თუ ერთხელ მაინც ვინმეს ქართული ჭაჭა გაუსინჯავს, იცის, რა გემოა ეს. თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ, ბევრს ამის დალევას რაიმე ისეთი ურჩევნია, რაც ცნობილი ბრენდების სახელებითაა შეფუთული ან სულაც, რაღაც ამაზე ბევრად უფრო მსუბუქის… ისიც ვაღიაროთ, რომ ქართული ტრადიციული მეთოდებით გამოხდილმა მაღალგრადუსიანმა სასმელმა წლების განმავლობაში „უხეში“ იმიჯი შეიძინა, რის გამოც მასზე არჩევანს ნაკლებად აკეთებენ. მაგრამ ნეტავ, როგორ შეიცვლება ეს, როცა მომხმარებლებს ჭაჭისგან დამზადებულ კოქტეილებს შესთავაზებენ?
მოკლედ რომ გითხრათ, ეს ყველაფერი ის არის, რამაც ნატაშკა გოცირიძესა და ნინი ნებიერიძეს MEOW-ს შექმნისკენ უბიძგა. დიახ, MEOW და ჭაჭის არაყი შინაარსით სრულიად უპირისპირდება ერთმანეთს, მაგრამ ჩანაფიქრიც სწორედ ეს იყო, რაზეც უფრო დეტალურად მის შემქმნელებს გავესაუბრეთ:
M: მოგვიყევით, როგორ გაჩნდა MEOW-ს შექმნის იდეა…
მიაუს იდეა გაჩნდა იქიდან, რომ „ჭაჭამ მაგრად გაასწორა“. ყველამ ვიცით, რომ ჭაჭა უმეტესად აღიქმება, როგორც ძლიერი მასკულინური სასმელი, ამიტომ გადავწყვიტეთ, საყვარელი სახელით, ფერებითა თუ გრადუსით ისეთი ჭაჭა დაგვემზადებინა, რომელიც დახვეწილი იქნებოდა. სიმართლე რომ გითხრათ, როცა გავიკითხეთ მომხმარებლებიც და დამკვეთებიც სულ კაცები იყვნენ, რამაც უფრო მეტი მუხტი მოგვცა, რომ ამ ბიზნესში ქალები ჩავრთულიყავით.
M: რატომ დაარქვით MEOW?
არ გვინდოდა რაღაც სერიოზული მნიშვნელობის სახელი ყოფილიყო, უცბად მოვიფიქრეთ, მარტივი და ადვილად ატაცებადი, თან თითქოს არ ჰგავს სხვა სახელებს, საყვარელი და მსუბუქია.
M: რა ტიპის სასმელია და რა არჩევანს სთავაზობთ მომხმარებელს?
რაც შეეხება სასმელს, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად მივუდექით. გვინდა ხარისხიანი, ორგანული, არც ისე მძიმე, გრადუსიანი ჭაჭა შემოგთავაზოთ, დანამატების გარეშე. გვაქვს ორნაირი — კლასიკური და მუხის ჭაჭა. კახური ყურძნის ჭაჭა კახური ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული, ყურძნის რბილობისა და ღვინის ერთად გამოხდის გზით. რაც შეეხება მუხის ჭაჭას, 6 თვის განმავლობაში მუხის კასრებში კაკლის ნაჭუჭებთან ერთად იხდება. უნიკალური მახასიათებლების მქონე არომატი და დაუვიწყარი გემო აქვს. ამ ყველაფერს კი Ushba Distillery-ში ვაწარმოებთ.
M: ვინ იმუშავა MEOW-ს ბრენდინგზე?
ნინი ნებიერიძე: სახელი, ფერები, ხასიათი… თავიდანვე ზუსტად ვიცოდი, როგორი უნდა ყოფილიყო, ამიტომ მინდოდა ყველა დეტალი ისე გამოსულიყო, როგორც პირველივე დღიდან წარმომედგინა, ამის რეალობაში მოყვანაში კი Consulting group Magsman დაგვეხმარა, რომლის არტ დირექტორი ლუკა ზარანდია და კრეატიული დირექტორი სონია გულაღაშვილია (სონიკი).
M: MEOW შეიქმნა მათთვის, ვინც…
hardcore გართობას აპირებს.
M: სად გაიყიდება MEOW და რას გეგმავთ მომავალში?
ჯერჯერობით ონლაინ VELI.STORE-ზე, კლუბ Left Bank-ში, TES-ში, რესტორან LOLITA-ში და MTA-ში გუდაურში. სამომავლოდ MEOW BAR-ის გახსნა გვინდა, სადაც Special Chacha Cocktail-ებს შემოგთავაზებთ, ამერიკაში იმპორტი და საკუთარი საწარმოს გახსნაც ჩვენი სამომავლო გეგმების სიაშია.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი