ასოციაცია „ქართული ღვინისა” და შატო მუხრანის ორგანიზებით, 2 ივნისს შატო მუხრანში „მერანოს” რიგით მე-3 ღვინის ფესტივალი გაიმართება. ეს ფესტივალი საქართველოში მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური ქართული ღვინის აღმოჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთან, ღვინის გარდა, ფესტივალის განუყოფელი ნაწილია გასტრონომული გამოცდილების გაზიარება და მიღებაც.
საქართველოში, მერანოს ფესტივალი უკვე მესამედ ტარდება. გამორჩეული იქნება წლევანდელი საფესტივალო პროგრამაც, რომელიც მრავალ ადამიანს უმასპინძლებს. თუ როგორ მიმდინარეობს ღონისძიებისთვის მზადება, ასოციაცია „ქართული ღვინის” ღონისძიებების ხელმძღვანელი, დეა მეტრეველი და შატო მუხრანის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ ბუაძე მოგვიყვებიან.
M: როგორი იქნება წელს მერანოს ღვინის ფესტივალი შატო მუხრანში და რა გამოცდილებას ჰპირდებით სტუმრებს?
თამარ ბუაძე:
წელს ფესტივალი 2 ივნისს, კვირას, შატო მუხრანში გაიმართება, დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე. ჩვენი დახურული სივრცეები, სასახლე და „ორანჟერეა“, ასევე ღია სივრცე, სრულად დაეთმობა ფესტივალს.
რაც შეეხება უშუალოდ პროგრამას, ის წელს კიდევ უფრო მრავალფეროვანია. ფესტივალი მეღვინეებთან პირადად შესახვედრად და მათთან ერთად განსაკუთრებული ღვინის სახეობების დასაგემოვნებლად საუკეთესო შესაძლებლობაა. წელს მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ და შეიძინონ ფესტივალზე წარმოდგენილი 350-ამდე დასახელების ქართული, ფრანგული, სამხრეთ აფრიკული, იტალიური, პორტუგალიური, სომხური ღვინო. ასევე, წარმოდგენილი იქნება გასტრონომიული პროდუქტები. სასახლის ზამთრის ბაღში კი საერთაშორისო ღვინის დეგუსტაციებს დაესწრებიან.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება კულინარიული მასტერკლასები, რომლებსაც მიშლენის გზამკვლევის სიაში შესული რესტორნის ჰოლანდიელი შეფმზარეული, რუდოლფ ვან ნუნენი და ქართველი შეფმზარეული ალექსანდრე ტატიშვილი გაუძღვებიან.
ასევე დაეთმობა დრო ღვინის სემინარს, რომელსაც დათო გორგილაძე გაუძღვება საინტერესო სპიკერებთან ერთად ისაუბრებს არაერთ აქტუალურ და საინტერესო თემაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, ღვინის კულტურას ეხება და არა მხოლოდ.
გარდა ამ მრავალფეროვანი პროგრამისა, სტუმრებს საშუალება ექნებათ, გაისერინონ ტყე-პარკში და მონაწილეობა მიიღონ ღვინით ხატვის მასტერკლასში, ითამაშონ ვინოპოლია, გაერთონ და დაისვენონ სპეციალურად მოწყობილ საკვებ და გასართობ ზონაში.
M: როგორ მოვიდა მერანო საქართველომდე?
დეა მეტრეველი:
უკვე 15 წელია, რაც საქართველო ცნობილ იტალიურ „მერანოს ღვინის ფესტივალთან” თანამშრომლობს და ყოველწლიურად ქართულ ღვინოს წარვადგენთ იტალიაში. ხანგრძლივი თანამშრომლობისა და მჭიდრო ურთიერთკავშირის შედეგად, საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც 2022 წელს უმასპინძლა მერანოს ღვინის ფესტივალს. ეს ერთ-ერთი წამყვანი და უნიკალური ფესტივალია მსოფლიო მასშტაბით, არა მარტო ღვინის, არამედ გასტორნომიული პროდუქტების წარდგენის კუთხითაც.
შესაბამისად, იგი ხაზს უსვამს საქართველოს განუყოფელ როლს ევროპული ღვინის კულტურაში და საშუალებას გვაძლევს, გავიზიაროთ ჩვენი საერთო მისწრაფება და ღირებულებები, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვენი პარტნიორების მონაწილეობა და მხარდაჭერა.
ასევე, მსურს აღვნიშნო, რომ ფესტივალის მასშტაბი გაიზარდა და სულ უფრო მეტი ერთგული მონაწილე თუ მხარდამჭერი გვყავს ყოველ წელს, რომელთა წვლილიც დიდია ამ ფესტივალის წარმატებით ჩატარებაში. წლევანდელი მერანოს ღვინის ფესტივალის მხარდამჭერები არიან:
ფავორიტი/კოლორ პაკი, USAID, Georgia, Embassy of Italy, აგროჰაბი, ბორჯომი.
M: რა არის ამ ფესტივალის იდეა და მიზანი?
თამარ ბუაძე:
ამ დროის განმავლობაში ფესტივალი გაიზარდა როგორც მონაწილეთა, ასევე სტუმართა რაოდენობით და იგი ღვინის პროფესიონალებისა და მოყვარულების შეხვედრის ტრადიციულ ადგილად იქცა. ფესტივალი, როგორც უკვე აღინიშნა, მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური ღვინის აღმოჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება და, შესაბამისად, მონაწილე მეღვინეობები სხვადასხვა ქვეყნიდან და მათ მიერ წარმოდგენილი მაღალი ხარისხის პროდუქტები ამ ღირებულებების დასტურია. იგივე ეხება წარმოდგენილ გასტრონომიულ პროდუქტებს, რომლის დაგემოვნება და შეძენაც ადგილზე არის შესაძლებელი. ვცდილობთ, ყოველწლიურად გაიზარდოს მასშტაბი, უფრო მეტი უნიკალური და მაღალი ხარისხის მწარმოებელი გავაცნოთ მოსულ სტუმრებს, როგორც ღვინის ასევე გასტრონომიის მიმართულებით. ამ დონის და მასშტაბის საერთაშორისო ფესტივალი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოში და, შეიძლება ითქვას, რეგიონშიც, შესაბამისად, დიდია მეზობელი ქვეყნების დაინტერესებაც, რაც თავისთავად ხელს უწყობს ქართული ღვინის კულტურის ევროპულ და ზოგადად, საერთაშორისო ასპარეზზე საუკეთესოდ წარმოჩენას.
„მერანოს ღვინის ფესტივალი” პირველად 1992 წელს იტალიაში, ქალაქ მერანოში გაიმართა. ეს იყო პირველი ღვინის ფესტივალი ევროპაში, რომელიც დროთა განმავლობაში არა მხოლოდ იტალიის, არამედ მსოფლიო მასშტაბით წამყვან მოვლენად იქცა ღვინის ინდუსტრიაში. ფესტივალი ღვინისა და საკვების მწარმოებლებს, გურმანებს, ღვინის მოყვარულებს და, უბრალოდ, დაინტერესებულ ადამიანებს მასპინძლობს.
ბილეთები იყიდება ონლაინ, შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
[R]