22
Jan
2019

„შეიძლება, ჩვენი საუბარიც ჩემი ნახატის პერსონაჟად იქცეს“ – მერაბ გაგილაძე

22 Jan 2019

მერაბ გაგილაძის გამოფენებს ჰოლანდიაში, ესპანეთში, გერმანიაში, აშშ-ში, ბელგიასა თუ თურქეთში შეხვდებით, თუმცა, არა საქართველოში. ცელქობის გამო სკოლიდან გაგდებული სამოსანი მოსწავლე დღეს მსოფლიოში ცნობილი მხატვარია და მისი ფერწერული ნამუშევრები ისევ თბილისში იქმნება. ხშირად ჰგონიათ, მისი ნახატები რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოების ილუსტრაციებია, თუმცა სინამდვილეში, მათი მეშვეობით მერაბი თანამედროვე სამყაროს პრობლემებზე რეაგირებს და მათ შუასაუკუნეების სტილში „მოსავს“. ლიტერატურული არა, თუმცა, ეს არის ფერწერული ნაწარმოებები საკუთარი პერსონაჟებით, რომლებიც სრულფასოვან ამბებს გვიყვებიან.

მერაბ გაგილაძის ფერწერა ერთგვარი ფერადი გრაფიკაა, რომელსაც, მსოფლიოს მაშტაბით, სხვადასხვა პროფესიონალი კავკასიურ დეტალებს ამჩნევს. მერაბი ამბობს, რომ ეს იმ ენერგიის ბრალია, რომელიც ქართული კულტურის ნაწილობას სდევს თან. სანამ მის შემოქმედებასა თუ ცხოვრებაზე (თუ ეს ერთი და იგივე რამ არ არის) დეტალურად მოგიყვებოდეთ, გიამბობთ მის ბავშვობაზე – პერიოდზე 90-იანებამდე და 90-იანების შემდეგ:

სულ რაღაცას ვხატავდი. არ ვიცი როდიდან, მაგრამ მახსოვს, რომ სულ მინდოდა ეს საქმე მეკეთებინა. არც კოსმონავტობა მინდოდა, არც ფეხბურთელობა. დამცინოდნენ ხოლმე. დიახ, სასაცილო იყო მაშინდელ საქართველოში მხატვრობაზე ფიქრი, თუმცა, სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია“.

M: სხვა მიმართულებები არასდროს გიტაცებდათ?
აბსოლუტურად არა. მყარი სამოსანი ვიყავი ყველაფერში. მასწავლებლებიც ხელს მიწყობდნენ, რომ ოღონდ ჩუმად ვყოფილიყავი, ვმჯდარიყავი კუთხეში და ჩემთვის მეხატა. ერთი კარგი რამე ქნეს, რომ სადღაც მერვე კლასიდან, რა თქმა უნდა, ცელქობის, თუ უაზრო ქცევის გამო, გამაგდეს 54-ე სკოლიდან. ამის შემდეგ, სამი წელი თოიძეში ვსწავლობდი. ეს იყო „ტექნიკუმის“ მაგვარი რამ, სადაც მხატვრული გარემო იყო და ჩემი ინტერესის მიხედვით გავდიოდი საგნებს. იქ იყო ძალიან საინტერესო განხრა – კერამიკის მოხატვა. უცებ, არაფრისგან კერამიკის ფორმებს ვაკეთებდი და ვხატავდი. ძალიან საინტერესო იყო ამ მასალაში მუშაობა.

M: თოიძის შემდეგ?
პირდაპირ სამხატვრო აკადემიაში წავედი. დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე გავაგრძელე სწავლა. იქ სულ სხვა, სპეციფიკური ცოდნა მივიღე –  ლითოგრაფია, ოლფორტი, ლინოგრავიურა, უძველესი ტექნოლოგიები, რომლებშიც დღეს, ენთუზიასტების გარდა, აღარავინ მუშაობს.

მშობლებს არ ჰქონდათ არანაირი შეხება მხატვრობასთან. დედა ექიმი იყო, მამა ინჟინერი. ჩემი სტუდენტად გახდომის დროს, ეს იყო 1990 წელი, საშინელი პერიოდი დაემთხვა… უშუქობა, ომი და ვეღარც მშობლები მუშაობდნენ“.

M: ეს იყო 90-იანების პერიოდი… როგორ წარმოგედგინათ მაშინ, რომ მხატვრობით ცხოვრებას შეძლებდით?
მაშინ ცოტა უცნაურად ჩანდა, როგორ შეიძლებოდა მხატვარს ამით ეცხოვრა. მაგრამ ოჯახი შევქმენი, შვილთან ერთად სხვა პასუხისმგებლობებიც გაჩნდა და დავიწყე ამ საქმის კომერციულად ყურება. მანამდე, თუ სუფთა შემოქმედებითად ვუყურებდი ამ ყველაფერს, უკვე დავიწყე მცდელობა, კომერციულ მხარეზეც მომერგო და როგორღაც, ნამუშევრების რეალიზება მომეხერხებინა. მაშინ ეს წარმოუდგენელი სფერო იყო, მაგრამ რაღაცებს ვახერხებდით, გამოფენებს ვაკეთებდით, მერე ნელ-ნელა მივხვდით, რომ გამოფენებსაც არ ჰქონდა აზრი.

M: რას ჰქონდა აზრი? ანუ როგორ იპოვეთ გზა, რომელიც თქვენს მხატვრობას კომერციულადაც გაამართლებდა?
რუსთაველზე რომ ტანკები იდგნენ, ომი იყო და გაჭირვება… როგორ გაჭირვებაზეა საუბარი? – ჩვენ მივდიოდით კუსტბის ტერიტორიაზე, ტყეში და შეშა მოგვქონდა. ფეჩს ვანთებდით და მთელი სამეზობლო ერთად იკრიბებოდა. ასეთ დღეში რომ ხარ და ნახატს ჩაიტან სანაპიროზე, წარმოუდგენელია მისი გაყიდვის იმედი გქონდეს. თუმცა, მაინც ჩაგვქონდა… 30$ მომცეს ერთხელ, ერთხელ 50$, ოღონდ ეს ისე მახსოვს, რომ არასდროს დამავიწყდება. დღემდე არ ვიცი ვინ ყიდულობდა.. მაგრამ ფაქტია, ყიდულობდნენ. სადღაც 1993, ან 1994 წელი იყო. ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როცა აკადემიაში შეწყდა სასწავლო პროცესი, არაფერი აღარ ხდებოდა. მივდიოდით, ერთმანეთს ვნახულობდით, ვსაუბრობდით, ვსვამდით. მერე უცხოელები ჩამოვიდნენ და ერთ-ერთ ამერიკულ სასტუმროში გვქონდა პატარა ოთახი, პატარა გამოფენასავით. ამის შემდეგ, ნელ-ნელა დავიწყე ფერწერაში მუშაობა, მანამდე გრაფიკის მიმართულებით ვმუშაობდი. ქართველებს არ გვიყვარს ეს სიტყვა – ბაზრის მოთხოვნები, მაგრამ უცხოური გადმოსახედიდან ეს სხვა რამეა. მხატვრობა არ არის მხოლოდ შემოქმედება. ეს უზარმაზარი ინდუსტრიაა. რუსეთში იყო ჯერ კიდევ მოძრაობა და იქ რამდენიმე გამოფენა-გაყიდვაში მივიღე მონაწილეობა. შემდეგ კი, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ.

M: ხშირად, თქვენს ნახატებს ლიტერატურული ნაწარმოებების პერსონაჟებად აღიქვამენ… სინამდვილეში, საიდან მოდიან ისინი? 
ეს არის ჩემი ფიქრების ილუსტრაციები მხოლოდ. რეალურად, ეს პერსონაჟები ძალიან ჩვეულებრივი ტიპები არიან. აი, შეიძლება ჩვენი საუბარიც ჩემი ნახატის პერსონაჟად იქცეს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხატვისას შუასაუკუნეების პერიოდში გადადის, თუმცა პრობლემები და თემატიკა არის ძალიან თანამედროვე. თუნდაც, ამასწინათ, ვუყურებდი ჩემს შვილსა და მის მეგობრებს. გვერდიგვერდ სხედან და ყველა ტელეფონშია ჩამძვრალი. კითხვის დასმის შემდეგ მითხრეს, რომ კომუნიკაციას ასეც ახერხებენ… ეს თემა გახდა ერთი ნახატის სათქმელი. ოღონდ იქ კომუნიკაციის პრობლემა ანგელოზის მიერ წერილის მიტანით გამოვხატე… მაინც, ერთ სახლში ვართ, მაგრამ ხმა რომ გავაგონო ოჯახის წევრებს, მესიჯის გაგზავნა გვჭირდება.

M: რას გვეუბნებით ნახატებით? 
რა პრობლემასაც არ უნდა შევეჯახო, შეიძლება პათეტიკური გამოდის, მაგრამ საბოლოოდ, ყველა პრობლემა მიდის სიყვარულის უქონლობასთან. ადამიანი იმდენად იცლება ამ თანამედროვე სამყაროში, იმდენად მარტოვდება… სიყვარულის აშკარა დეფიციტია ყველგან და ყველაფერში, სიყვარულის განცდის პრობლემა გვაქვს. ჩემს ნახატებში აბსოლუტურად ყველგან სიყვარულია. სიყვარული ყველაფრის – ადამიანის, ცხოველის, ფრინველის, ბუნების მიმართ. სიმბოლოებში გადამყავს ხოლმე ხშირად და სიყვარულის მაძიებელი პერსონაჟებს ვხატავ. ვცხოვრობთ, დავდივართ, რაღაცებს ვაკეთებთ და ვაღწევთ, თუმცა, მექანიკური ცხოვრების მიღმა, ყველას ბედნიერების ძიება გვამოძრავებს. ეს ბედნიერება არ არის რაღაც მანქანის ყიდვაში, ეს არის თუ როდესმე იმ სიყვარულს განიცდი. ამისთვის ვნადირობთ მუდამ. ზოგი აცნობიერებს ამას, ზოგი საერთოდ ვერ. მოშინაურებულმა კატამ, ან ძაღლმა, ან ბეღურამ გაცილებით მეტი სიყვარულის განცდა და ბედნიერება შეიძლება მოგცეს, ვიდრე რაღაც სოციალურმა აღიარებამ.

M: შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენი პერსონაჟები ეძებენ, პოულობენ და აჩვენებენ სიყვარულს?
დიახ. ყოველ შემთხვევაში, ცდილობენ ძალიან. დროის მომენტებია ხშირად, ის რომ ვერ ვხვდებით და რამდენად ფუჭად ვკარგავთ რაღაცებში დროს და ვერ ვხვდებით მთავარი მომენტები როგორ გვეკარგება. „გუგლი“ მიჩვენებს, რომ კონკრეტულ ქალაქში ვიყავი, მაგრამ ის რეალურად არ მინახავს. საქმეზე ჩავედი და წამოვედი, არ მეცალა. მერე გული გწყდება, რომ იქ იყავი და ახალი რამ ვერ შეიცანი.

M: რა შეგრძნებაა ნამუშევრების გამოფენა? როცა გამოფენთ თქვენს ფიქრებს და როცა მოდის დამთვალიერებელი?
ძალიან კარგი გრძნობაა და ასევე, ძალიან ცუდიც. ეს ისეთი რთული მომენტია, ძალიან ინტიმური რამეა და თითქოს შიშველი ხარ. სულ ეჭვის მომენტი გაქვს – ადამიანი რომ მიქებს ნახატს გულწრფელია, თუ არა. თუმცა, გამოვიმუშავე ერთი მარტივი პრინციპი – როცა ადამიანი 7 000 დოლარს იხდის ნახატში, უკვე წყნარად ვარ, ე.ი. მოსწონს ნამდვილად. არასდროს არავის ვჩუქნი ნახატს, ზუსტად ამ ეჭვიანობის გამო. შეიძლება გაჩუქო და მითხრა, დიდი მადლობა, მაგრამ მერე ვნერვიულობ. იქნებ არ მოსწონს, იქნებ ვერ დაინახა ნახატი და ეს საშინელი განცდაა.

M: თუ არის რამე, რის დატოვებას საკუთარი თავისთვის ამჯობინებდით და არ დახატავდით? ინტიმურობაზე საუბრობდით… ვგულისხმობ ისეთი რამეს, რაც ძალიან „შიშველს“ გაგხდიდათ?
ნეტა შევძლო. უბრალოდ, რაც უფრო სიღრმეში ჩავდივარ და რაც უფრო მეტად ვცდილობ გაშიშვლებას, უფრო რთულია. მხატვრები გამოსავალს ვნახულობთ მინიშნებებში და არა თქმაში. ძალიან რთულია, რადგან ბოლომდე შეცნობილი საკუთარი თავი არ გაქვს და იმის ვიზუალიზაცია, რაც შენ თვითონაც არ იცი, რთულია. პატარა დეტალებს ვიჭერთ ჩვენს თავში და იმას გამოვხატავთ ტილოზე. ყველა მხატვარი ამას ცდილობს და ყველას არ გამოსდის, მაგრამ ზოგიერთებმა შეძლეს. რემბრანტმა, მაგალითად.

M: რომელიმე გამოფენის დროს, თუ შეძელით ამ ხელოვანის ეჭვსა და შიშს გაქცეოდით?
ეს იყო ჰოლანდიაში, სადაც ჩემი რამდენიმე ნამუშევარი იყიდეს ჩემმა კოლეგებმა – მხატვარმა, მოქანდაკემ და კერამიკოსმა. განსაკუთრებულად მიხაროდა ამ დღეს, ეს კონკურენტის მხრიდან აღიარება იყო. ხელოვანები იყვნენ, ვისაც, ვიცი, სხვა თვალი აქვთ, სხვაგვარად აფასებენ ნამუშევრებს. მათ თუ მოეწონათ და შეიძინეს, ე.ი. ნამდვილად ღირებული რამ შემიქმნია. დიდი ხანი ვისაუბრე კიდეც მათთან. ყოფილა შემთხვევები, როცა დილერს მოუწერია, რომ დიდმა კოლექციონერმა იყიდა ჩემი ნახატი, თუმცა ეს ნაკლებად ღირებული აღმოჩნდა ჩემთვის, ვიდრე ეს იყო.

„ხატვისას დამოკიდებული ხარ არამხოლოდ საკუთარ სურვილებსა და განწყობებზე. როცა პროფესიონალურად უდგები ამ ყველაფერს როცა იცი, რომ კონკრეტულ რიცხვში გამოფენა გაქვს და 12 ნამუშევარი გჭირდება, ზიხარ და მუშაობ ამისთვის. ხშირად, იწყებ ხატვას ემოციურად, განწყობა იცი მხოლოდ და შემდეგ, მიდიხარ იდეამდე, შეკრავ და დაასრულებ რაღაც ნაწარმოებს. წინასწარ ამ ყველაფერზე რომ იფიქრო, შეიძლება გაგიჟდე, უბრალოდ. ბევრი ჩემი მეგობარი 2 თვე არ დახატავს ხოლმე, განწყობას ელოდება. მე ამის ფუფუნება არ მაქვს, როცა მოთხოვნა არსებობს. ეს ისეთი ბიზნესია, დიახ, ბიზნესი, სადაც თუ 3 თვე გაჩერდები, 3 წლით უკან დაიწევ. უცხოეთში სხვა საზომია და სხვა ტემპი. გამოდის, რომ მე უბრალოდ, აქ ვმუშაობ და იქ ვცხოვრობ“.

 

ავტორი: ხატია თორდუა



განხილვა