება, რომ რაც გინდოდა, იმას მიაღწიე. რომ იპოვნე, რასაც ეძებდი.

პრობლემაზე საუბარი მნიშვნელოვანია
კარიერული კრიზისი, რაღაც ეტაპზე, ყველასთან დგება. დიდი შანსია იმისა, რომ შენს ლექტორთან, მეგობართან, შეყვარებულსა თუ სხვებთან საუბრისას, აღმოაჩინო, რომ თურმე, მარტო არ ხარ. და ის, რაც შენ გჭირს, ზოგს უკვე გამოვლილი აქვს, ზოგი კი, შენსავით ებრძვის. თუ დაუცველობის, მარცხის შიში გაქვს, ეს ყველაფერი კი, დაბალ თვითშეფასებაზე აისახება, ესაუბრე ვინმეს. ვერასდროს მიიღებ უკუკავშირს სხვებისგან იმაზე, რაც გაწუხებს, თუ თავად არ დაიწყე ამაზე ხმამაღლა და გულახდილად საუბარი. მეოთხედი ცხოვრების კრიზისი არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა შეეშვა იმ საქმეს, რასაც ახლა აკეთებ, ან დაგეგმო შვებულება და დროებით გაერიდო სამსახურს. უბრალოდ, პროცესშივე, უნდა შეძლო პრიორიტეტების განსაზღვრა და სწორი ადამიანების პოვნა, ვისგანაც რჩევებს მიიღებ. და რაც მთავარია, უნდა გაიაზრო ის, რომ ცვლილებები არ არის ცუდი და შეცდომები არ არის დასასრული.მომზადებულია Inc-ზე დაყრდნობით



განხილვა